ავტორი:

"ჟიურის ვკითხავდი: რატომ არ აქვთ ინტერესი ოთახში დამსვან და დაისვენონ ჩემი ბევრი კერძისგან?!" - შაინინა

"ჟიურის ვკითხავდი: რატომ არ აქვთ ინტერესი ოთახში დამსვან და დაისვენონ ჩემი ბევრი კერძისგან?!" - შაინინა

"მასტერშეფის" სამზარეულოში ექვსი კონკურსანტი დარჩა. თითოეულს განსაკუთრებული სტილი აქვს, რაც კერძების მომზადებაშიც ვლინდება და მათ დასახელებაშიც.

"გიზგიზა", "ჩუნგა-ჩანგა", "ფირალების ხონჩა" - საკმარისია ეს სახელები გავიგონოთ და მაშინვე მივხვდებით, რომ ისინი შაინინას ეკუთვნის - "მასტერშეფის“ ყველაზე ენამახვილ კონკურსანტს. რატომ ემთხვევა ხოლმე მისი და გიორგის კერძები ერთმანეთს, რა კითხვა აქვს ჟიურისთან და რომელმა კერძმა გაუცრუა იმედი, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- "მასტერშეფში" ბევრი გეგმით მოხვედი. შენი აზრით, შეძელი მათი განხორციელება?

- მე მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა და, საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა მომეცა. მაგალითად, ბებიაჩემის შინდის შეჭამანდი გახდა ერთ–ერთი საუკეთესო კერძის ტიტულის მფლობელი, რაც ძალიან მახარებს, რადგან ეს არის ერთ–ერთი ძველი რეცეპტი, რომელიც, მგონია, რომ უნდა დაბრუნდეს ქართულ სამზარეულოში.

სხვათაშორის, ამ გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მეპატიჟება თავისთან, რომ მოვუმზადო და დავაგემოვნებინო ეს კერძი. გულში ხინჯად მაქვს, რომ საკონდიტრო ნაწარმს, გულსართიანებს არ შევხებივარ და დედაჩემის რეცეპტების გამოყენება ჯერ ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედი მაქვს, მაგის დროც მოვა.

- ყოველთვის უცნაურ სახელებს არქმევ ხოლმე კერძებს. როგორ გაფიქრდება?

- მიმაჩნია, რომ ისევე როგორც ყველა ადამიანს, ასევე ყველა კერძს უნდა ჰქონდეს თავისი სახელი. მე ვფიქრობ, სამზარეულო – ეს არის შემოქმედება, ადგილი, სადაც იბადება ახალი კერძი და ყველა ახალ დაბადებულს სჭირდება თავისი ნათლობის სახელი. ჰოდა, მე ვნათლავ ამ ჩემს კერძებს. „გიზგიზა“ საინტერესოა იმ მხრივ, რომ ქართული სიტყვაა, თან მიგანიშნებს, რომ ეს კერძი ცხარეა.

"ჩუნგაჩანგაც" სპონტანურად მოვიფიქრე. ჯერ ერთი, კერძს რომ დახედავდით, მთელი ამ მზით და პატარა კუნძულებით მართლა ჩუნგაჩანგა იყო და თანაც ჩემს ბავშვობასაც დავუკავშირე და ასე შერჩა ეს სახელი. არ მგონია, რომ ვაჭარბებ სახელების მოფიქრებაში და მგონია, რომ თუ კულინარიის ნიჭი არა, სახელების დარქმევის ნიჭი ნამდვილად გამოვავლინე „მასტერშეფში“.

- ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ერთი კერძის ნაცვალდ სამს ამზადებ ხოლმე. ამაზე როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მშვენიერი. მე ვფიქრობ, გემრიელი რაც არის, ბევრი უნდა ჭამო. ბევრისგან მსმენია, რომ არ უყვართ ევროპაში რესტორანში წასვლა, რადგან იციან, რომ ძალიან პატარა ულუფას მოუტანენ. ქართველები კი მიჩვეული ვართ სამ– და ცხრასართულიან კერძებს და ესეც ალბათ, ჩემი გენეტიკური მახასიათებელია, რომ ერთის ნაცვლად სამ კერძს ვაკეთებ ხოლმე. უფრო მეტიც, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს ჩემთან ოჯახში, ერთი კარტოფილისგან 15 კაცს გავუმასპინძლდები 15 სხვადასხვა კერძით.

- როგორ ფიქრობ, რატომ ემთხვევა ხოლმე შენი და მანჯის კერძები ერთმანეთს?

- მიკვირდა და ვბრაზდებოდი კიდეც, როგორ ემთხვეოდა ჩვენ მიერ შერჩეული ინგრედიენტები ერთმანეთს, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა ის, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ასაკითა და პროფესიით ყველაზე ახლოსაა ჩემთან, არის მანჯი. ორივე ჟურნალისტები ვართ, ორივე ერთ უბანში ვცხოვრობთ და ალბათ, ამ ყველაფერმა განსაზღვრა ის, რომ ერთნაირ აქცენტებს ვაკეთებთ. ვის როგორ გამოგვდის, ეს უკვე ჟიურის შესაფასებელია.

- რა შეკითხვას დაუსვამდი ჟიურის?

- გულწრფელად მაინტერესებს, თავიანთი სურვილით ჩემს რომელ კერძს დააგემოვნებდნენ. ასევე, ვკითხავდი, თუ ხედავენ ჩემში პოტენციალს და ერთხელ მაინც რატომ არ გაუჩნდათ ინტერესი, „ემ კვადრატის“ ოთახში დავესვი და დაესვენათ ჩემი ბევრი კერძისაგან წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი