ავტორი:

მთაში საკითხავი წიგნები

მთაში საკითხავი წიგნები

ზაფხული, მთა, სუფთა ჰაერი, ჰამაკი და ბევრი, ბევრი წიგნი – ეს არის ის, რაზეც მთელი წელი ვოცნებობთ ხოლმე. ცხოვრების გადატვირთული რეჟიმის გამო დასვენებას, წიგნების კითხვას, განტვირთვას თითქმის ვერ ვახერხებთ. ზაფხული კი ამისთვის საუკეთესო დროა. ასე რომ, კომფორტულად მოკალათდით და მთაში გასამგზავრებელ ჩანთაში ეს წიგნები მოიმარაგეთ.

ჯეკ ლონდონი „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“

უზრუნველი, ბედნიერი ცხოვრების გზა, რომელსაც მშვიდად მიუყვებიან პაოლა და დიკი, მაშინ იცვლება, როცა მათთან სტუმრად დიკის მეგობარი ჩადის. კაცს თავდავიწყებით უყვარდება მეგობრის მეუღლე. პაოლას? შესაძლებელია ქალს ორი მამაკაცი უყვარდეს? და თუ მაინც ასე მოხდება, რაშია გამოსავალი? სასიყვარული სამკუთხედის ამაღელვებელი ამბავი გულგრილს არავის დატოვებს.

ვაჟა–ფშაველა - მოთხრობების კრებული

მთას, ბუნების სიცოცხლესა და მრავალფეროვნებას ვაჟა–ფშაველა საუკეთესოდ აღწერს, ამიტომ მთის მთელი არსებით შესაგრძნობად მისი მოთხრობების კრებულს გირჩევთ. ვაჟას მიწიერი და ამავდროულად ამაღლებული სიტყვა, ბუნების ჰარმონია, ცხოველები, ფრინველები და ადამიანები, რომლებშიც საკუთარ თავს ვხედავთ ხოლმე, ზაფხულის გრძელ დღეებში ბევრ საფიქრალს დაგიტოვებთ.

ემილი ბრონტე „ქარიშხლიანი უღელტეხილი“

„ის ღამე როცა "ქარიშხლიანი უღელტეხილის" კითხვა დავიწყე, კარგად მახსოვს და მგონი, არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კი ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი" - ასე აფასებს აკა მორჩილაძე ამ რომანს, რომელიც თქვენში ასეთსავე მძაფრ ემოციებს გამოიწვევს.

მიხეილ ჯავახიშვილი „თეთრი საყელო“

„თეთრი საყელო” 1926 წელს დაიწერა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართული რომანია. ქართველმა რომ თეთრი საყელო გაიკეთა, რჯულიც სხვისი მიიღო - ნაწარმოებში ასახულია ცივილიზაციისა და ადათ-წესების ჭიდილი. სხვათაშორის, მიხეილ ჯავახიშვილმა ეს რომანი საკუთარ მეუღლეს მიუძღვნა.

ჯონ კრაკაუერი – „ველურ გარემოში“

კრისტოფერ მაკ-კენდლესის ცხოვრება ახდენილ ამერიკულ ოცნებას ჰგავდა. ღირებულებების გადაფასებისა და ყოველივე მატერიალურის უარყოფის შემდეგ ემორის უნივერსიტეტის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა მთელი დანაზოგი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, დაწვა ფული, დაჭრა ყველა საბუთი და უბრალოდ წავიდა. ჯონ კრაკაუერმა ფაქტობრივ მონაცემებსა და მოგონებებზე დაყრდნობით აღადგინა შთამბეჭდავი ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

ჯონ აპდაიკი – „ბრაზილია“

ამ წიგნში თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია მოთხრობილი. კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო - რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი, შემთხვევით გაიცნობს იზაბელს, ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ახალგაზრდები თვლიან, მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს.

სკოტ ფიცჯერალდი „სამოთხის ამ მხარეს“

ფიცჯერალდის სადებიუტო რომანი პირველად სამი წლის წინ ითარგმნა ქართულად . წიგნში მოთხრობილია ისტორია პრინსტონის პრივილეგირებული სტუდენტის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღმოაჩენს, რომ სასწავლებლის გარეთ ცხოვრება სულ სხვანაირია და თავის დასამკვიდრებლად ბრძოლის იწყებს. ამ წიგნის სიუჟეტი, ალბათ, ბევრი სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის იქნება ნაცნობი.

სტანისლავ ლემი – „სოლარისი“

თქვენ წინაშეა სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრი. იდუმალი პლანეტა სოლარისი – მოაზროვნე ოკეანე – აუხსნელი მოვლენებით აოცებს და უამრავ თავსატეხს უჩენს უცხო ცივილიზაციებით დაინტერესებულ დედამიწელებს. სად გადის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის... ან იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის წარმოსახვით სამყაროში ხდება?!

ჩარლზ დიკენსი – „ნიკოლას ნიკლბი“

მამის სიკვდილის შემდეგ, ნიკოლას ნიკლბი დედასა და დასთან ერთად მიდის ლონდონში, რათა დახმარება სთხოვოს მდიდარ ბიძას, რალფ ნიკლბის. რალფი, ნიკოლასს იორკშირში, კერძო სკოლის მეპატრონესთან აგზავნის. აქედან იწყება ნიკოლასის შთამბეჭდავი და ემოციებით აღსავსე თავგადასავალი.

ერიხ მარია რემარკი – „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“

რომანი მოგვითხრობს ოცდასამი წლის გერმანელ ჯარისკაცზე, ერნსტ გრებერზე, რომელიც ორწლიანი ლოდინის შემდეგ, სამკვირიანი შვებულებით გერმანიაში, მშობლიურ ქალაქ ვერდენში დაბრუნებული, მწარე სინამდვილის წინაშე აღმოჩნდება - მისი სახლი საჰაერო თავდასხმების შედეგად ნანგრევებად ქცეულა, მშობლები კი უკვალოდ დაკარგულან. თავგზააბნეულ ერნსტს ახსენდება იმ ექიმის მისამართი, რომელიც დედამისს მკურნალობდა. ექიმი უკვე საკონცენტრაციო ბანაკში წაეყვანათ გესტაპოელებს, მისი ქალიშვილი, მშვენიერი ელიზაბეტი კი მთავარ გმირს უსაზღვროდ უყვარდება.

თუკი უკვე ათივე წიგნი მოიმარაგეთ, ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ მთაში, ევროპაში, ბრაზილიასა და კოსმოსში!

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს