ავტორი:

შსს 20-მდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ვაკანსიებსა და სტაჟირებას სთავაზობს - "სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა, ვემსახუროთ ქვეყანას"

შსს 20-მდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ვაკანსიებსა და სტაჟირებას სთავაზობს - "სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა, ვემსახუროთ ქვეყანას"

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა. საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს.

ფორუმის დასრულების შემდეგ დასაქმების მსურველმა ახალგაზრდებმა ღონისძიება პოზიტიურად შეაფასეს და განაცხადეს, რომ განათლების მიღების დასრულების შემდგომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროში დასაქმების შესაძლებლობა.

ნია ქავთარაძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: "დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას. მოგეხსენებათ მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი, რადგან მათ ჰქონდეთ თავიანთი განათლების დასრულების შემდეგ სწორად რეალიზდნენ და აირჩიონ ის დაწესებულებები, ის სტრუქტურები სადაც მათ ყველაზე მეტად სურთ, რომ განათლება პრაქტიკაში განახორციელონ. სტუდენტისთვის ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ. ძალიან კარგი იქნება თუ ამ სტარტს სხვა სტრუქტურები თუ ორგანიზაციები აიღებენ. მე ვარ სამართლის სკოლის სტუდენტი და ეს ფორუმი მაძლევს შესაძლებლობას გავეცნო თითოეული სტრუქტურის თუნდაც სტაჟირების მონაცემებს, დასაქმების მონაცემებს და გავაკეთო არჩევანი თუ სად ვხედავ ჩემს პროფესიას მომავალში".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზაქარია მეგუთნიშვილი: "პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ასეთი მასპინძლობისა და დახვედრისთვის. ასევე დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ გააფორმეს სასწავლო დაწესებულებებთან მემორანდუმი, რის საშუალებითაც ჩვენ სტუდენტებს, იურისტებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხდეთ სტაჟიორები, შემდეგ დავსაქმდეთ აქ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.