ავტორი:

აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა - კახა საბანაძე

აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა - კახა საბანაძე

როცა იწყებ აქციის დაშლას, ვერ გამორიცხავ, წყლის ჭავლი მოხვდება თუ არა ჟურნალისტს, - ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა. ამასთან, საბანაძე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა.

„მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც. მასაში ვერ გაარჩევ, ვინ არის მოძალადე და ვინ მშვიდობიანი მომიტინგე. წესით, იმ ღამეს იქ მშვიდობიანი მომიტინგის ადგილი აღარ იყო, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ იწყებოდა კანონისმიერი ზომების მიღება. როცა გამოვიდა წყლის ჭავლის მანქანა, იქ მშვიდობიანი მომიტინგეები არ უნდა დარჩენილიყვნენ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, კი, დაშავდნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა. როცა იწყებ აქციის დაშლას, ვერ გამორიცხავ, წყლის ჭავლი მოხვდება თუ არა ჟურნალისტს. როცა აქციის დაშლა იწყება, ხშირად შეუძლებელია გამიჯნო ჟურნალისტი მომიტინგეებისგან, როცა ის ექცევა საერთო მასაში. ამ პროცესს, ბუნებრივია, ახლავს დისკომფორტი, არასასურველი შედეგი და რისკები, ამისგან დაზღვეული არავინ ვართ. ჩვენ არ დაგვირბევია მშვიდობიანი მიტინგი, როგორც მავანს ამის თქმა სურს“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოლიცია 2 საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით იცავდა თავს და პარლამენტის შენობას შტურმისგან. კახა საბანაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც შეუძლებელი გახდა შტურმის შეკავება.

„პოლიცია დაახლოებით 2 საათი, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მხოლოდ ფარის ანაბარა იცავდა თავს და პარლამენტს აქტიური შტურმისგან. მაქსიმუმი კეთდებოდა იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აქტიური, კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებების გამოყენების გარეშე დაგვეცვა პარლამენტის შენობა, თუმცა 00:00 საათისთვის, შტურმის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გაიტაცეს 316 ფარი, პოლიციელებს წაართვეს ჩაფხუტები და ხელკეტები, გაიტაცეს 30 პოლიციელი და გაუსწორდნენ ფიზიკურად, გარდაუვალი გახდა აქციის დაშლა. ერთმა პოლიციელმა ცემისგან ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა... როცა 2 საათის განმავლობაში პოლიციელები იბრძვიან და იგერიებენ შემოტევას, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა შეკავება და იმისათვის, რომ პოლიციელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეგვენარჩუნებინა და ამავე დროს დაგვეცვა პარლამენტის შენობა ძალადობრივი შტურმისგან, იძულებული ვიყავით დაგვეწყო აქტიური საშუალებების გამოყენება“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს