ავტორი:

"მე ლიეტუვის ქართველი ვარ!" - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც ვილნიუსიდან თბილისისკენ ფეხით მოემართება

"მე ლიეტუვის ქართველი ვარ!" - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც ვილნიუსიდან თბილისისკენ ფეხით მოემართება

ლიეტუვაში დაბადებული 23 წლის ქართველი ბიჭი - ნიკო ამირგულაშვილი ვილნიუსიდან თბილისისკენ ფეხით მოემართება. 9 ივნისს მან პროექტი Building Bridges: Vilnius-Tbilisi (ავაშენოთ ხიდი: ვილნიუსი-თბილისი) დაიწყო და უკვე 1000 კილომეტრზე მეტი მანძილი გაიარა, რომ მეორე სამშობლოს დედაქალაქში ჩააღწიოს.

ნიკომ უკვე გაირა პოლონეთი, ამჟამად კი დასავლეთ უკრაინაში იმყოფება, სადაც ქალაქებში - ტერნოპილსა და ლვოვში ქალაქის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტებს შეხვდა. მოგზაური ყოველდღიურად საშუალოდ 35 კილომეტრს გადის და პროექტის ფარგლებში 2000 კილომეტრის დაფარვას აპირებს.

მოგზაურობის შთაბეჭდილებების შესახებ ნიკო ამირგულაშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც უკრაინაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, თამთა გუგუშვილმა ჩაწერა:

- როგორ გადაწყვიტეთ ესეთი მასშტაბური მოგზაურობა წამოგეწყოთ? რით დაიწყო ყველაფერი?

- მე ვარ ლიეტუვის ქართველი! დავიბადე და გავიზარდე ვილნიუსში, ჩემი მშობლები და შესაბამისად მეც, საქართველოდან ვართ წარმოშობით, კერძოდ კახეთიდან. მამაჩემი ლიეტუვაში ქართული სათვისტომოს ორგანიზაციის თავმჯდომარეა. მე ბავშვობიდან ვხედავ, როგორ ცდილობს ის ხელი შეუწყოს უფრო მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას და მეგობრობის გაღრმავებას საქართველოსა და ლიეტუვას შორის.

როცა გავიზარდე, მქონდა არჩევანი - დამეტოვებინა ფაქტად, რომ ლიეტუვის ქართველი ვარ, ან მექცია ეს კრეატიული პროექტების განხორციელების წინაპირობად. როგორც ხედავთ, ავირჩიე მეორე ვარიანტი და გადავწყვიტე მეგობრობის ხიდი ავაშენო ორ ქვეყანას შორის.

ნიკო მშობლებთან და ძმასთან ერთად

- რატომ აირჩიეთ მოგზაურობის ასეთი რთული ფორმა?

- ჩემი ჰობია ლაშქრობა. ბევრს ვმოგზაურობ, ვიყავი ესპანეთში, გავიარე ლეგენდარული გზა Camino de Santiago. ჩემთვის ლაშქრობა არის ცხოვრების მეტაფორა და უზარმაზარი შთაგონების წყარო! ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ჰობის და სურვილის ასეთი კარგი სინერგია მოხდა და შედგა ეს პროექტი. მეგობრობის ხიდის ფეხით აშენების იდეა თებერვლის ბოლოს მომივიდა. მეორე დღესვე დავრეკე საქართველოს საელჩოში და მოვუყევი ჩემი ჩანაფიქრის შესახებ. შევუდექით დეტალების განხილვას.

ამ პროექტის განხორციელება საქართველოსა და ლიეტუვას შორის მეგობრობის გაღრმავების მიზნით გადავწყვიტე. მე ვაშენებ კომუნიკაციის და მეგობრობის ხიდს, რომელიც იმედია არაერთი ადამიანისთვის გახდება შთაგონების წყარო. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველამ 2 000 კილომეტრი უნდა გაიაროს. მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად გვეჩვენება. მე ვუთმობ ამ მოგზაურობას სამ თვეს, ყოველდღე საშუალოდ 35 კილომეტრს გავდივარ. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს - სიცხე იქნება თუ წვიმა, გზას მაინც ვაგრძელებ, რათა სიმბოლური ხიდი ავაშენო.

- თვეზე მეტია მოგზაურობთ და ამ მოგზაურობისას ყველაზე მეტად შთამბეჭდავი რა გახსენდებათ?

- ხალხი! არასოდეს დამავიწყდება, როგორ მხვდებიან ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო - პოლონეთში, უკრაინაში... შევდივარ კაფეში, აინტერესებთ ვინ ვარ, მეკითხებიან ყველაფერს, ყველა ცდილობს გამიმასპინძლდეს, გამომელაპარაკოს. ამ პროექტის ფარგლებში 26 კომპანია გახდა ჩემი პარტნიორი, ისინი მაფინანსებენ აღჭურვილობით, ფინანსებით. ბევრი მაძლევს რჩევებს, როგორ გავიარო ეს გზა ისე, რომ ჩემს ორგანიზმს ზიანი არ მივაყენო. ჩემს გარშემო უკვე შეიკრა ადამიანების წრე, რომლებიც ძალიან მეხმარებიან. ჩვენ მივდივართ ერთი მიზნისკენ - თბილისისკენ!

- თქვენ უკვე გაიარეთ 1000 კილომეტრზე მეტი. ეს დაგეგმილი მარშუტის ნახევარია და გრაფიკს უკვე წინ უსწრებთ. ფიზიკურად როგორ მოემზადეთ ამ მოგზაურებისთვის?

- ფიზიკურად მომზადება დავიწყე მაშინ, როცა გადავწყვიტე მოგზაურობის განხორციელება. თვენახევარი ინტენსიურად დავდიოდი სპორტულ დარბაზში, მყავდა ტრენერი. სპორტით პროფესიონალურ დონეზე არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული და ასეთი გრძელი მარშრუტის გავლა ფეხით ბუნებრივია, ფიზიკურად რთულია, მაგრამ მორალურად ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს ხალხის მხრიდან, ამიტომ ყოველ დღე მაქვს შთაგონება - გავაგრძელო გზა საქართველოსკენ!

- ეს არის გზა ოცნებისკენ? თქვენი ოცნება საქართველოა?

- რთული შეკითხვაა. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში. წარმოშობით ვარ ქართველი, იქ მყავს ნათესავები, მეგობრები... ყოველ წელს ჩავდივარ, მაგრამ ფეხით პირველად მივდივარ. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს რადარში, სადაც არ უნდა ვიყო.

- საქართველოში 25 აგვისტოს იქნებით. ვიცით, რომ თან მიგაქვთ მხარდაჭერის წერილები...

- დიახ, ვილნიუსის მერმა მისწერა წერილი თბილისის მერს, ქალაქ ტრაკაიდან კი მომაქვს წერილი მცხეთაში. ლვოვის მერმა დაუწერა წერილი თბილისის მერს. ჩემი მეგობრები ხშირად ხუმრობით ამბობენ, რომ ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ იმიტომ რომ ორი ათასი კილომეტრიანი სიმბოლური ხიდი შენდება ფეხით, არამედ იმიტომ რომ, ეს წერილები მოაქვს მსოფლიოში ყველაზე ნელ ფოსტალიონს.

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის უკრაინიდან, თამთა გუგუშვილი

რატომ შეიყვანეს საპატრიარქოში სამხედრო მანქანები - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საგაზაფხულო შეთავაზება მაისშიც გაგრძელდება

როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი 24/7-ზე სფეისში?