ავტორი:

23 წლის ბიჭის გამტაცებლებს, რომლებიც მამას გამოსასყიდად 3 მილიონს სთხოვდნენ, 13-15 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

23 წლის ბიჭის გამტაცებლებს, რომლებიც მამას გამოსასყიდად 3 მილიონს სთხოვდნენ, 13-15 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მძევლად ხელში ჩაგდებისთვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ორ ბრალდებულს 15-15 წელი, კიდევ ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმე ეხება ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილის, გიორგი დეკანოსიძის გატაცებაში ბრალდებულებს. 23 წლის ახალგაზრდა 2018 წლის ოქტომბერში გაიტაცეს თბილისიდან.

პროკურატურის განცხადებაში საქმეზე ნათქვამია:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ნასამართლევმა მ.ე.-მ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ნასამართლევმა და ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.მ.-მ, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა თ.კ.-მ, გ.ჩ.-მ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ა.დ.-სგან (ამირან დეკანოიძე) დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად, 2018 წლის 11 ოქტომბერს, მისი შვილი - გ.დ (გიორგი დეკანოიძე) მძევლად ჩაგდების მიზნით, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, მუხიანის დასახლებაში სპეციალურად ნაქირავებ ბინაში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება.

მოგვიანებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მძევლად აყვანილი გ.დ. წინასწარ სპეციალურად ნაქირავები „ტოიოტას“ მარკის „ვიტსის“ მოდელის ავტომანქანით, იძულებით გადაიყვანეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მდებარე სახლში, სადაც ხელბორკილით დააბეს საწოლზე, აუკრძალეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის შემდეგ ორგანიზებული ჯგუფის წევრები გატაცებულის მამას - ა.დ.-ს დაუკავშირდნენ და შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს 3 000 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული დანაშაული 2018 წლის 18 ოქტომბერს აღკვეთეს - მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დააკავეს და მძევლად აყვანილი გ.დ. გაათავისუფლეს.

მ.ე.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, „ვ“, „ი“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება არაერთგზის, ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო თ.კ.-ს, მ.მ.-ს და გ.ჩ.-ს 144-ე მუხლის II ნაწილის „ვ“, „ი“ და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება ანგარებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ე.-ს და თ.კ.-ს 15-15 წლით, მ.მ.-ს - 14 წლით, ხოლო გ.ჩ.-ს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა