ავტორი:

"სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა" - რა შეემთხვა პროფესორ ბუბა კუდავას ოჯახს ყაზბეგში და რას პასუხობს მეპატრონე

"სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა" - რა შეემთხვა პროფესორ ბუბა კუდავას ოჯახს ყაზბეგში და რას პასუხობს მეპატრონე

ყაზბეგში მდებარე სასტუმროს მეპატრონემ ტყუპი ბავშვები დედასთან და ძიძასთან ერთად სასტუმროდან გაუშვა, რადგან მათ ხმაურს, შესაძლოა, უცხოელი სტუმრები შეეწუხებინა - ამის შესახებ "ფეისბუქზე" პროფესორი ბუბა კუდავა წერს.

"დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.

საოჯახო სასტუმროს – Ia's GuestHouse Kazbegi (კოსტავას ქ. 53) მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერ პაპიაშვილმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.

მიზეზი არ გაინტერესებთ?

ბავშვები ხმაურობენო (!).

ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო (!).

როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:

„ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“...

ქალბატონო ეთერ, დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ.

ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს.

ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია.

რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.

მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:

1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).

2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!)." - წერს კუდავა.

სასტუმროს მეპატრონემ კუდავას პოსტის საპასუხოდ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"მე ვარ ეთერ პაპიაშვილი, იმ სასტუმროს დიასახლისი, რომელზეც ბუბა კუდავა თავის პოსტში წერს. რადგან სიცრუეს წერს და ამის გამო უამრავ ადამიანს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებს და მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი ბიზნესის დასამარებას, უბრალო ადამიანის განადგურებას, გადავწყვიტე მოგიყვეთ რა როგორ იყო.

პედაგოგი ქალი ვარ, როგორ შეიძლება მძულდეს ბავშვები? ჩემს სასტუმროში ბუბა კუდავას ცოლ-შვილი კი არ შემოსულა პირველად, ხშირად ვმასპინძლობ ოჯახებს, მსგავსი შემთხვევა არავისთან მქონია, არც ის მგონია, ვინმემ აუგი თქვას ჩემზე, ვინც ჩემთან ისვენებდა. ბავშვები რომ შემოვიდნენ ჩემს სასტუმროში ხელში, მოვეფერე, ძალიან საყვარლები და მართლა ძალიან კარგი ბავშვები არიან, უბრალოდ, ხმაურობდნენ. უცხოელმა დამსვენებლებმა შენიშვნა მომცეს. ამის შემდეგ ვთხოვე ლიკას, ლიკა, გეხვეწები, იქნებ, როგორმე ბავშვები ცოტა მაინც დაამშვიდო, ტურისტები გამექცევიან მეთქი. ყველა დამსვენებელს ვცდილობ გავუფრთხილდე, ვთხოვე, იქნებ ოდნავ დაამშვიდო თქო, რაზეც გაღიზიანდა. ტურისტები რომ სამზარეულოში შევიდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა სამზარეულოში და თავისი ნივთები მიაწყო გაღიზიანებულმა ისე, რომ მერე მე მკითხეს ტურისტებმა, ჩვენ ვაწყენინეთ რამე? რამე ხომ არ დავაშავეთო? ისევ წივილი, ისევ კივილი, ისევ ვთხოვე, იქნებ დაამშვიდო ბავშვები მეთქი და როგორ დავამშვიდო 3 წლის ბავშვებიო, მთავარი ის იყო რომ არ ცდილობდა, არ შეიწუხა თავი ყურადღება მიექცია ბავშვებისთვის. მეორე დილას დამიძახა, აქ დამრჩენი მე არა ვარ, მიშოვეთ სხვა ადგილი და გადავალო. ვუთხარი, ვისთან მიგიყვანო და რა ვუთხრა იმას, ჩემთან ხმაურობენ ძალიან, სხვებს აწუხებენ და შენ მიიღეო? ეს ვუთხრა მეთქი? იყავით აქ, უბრალოდ იმას გთხოვ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციე, თორემ ბავშვის ხმაური რა სალაპარაკოა. ამ დროს ამიტეხა წივილი, კივილი, შენ იცი საერთოდ ვინ ვარო? იცი რას წარმოვადგენო? ვთხოვე, ნუ ყვირი, დამსვენებლებთან უხერხულია, ნუ ყვირი მეთქი და არ მაინტერესებს შენი დამსვენებელიო. მის ყვირილზე მოვიდნენ მეზობლები, ახლა იმათ დაუწყო ლანძღვა, თქვენ ვინ გეკითხებათო. მეც გამოვედი წყობიდან, არაფრით გაჩერდა. გავარკვიე მერე რომ გერგეტშია ადგილი და იქ არ მინდა, არ მეკადრებაო მანდ ტყეში რა მინდაო. რომ აღარ მშვიდდებოდა, ჩემს მეზობელთან დავაბინავეთ. თანხაც არ გამომირთმევია. მისი მამა მერით მაშინებდა, ახლა მე შენ მერს მოგიყვანო, მითხრა. ცუდად ვარ, ბუბა კუდავას პოსტის მერე, ისეთები ხდება, არ ვიცი, ამას თუ გადავიტან. როგორ შეგიძლიათ მოექცეთ ასე ადამიანს?

რადგან ბუბა კუდავას მეუღლე, ლიკა, მემუქრებოდა ნახავ რასაც გიზამო, ამიტომ დაწერეს ამ ფორმით და შინაარსით, საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, ბავშვების თემა მგრძნობიარეა და შესაბამისი რეაქციაც მოყვა. თუთა მარიამის მამა ცრუობ. გამიხარდებოდა სიმართლის გარკვევა რომ გეცადათ."

"ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბნენ" - გია ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

"ხუთი მკვლელი! ხუთი  ცოცხლად მოსიარულე გვამი!“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"