ავტორი:

"7 წლის ბიჭი შეშუპდა... პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე" - პრეპარატი, რომელიც ბავშვისთვის ტილების მოსაშორებლად არ უნდა გამოიყენოთ

"7 წლის ბიჭი შეშუპდა... პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე" - პრეპარატი, რომელიც ბავშვისთვის ტილების მოსაშორებლად არ უნდა გამოიყენოთ

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მშობლებს შორის მწვავე დისკუსიაა ძაღლის ანტიპარაზიტულ პრეპარატ „ბარსისთან“ დაკავშირებით. როგორც „ფეისბუქში“ ზოგიერთი მომხმარებელი იუწყება, მშობელთა ნაწილი ცხოველისთვის განკუთვნილ პრეპარატს ბავშვების პარაზიტებისგან გასათავისუფლებლად იყენებს, რამაც შეიძლება, ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს.

"SOS ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია! და მას უცოდინარობა ქვია! ბარსი ძაღლის რწყილის წამალი, რომელიც იყიდება მხოლოდ ვეტ-აფთიაქში, ფართოდ გამოიყენება ე.წ დედების მიერ ყველაზე ძვირფას შვილებზე! ჰოდა სანამ, "თეკლამ მირჩია კარგიას" პრინციპით შვილს მოწამლავთ, წაიკითხეთ რა არის!

"ბარსი" ესაა რწყილების საწინააღმდეგო ნივთიერება ფიპრონილი, მესამე დონის ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ლეკვსაც კი კლავს, ეს ნივთიერება წლობით არ გამოდის ორგანიზმიდან, ილექება ცხიმოვან უჯრედებში და გამოსცემს სუნს, რომელსაც ვერ იტანენ მწერები. სწორედ ესაა ამ 2 წვეთის მოქმედება, ანუ თქვენ წამლავთ შვილს, რომ ტილი არ მიეკაროს და სხვასაც ურჩევთ!

გვერდითი ეფექტები აქვს: მწვავე ალერგია, თმის ბუდობრივი ცვენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ბიჭებში სასქესო ჰორმონის დისბალანსი და ლეიკემია! ვინც არ იცით გაიგეთ, რომ თქვენ კლავთ შვილებს ნელი სიკვდილით!" - წერს აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც თავად დედაა და სხვა მშობლებისგან გაიგო ბარსის მოხმარების შესახებ.

იმის გასარკვევად, ყიდულობენ თუ არა მშობლები ძაღლებისთვის განკუთვნილ პრეპარატს, იმისთვის რომ შვილებს ტილები მოაშორონ, ამ შეკითხვით AMBEBI.GE-მ ქალაქის რამდენიმე მსხვილ ვეტ-აფთიაქს მიმართა.

როგორც აღმოჩნდა, „ბარსის“ ბუმი დიდი ხანია გრძელდება. ერთ-ერთ ვეტ აფთიაქში განგვიმარტეს, რომ პრეპარატზე განსაკუთრებული მოთხოვნა რამდენიმე წლის წინ იყო. მათივე თქმით, მომხმარებლებს „ბარსის“ დანიშნულებასა და გამოყენების წესებს ყოველთვის დეტალურად უხსნიდნენ და თუ შეიტყობდნენ, რომ ბავშვისთვის უნდოდათ, აღარ ყიდდნენ.

„ჩვეულებრივი პრეპარატია, რომელიც 2-3 კილოგრამიანი ლეკვებისთვის პარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. უბრალოდ, ჩვენ არ ვაძლევთ მათ, ვინც გვეუბნება, რომ ბავშვებისთვის უნდათ. ადრე იყო ბუმი და ახლა ხშირად აღარ მოდიან“, - აღნიშნეს ვეტ-აფთიაქში.

AMBEBI.GE-ს ზოო ინვენტარისა და მედიკამენტების იმპორტიორ მსხვილ კომპანიაში განუცხადეს, რომ „ბარსიზე“ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მათივე განმარტებით, კომპანიას მიმართავენ ისეთი მომხმარებლებიც, რომელთაც პრეპარატის გამოყენება ადამიანზე სურთ.

„ეს პრეპარატი ჩვენს ორგანიზაციას შემოაქვს და მოთხოვნა ნელ-ნელა გაიზარდა, მაგრამ თუ ვინმე პირდაპირ გვეუბნება, რომ ადამიანისთვის, ბავშვისთვის მიაქვს, არავითარ შემთხვევაში არ ვატანთ და ყველას ვეუბნებით, რომ არ შეიძლება.

თუმცა, თუ მომხმარებელს „ბარსი“ ისე მიაქვს, რომ მისი მოხმარების შესახებ საქმის კურსში არ ჩაგვაყენა, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ყოველთვის ვეუბნებით შეზღუდვების შესახებ, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება, როცა ცხოველი არის დაავადებული. პრეპარატი ორგანიზმში შედის სითხის სახით და კლავს პარაზიტებს, ამიტომ მისი ადამიანზე გამოყენება ნამდვილად საფრთხისშემცველია“, - განმარტეს ვეტაფთიაქში.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი, რომელსაც ყოველდღიურად ათობით ბავშვთან აქვს შეხება, AMBEBI.GE-ს რამდენიმე შემთხვევის შესახებ უამბობს, რომელიც „ბარსის“ გამოყენების შედეგად დადგა:

"7 წლის ბიჭის შემთხვევა მივიდა ანაფილაქსიურ შოკამდე, რომელიც იყო უძლიერესი ალერგიული რეაქცია. როგორც კი დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვი შეშუპდა და ძილიანობა სჭირდა და განმიმარტეს, რომ 15 წუთის წინ „ბარსი“ წაუსვეს, მომენტალურად გადავაყვანინე საავადმყოფოში. პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, რადგან შეიძლებოდა შემთხვევა ლეტალურად დასრულებულიყო. წარმოიდგინეთ, ასეთი ალერგიული რეაქცია ბავშვს წასმიდან დაახლოებით, 15 წუთში განუვითარდა“, - იხსენებს ინგა მამუჩიშვილი.

