ავტორი:

36 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას იდუმალებით მოცული საქმე - რა კავშირშია ვატიკანი ემანუელა ორლანდის ამბავთან?

36 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას იდუმალებით მოცული საქმე - რა კავშირშია ვატიკანი ემანუელა ორლანდის ამბავთან?

ტევტონის სასაფლაო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოში - ვატიკანში მდებარეობს, არც ისე შესამჩნევი ადგილია. უცხო თვალისგან სასაფლაოს მაღალი კედლები იცავს, მის სიახლოვეს წმინდა პეტრეს ცნობილი ტაძარია.

ტევტონის სასაფლაოზე, როგორც წესი, კათოლიკური ორგანიზაციების თანამშრომლებს კრძალავენ, რომელთა მშობლიური ენა გერმანულია. ტურისტებს ამ ადგილას არ უშვებენ. მათ მხოლოდ კარიბჭესთან მისვლა შეუძლიათ, რომელსაც ერთადერთი შვეიცარიელი გვარდიელი იცავს.

სასაფლაო ინახავს საიდუმლოს, რომელიც უკვე 36 წელია იტალიელების გონებას აშფოთებს: 15 წლის ემანუელა ორლანდის გაუჩინარებას.

სამართალდამცველები დღეს სასაფლაოზე ორი სამარხის ეგსჰუმაციის მიზნით მივიდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ნეშტი შესაძლოა სამი ათწლეულის წინ გაუჩინარებული გოგონასი იყოს...

რა ბედი ეწია ემანუელას?

1983 წლის 22 ივნისს, 15 წლის ემანუელა ფლეიტაზე დაკვრის გაკვეთილიდან ბრუნდებოდა. ის უკანასკნელად რომის ცენტრში ავტობუსის გაჩერებაზე შენიშნეს, ამის შემდეგ ის უბრალოდ გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ამ დღის შემდეგ არ წყდება ეჭვები იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მას მოსვლოდა - იქნებ გაიტაცეს და მოკლეს? თუ ასეა, მაშინ სხეული სად არის? ეს კითხვები 36 წლის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს.

ძიების პროცესში გოგონას ოჯახის წევრები ყველა ჭორსა და ვერსიას მიჰყვებოდნენ და ამოწმებდნენ. ემანუელას მამა ვატიკანში მუშაობდა და გოგონას გაუჩინარებას ხშირად და აქტიურად უკავშირებდნენ ამ ფაქტს, მაგრამ იყო თუ არა რეალურად რაიმე სახის კავშირი, ჯერ დადგენილი არ არის.

"ხშირად მეუბნებოდნენ, თავი დამენებებინა ამ ყველაფრისთვის, არ მეფიქრა და ცხოვრებით დავმტკბარიყავი, მაგრამ არ შემიძლია. სანამ არ გავიგებ, რა შეემთხვა ჩემს დას, იქამდე ვერ მოვისვენებ“ - ამბობს BBC-ის რეპორტიორთან საუბარში ემანუელას უფროსი ძმა პიეტრო.

რატომ ტევტონის სასაფლაო?

2019 წლის მარტში ორლანდების ოჯახმა ანონიმური წერილი მიიღო. მასში ვატიკანში მდებარე ტევტონის სასაფლაოზე ერთ-ერთი სამარხის თავზე მდგარი ქვის ანგელოზის ამსახველი ფოტო იდო.

ოჯახმა ივარაუდა, რომ ეს შესაძლოა, იმ ადგილის მანიშნებელი ყოფილიყო, სადაც ემანუელა განისვენებდა. ორლანდებმა ვატიკანს თხოვნით მიმართეს, საფლავის გახსნის ნება დაერთოთ, თუმცა აქამდე სასულიერო პირები ოჯახის დახმარების დიდი სურვილით არ გამოირჩეოდნენ.

