ავტორი:

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნალექიანი და უნალექო ყავა და რა დოზით უნდა მიიღოთ კოფეინი დღის მანძილზე - ლაშა უჩავას რეკომენდაციები

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნალექიანი და უნალექო ყავა და რა დოზით უნდა მიიღოთ კოფეინი დღის მანძილზე - ლაშა უჩავას რეკომენდაციები

ყავა და ჩაი თანამედროვე ადამიანის საყვარელი სასმელი და დღის განუყოფელი ნაწილია. ორივე შეიცავს კოფეინს, რომელიც ორგანიზმისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რადგანაც მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ნერვული სისტემის მუშაობას. თუმცა, მისი არაზომიერი მიღება, სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

რა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის კოფეინის გადაჭარბებულ დოზას, რომელი ყავა უკეთესია - ხსნადი თუ ნალექიანი, შაქრიანი თუ უშაქრო და რა უნდა ვიცოდეთ ცივი ყავის დალევისას - AMBEBI.GE-ს ამ საკითხებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება.

"როგორც ნებისმიერი პროდუქტის, მათ შორის, კოფეინის დოზირებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჭარბი რაოდენობით მისმა გამოყენებამ შეიძლება, სხვადასხვა ტიპის დაავადება გამოიწვიოს. პირველ რიგში ეს გულსისხლძარღვთა დაავადებაზე აისახება, შეიძლება, არტერიული ჰიპერტენზია განვითარდეს. ვისაც უკვე აწუხებს არტერიული ჰიპერტენზია კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება (ჩაის, ყავის სახით) რეკომენდებული არ არის.

კოფეინის დიდი დოზა მოქმედებს კალციუმის ცვლაზე და იწყებს მისი ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოდევნას. ეს კი საბოლოოდ ოსტეოპენიას და ოსტეოპოროზს იწვევს (ოსტეოპენია ოსტეოპოროზის წინარე მდგომარეობაა). ვინც ამ დაავადებას მკურნალობს, მათთვის ჩაის და ყავის მიღება სასურველი არ არის. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ კოფეინის მიღება უპირატესად დღის პირველ ნახევარშია დაშვებული, ვინაიდან მას ორგანიზმზე მატონიზირებელი ეფექტი აქვს.

ე.წ. ნალექიანი ყავის დიდი რაოდენობით მიღებამ, შეიძლება, ორგანიზმში ნაღველ-კენჭოვანი დაავადება განავითაროს. ასევე, როდესაც ეს დაავადებები ორგანიზმში უკვე არსებობს, კოფეინის მიღება დაუშვებელია" - გვეუბნება ექიმი.

ლაშა უჩავა ყურადღებას ამახვილებს კოფეინის დადებით მხარეებზეც:

"კოფეინს ბევრი დადებითი ეფექტიც აქვს - მატონიზირებელია, ჩვენი ნერვული სისტემის, პულსაციის ასამაღლებლად ძალიან კარგია. მაშინ, როდესაც არის გადაღლილობა, დაძაბული სამუშაო გრაფიკი, დღის პირველ ნახევარში კოფეინის მიღება ორგანიზმს აცოცხლებს.

თუმცა, დამოკიდებულების ეფექტიც აქვს, მიჩვევა და ყავაზე დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს, რაც ორგანიზმისთვის არასახარბიელოა. დამოკიდებულების შემთხვევაში, ეფექტის გასვლის შემდეგ, ორგანიზმში დაღლილობის შეგრძნება ჩნდება. ორგანიზმი იფიტება, რადგანაც კოფეინს აქვს შარდმდენი ეფექტიც, რაც კუნთოვანი სისტემისთვის აუცილებელ მინერალებს და ელექტროლიტებს გამოდევნის", - ამბობს ლაშა უჩავა.

როგორც ენდოკრინოლოგმა AMBEBI.GE-ს უთხრა, დიდია კოფეინის როლი ჭარბი წონის მკურნალობის საკითხშიც - მისი ერთ-ერთი ეფექტი მეტაბოლიზმის აჩქარებაა ორგანიზმში, რაც ადრენალინის ხარჯზე ხდება. მაშინ როდესაც კოფეინს ვიღებთ, ადრენალინი გამომუშავდება, რის საპასუხოდაც ორგანიზმში მეტაბოლიზმი იზრდება, მიმდინარეობს დიდი რაოდენობით ენერგიის გამოყოფა - „ატეეფის“ წარმოქმნა, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას.

რა რაოდენობის ყავა ითვლება გადაჭარბებულ დოზად, რაც ორგანიზმში სახიფათო ცვლილებებს იწვევს - ამ კითხვაზე ლაშა უჩავა გვპასუხობს:

"დღის განმავლობაში 300-400 მილიგრამი ყავის მიღება ნორმად ითვლება, რაც შესაბამისად სამ-ოთხ ფინჯან ყავას ნიშნავს.

არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ყავა: ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ხსნადი ყავა, ნალექიანი. თითოეული მათგანის თითო ფინჯანი განსხვავებული შემადგენლობისაა. კვლევისას ნახეს, რომ ესპრესოს ერთი ფინჯანის შემადგენლობაში, 200-240 მილიგრამი კოფეინია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში, ორი ფინჯანი ესპრესოს დალევა შეგვიძლია.

"ამერიკანოში", ან ხსნადი ყავაში კოფეინის რაოდენობა 100-140 მილიგრამამდეა, დღის ნორმა შესაბამისად - 3-4 ფინჯანია. მაგრამ ოთხ ფინჯანზე ზემოთ მიღებული ყავით ორგანიზმში სხვადასხვა გაღიზიანებას ვიწვევთ, იქნება ეს ნერვული სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, გვართმევს ძილს, ეს კი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია.