მისივე თქმით, კიდევ ერთ შემთხვევაში, 5 წლის გოგონას „ბარსის“ წასმის შემდეგ, რამდენიმე წუთში ბუდობრივი თმის ცვენა დაეწყო:

„გოგონას თმის გამყოფ ხაზში ანუ კანზე, სადაც „ბარსი“ დაასხეს, დაეწყო თმის ბუდობრივი ცვენა. საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა არ დასრულდა ლეტალურად, რადგან დროულად მიმართეს ექიმს, მშობლებმა ბავშვებს შეამჩნიეს უჩვეულო მდგომარეობა. შეამჩნიეს, რომ ყურების არეებში ბავშვს დაეწყო შეშუპება. არსებობს ასეთი დაუყოვნებლივ განვითარებადი ალერგიული რეაქციები.

პრეპარატი ორგანიზმში ძალიან სწრაფად იწოვება, მავნე ნივთიერებები გადადის სისხლში და განსაკუთრებით კი, პრეპარატში არსებული შედარებით დიდი ოდენობით ფიპრონილი იწვევს ასეთ რეაქციებს“, - განმარტა პედიატრმა.

ინგა მამუჩიშვილის თქმით, პრეპარატის ნებისმიერი ოდენობით ბავშვზე გამოყენება არის დაუშვებელი.

„ეს პრეპარატი ძუძუმწოვრებისთვის არის შექმნილი. ადამიანები ამბობენ, „რა მოხდა, ჩვენც ხომ ძუძუმწოვრებს ვეკუთვნით“, მაგრამ წარმოუდგენელია ამის გამოყენება ადამიანებზე, იმიტომ რომ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებას, როგორიცაა ფიპრონილი.

მახსოვს, რომ 2017 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან მილიონობით ქათმის კვერცხი რეალიზაციიდან სწორედ იმიტომ ამოიღეს, რომ იქ აღმოჩნდა ძალიან მცირე რაოდენობით ფიპრონილი. ეს ნივთიერება არის კარცეროგენი და ხელს უწყობს სიმსივნური პროცესების განვითარებას. მას ახასიათებს ანტიანდროგენული მოქმედება ანუ ისინი მამაკაცის ჰორმონების წარმოშობას უშლიან ხელს. ეს ალბათ, „ბარსის“ მოქმედების უფრო შემდგომი ეფექტებია.

როგორც მე ვიცი, „ბარსი“ არის რუსული პრეპარატი. იყიდება მხოლოდ ზოო-აფთიაქებში. არის შედარებით იაფი, ვიდრე ის საშუალებები, რომელიც ადამიანებზე დატილიანების შემთხვევაში გამოიყენება.

პრეპარატები, რომლებიც ცხოველებისთვის მზადდება და პრეპარატები, რომლებიც ადამიანებისთვის მზადდება, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანებისთვის და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი საშუალებები ყოველთვის განსაკუთრებით არის დამუშავებული და შედარებით, ნაკლებად შეიცავს მავნე ნივთიერებებს. მათზე ჩატარებულია შრომები, საერთაშორისო კვლევები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს პრეპარატები ბავშვთა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ზოო-მაღაზიაში ნაყიდი პრეპარატის ადამიანზე ზემოქმედების შესახებ, რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი ინფორმაცია და მისი მოხმარება არ შეიძლება“ - განგვიმარტავს მედიკოსი.

მისივე თქმით, „ბარსი“ იმდენად მავნეა, რომ როდესაც ცხოველს ვასხამთ, აივანზე ან ეზოში უნდა გავიყვანოთ, მის ახლოს საკვები არ უნდა მივიღოთ და ბავშვები უნდა მოვარიდოთ.

ამასთან, როცა ბავშვს პედიკულოზი ანუ დატილიანება აწუხებს, უნდა მივმართოთ პედიატრს, რომელიც შესაბამის პრეპარატს გვირჩევს.

„ადრე გავრცელებული იყო ასეთი შეხედულება, რომ პედიკულოზი ანუ დატილიანება აუცილებლად დაუბანელ და მოუვლელ თმაში უნდა ყოფილიყო. ტილებმაც შეიცვალეს საცხოვრებელი პირობები და სუფთა, დაბანილ თმაშიც ვრცელდებიან. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ ტილებმა შეიძლება გამოიწვიონ დაკბენა, კანის გაღიზიანება.

თუ ბავშვი გადამეტებულად იფხანს თავს, ზაფხულში დიდი თმა აქვს და თავი უხურდება (ეს პირობები მოსწონთ ტილებს გავრცელებისთვის), აუცილებლად უნდა გადაამოწმონ მშობლებმა და თვითონ აღმოაჩენენ, აწუხებს თუ არა ბავშვს დატილიანება“, - აღნიშნა პედიატრმა.

პროფესორი ცალსახად ურჩევს მშობლებს, რომ ბავშვების შემთხვევაში, თუნდაც პედიკულოზისგან თავის დასაღწევად, პრეპარატები ძალიან ფრთხილად შეარჩიონ.

"ბარსელონას" ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - "პაციენტებისთვის ის ყოველთვის თავდადებული იყო"

ჰაერის ტემპერატურა თბილისში 3 გრადუსამდე დაეცემა - 25 ნოემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი

რას ყვება ცნობილი ნეიროქირურგი, რომელიც პაციენტის ნათესავმა სცემა - "გავიდა კორიდორში და დედა შემაგინა... ამას მოჰყვა ხელჩართული ომი"