"მათ თავისთვის გადაწყვიტეს, რომ საქმე დახურულია. პაპი ფრანცისკეს დროს, სასაფლაოს კედლები კიდევ უფრო მაღალი გახდა. პაპს მისი არჩევიდან რამდენიმე დღეში შევხვდი (2013 წელს) და მან მითხრა: "ემანუელა ზეცაშია". ვიფიქრე, რომ რომის პაპმა რაღაც იცოდა. ამის შემდეგ, რამდენჯერმე ვცადე მასთან შეხვედრის დანიშვნა, რათა აეხსნა რა ჰქონდა მხედველობაში, თუმცა პაპმა ფრანცისკემ ჩემთან შეხვედრა აღარ მოისურვა“, - განმარტავს ემანუელას ძმა.

ოჯახმა ვატიკანს კიდევ ერთხელ, ამჯერად ოფიციალური თხოვნით მიმართა, რათა მათთვის სამარხის გაჭრის უფლება მიეცათ. ვატიკანის სასამართლომ თხოვნა დააკმაყოფილა.

რის გაკეთებას აპირებს ვატიკანი?

"ეს პირველი დემონსტრირებაა ვატიკანის მხრიდან, რომ ის რეალურად განიხილავს ემანუელას გაუჩინარების საქმეში ვატიკანიდან კონკრეტული პირის პასუხისმგებლობას" - მიიჩნევს პიეტრო ორლანდი.

თუმცა, ვატიკანის პრესსამსახური მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ პოლიცია უბრალოდ ამოწმებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ემანუელას სხეული შესაძლოა, ტევტონის სასაფლაოზე იყოს დაკრძალული. ემანუელას გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება არ იქნება - ეს იტალიის ხელისუფლების პრეროგატივაა, რომელიც ვატიკანის იურისდიქციაში არ ექცევა.

ორლანდების ოჯახს ნება დართეს, ორი სამარხის გახსნის პროცესს დასწრებოდნენ, იქ იქნებიან იმ ადამიანების ოჯახის წევრებიც, ვინც ამ სამარხებში არიან დაკრძალულნი. ამის შემდეგ, დნმ-ის ანალიზის გასაკეთებლად ნიმუშს აიღებენ, შედეგებს კი ოჯახები რამდენიმე კვირაში მიიღებენ.

"თუ რომელიმე სამარხში ემანუელას ნეშტი აღმოჩნდება, დედაჩემისთვის ეს ნამდვილი ტანჯვა იქნება. ის ჯერ კიდევ ვატიკანში ცხოვრობს, სასაფლაოდან 200-300 მეტრში. თვითონ ის, რომ ამდენი ხანი ასე ახლოს იყო ემანუელასთან და ამის შესახებ არც ეჭვობდა... ამის ძალიან მეშინია. და სიმართლე გითხრათ, ვიმედოვნებ, რომ ემანუელა იქ არ არის..." - ამბობს გაუჩინარებული გოგონას ძმა.

ძმის უკანასკნელი მოგონება

პიეტრო ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ მისი და შეიძლება ცოცხალი იყოს. ის იმ დღეს იხსენებს, როდესაც ემანუელა უკანასკნელად ნახა.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავი ერთმანეთთან. ორივეს მოგვწონდა მუსიკა. ის ცდილობდა ჩემთვის შოპენის შემოქმედებიდან ერთი მონაკვეთის დაკვრა ესწავლებინა. ნოტების ორი გვერდი დავისწავლეთ, შემდეგ კი გაუჩინარდა... იმედი მაქვს ოდესმე დაბრუნდება და დანარჩენსაც მასწავლის“ - ამბობს პიეტრო.

მას ერთი კონკრეტული ფიქრი არ ტოვებს.

"ჩვენმა უკანასკნელმა შეხვედრამ არასასიამოვნო გრძნობა დამიტოვა. მუსიკის გაკვეთილის გამო ვიჩხუბეთ. ძალიან ცხელოდა, მასთან ერთად არ წავედი, რადგან სხვა საქმეები მქონდა. ემანუელამ გასვლისას კარი გაიჯახუნა და ეს დამამახსოვრდა. არაერთხელ მიკითხავს საკუთარი თავისთვის: როგორ იქნებოდა ყველაფერი, მასთან ერთად რომ წავსულიყავი?"