- ამბობენ რომ, ნაკლებად მავნეა ნალექიანი ყავა. სინამდვილეში როგორი გავლენა აქვს თითოეულს ორგანიზმზე?

- ნალექიანს და უნალექოს შორის განსხვავება არის ის, რომ ხსნადი ყავა თერმულად მუშავდება, მასში კოფეინთან ერთად ბევრი მინარევია, ამიტომ მისი გამოყენება უფრო მავნებელია, ვინაიდან კოფეინის კონცენტრაცია მინარევების ხარჯზე შეიძლება ბევრად დაბალი იყოს. თუ ხსნად ყავაში „ამერიკანოს“ განვიხილავთ, ასე არ არის. ის დაფქული მარცვლებისგან მზადდება, ისევე როგორც ნალექიანი ყავა.

უბრალოდ, ნალექიანი ყავა გარკვეული კენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს, რისგანაც ორგანიზმის გასუფთავება არ ხდება. ნალექი ნაღვლის ბუშტში, თირკმელებში ილექება, რაც კენჭოვანი დაავადებების წარმოქმნას იწვევს

ისე კი, ორივე თითქმის ერთნაირად მოქმედებს ორგანიზმზე, უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, როცა ვსაუბრობთ ნალექიან ყავაზე, ის ბევრად კონცენტრირებულია და მისი მიღების შემდეგ ერთი ჭიქა სუფთა წყალი უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ აღნიშნული ნარჩენების ორგანიზმში დალექვა არ მოხდეს. რადგან მას აქვს შარდმენი ეფექტიც, დეჰიდრატაციასაც რომ ავცდეთ, წყლით უნდა შევავსოთ ორგანიზმი.

- ჩაი ყავაზე ნაკლები რაოდენობის კოფეინს არ შეიცავს. ჩაისთან რატომღაც მიღებულია ლიმონი, თუმცა ყავასთან ის არც ისე მისაღებია. რატომ?

- იმის გამო, რომ თვითონ კოფეინი კუჭის ლორწოვანს აზიანებს, გასტრიტს და ძვლოვანი დაავადებების პროვოცირებას იწვევს, ამას ზედ დართული ლიმონი თავისი მჟავიანობით უფრო ამწვავებს მდგომარეობას. ამიტომ კუჭის გაღიზიანების ორმაგი ეფექტი ხდება და ეს კომბინაცია არც ისე ხელსაყრელია ორგანიზმისთვის.

ჩაის უფრო საღამოს სვამენ, რადგანაც ფიქრობენ, რომ ჩაით კოფეინს არ იღებენ, რაც სიცრუეა. არსებობს გარკვეული ტიპის ჩაი, რომელშიც ყავაზე მეტი კოფეინია. ჩაის მეტი მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ამიტომ დღის მეორე ნახევარში მისი მიღება რეკომენდებული არ არის. თუ მაინც საღამოს გვინდა ჩაის მიღება, ჯობს მცენარეული დავლიოთ - გვირილის, პიტნის, რომ ნერვულ სისტემაზე დადებითად იმოქმედოს, რელაქსაციური ეფექტი ჰქონდეს.

- მწვანე ჩაის ეფექტი როგორია?

- მწვანე ჩაიშიც ბევრი კოფეინია. მას უმეტესად იმიტომ იღებენ, რომ გახდნენ. ასევე იმიტომ, რომ მატონიზირებელი ეფექტი აქვს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის წვას. ამიტომ საღამოს მის მიღებას უნდა მოვერიდოთ.

- ცივი ყავა ზაფხულში ერთ-ერთ გამაგრილებელ სასმელად მიიჩნევა... მას რა მოაქვს ორგანიზმისთვის?

- გააჩნია, რა ტექნოლოგიითაა დამზადებული. არსებობს ტექნოლოგია, დაწნეხვის მეთოდი. იგივე „ამერიკანო“ აპარატის საშუალებით, რა დროსაც წნეხის საფუძველზე ფილტრაცია ხდება. თუ ვსაუბრობთ სახლის პირობებში დამზადებულ ცივ ყავაზე, რა თქმა უნდა, იგივე ეფექტი აქვს, რაც ჩვეულებრივ ხსნად ყავას, ამ შემთხვევაში სხვადასხვა დანამატების ხარჯზე.

ის არც ისე სასარგებლოა და კიდევ უფრო ხელს უწყობს კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნას. იწვევს გულის აჩქარებას, ტაქიკარდიულ მოვლენებს, ეს ადრენალინის ეფექტია, რის ფონზეც ჟანგბადის მოთხოვნილება იზრდება და ენერგიის დიდი რაოდენობით დაკარგვა ხდება.

- ზოგი მიიჩნევს, რომ უშაქრო ყავას ვარასდროს დალევს, ზოგი კი - პირიქით, უშაქროდ არომატს ვერ შეიგრძნობს. რომელი ვარიანტი ჯობს?

- თუ გვინდა, ყავის დადებითი ეფექტები შევიგრძნოთ, რა თქმა უნდა, უშაქროდ უნდა მივიღოთ. ვინაიდან შაქარიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას.

იმისთვის, რომ პროდუქტების მიღებით ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, უნდა დავიცვათ ტექნოლოგიები და ყოველთვის გვახსოვდეს ფრაზა: უნდა ვჭამოთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ და არ უნდა ვიცოცხლოთ იმისთვის, რომ ვჭამოთ

დაუშვებელია კალციუმისა და რკინის შემცველი პროდუქტების ერთად მიღება, რომლებიც ერთმანეთის ანტაგონისტები არიან. ამ წესების დაცვა აუცილებელია, რომ ორგანიზმმა ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