ავტორი:

"ბავშვის ბანაობისთვის მზეზე გამთბარი წყლის გამოყენებას არ გირჩევთ" - პედიატრის რჩევები, რომელიც ზაფხულში უნდა გაითვალისწინოთ

"ბავშვის ბანაობისთვის მზეზე გამთბარი წყლის გამოყენებას არ გირჩევთ" - პედიატრის რჩევები, რომელიც ზაფხულში უნდა გაითვალისწინოთ

ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ზაფხულის სეზონი წლის ყველაზე მიმზიდველ პერიოდად ითვლება. რა უნდა ვიცოდეთ უფროსებმა იმისათვის, რომ საზაფხულო არდადეგები მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ და ბავშვები სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებისგან დავიცვათ - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პედიატრი თეონა ხურციძე გვპასუხობს:

- ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით იმატებს ნაწლავური ინფექციის შემთხვევები, თუმცა ეს პრობლემა წელიწადის სხვა დროსაც არ კარგავს აქტუალობას. გამომწვევი შესაძლოა იყოს როგორც ვირუსი, ასევე ბაქტერია. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად ზოგადი კლინიკური ნიშნები ძირითადად ჰგავს ხოლმე ერთმანეთს: დიარეა (დღის განმავლობაში სამჯერ და მეტჯერ თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფა), ზოგჯერ მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მატება, ღებინება, ზოგადი სისუსტე. უმეტეს შემთხვევაში ასეთი მდგომარეობები სპეციფიური მკურნალობის გარეშე ჩაივლის, თუმცა ეს ექიმმა უნდა განსაზღვროს.

- რა უნდა იცოდეს მშობელმა?

- მოდით პატარა ექსკურსი გავაკეთოთ და აღვნიშნოთ როგორ შეიძლება გავრცელდეს ნაწლავური ინფექცია:

  • კონტაქტური გზით - საყოფაცხოვრებო ნივთებიდან (ჭუჭყიანი ხელები, დაბინძურებული სათამაშო და ა. შ)
  • საკვებით - არასწორად დამუშავებული ან დაბინძურებული საკვების გამოყენებისას.
  • წყლით - დაბინძურებული წყლის გამოყენებისას, ან ღია წყალსაცავებში ბანაობისას.

მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზემოთ ხსენებულ ჩამონათვალს და გაითვალისწინოს, რომ ასეთ დროს ყველაზე ჯანსაღი პრევენცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა. აუცილებელია ხელის ხშირი დაბანა, განსაკუთრებით კვების წინ და საფენის გამოცვლის შემდეგ, სველი წესით სახლის დალაგება, სათამაშოების საპნიან, ცხელ წყალში რეცხვა. ძალიან ხშირად ინფექცია მწერებსაც გადააქვთ და მიზანშეწონილია დამცავი ბადეების გამოყენება. რაც შეეხება კვების პროდუქტებს, აუცილებელია მათი დამუშავების, მომზადებისა და შენახვის წესების დაცვა. ზაფხულში უმჯობესია, თუ კი ბავშვის საკვებს ერთჯერადი გამოყენებისთვის მოვამზადებთ, ან შევინახავთ მაცივარში მაქსიმუმ 6 სთ. გახსნილი რძის პროდუქტები უმჯობესია საერთოდ არ შევინახოთ, რძე კი გამოყენებამდე გადავადუღოთ.

წყალთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი მიკრობი თავს მასში კომფორტულად გრძნობს. წყლის ბუნებრივი წყაროები, როგორიცაა ჩვენთან ძალიან გავრცელებული "ჭა", რატომღაც წყლის სუფთა წყაროდ ითვლება, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. ასეთი წყალი აუცილებელია იყოს გადადუღებული, იდეალურ შემთხვევაში სპეციალური ფილტრით დამუშავებული. ამავდროულად საჭიროა ვიცოდეთ, რომ თავდახურულ ბოთლში შენახული გადადუღებული წყალი გამოსაყენებლად ვარგისია- 4-6 სთ.

- როგორი წყალი უნდა დალიოს ბავშვმა? მაცივრის წყალზე რას გვირჩევთ?

- საინტერესო შეკითხვაა. არსებობს ასეთი ტერმინი-გაკაჟება. როდესაც ბავშვის ორგანიზმი არ არის მიჩვეული რაიმე ფაქტორს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცივ წყალს, რასაკვირველია არ არის რეკომენდებული, რომ მან ცივი წყალი დალიოს. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ გართულებები, უმჯობესია, ის ნელ-ნელა შევაჩვიოთ ოთახის ტემპერატურის წყლის ცივი წყლით ჩანაცვლებას. წყალი უნდა იყოს არაგაზირებული, ნეიტრალური გემოსი, იდეალურ შემთხვევაში - ბავშვებისთვის განკუთვნილ ფილტრში გაფილტრული. შეფუთვაში არსებული ბოთლის არაგაზირებული წყალი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია. ის არ საჭიროებს გადადუღებას.

რაც შეეხება ხილს და ბოსტნეულს, ზაფხულობით ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ისინი და ხშირად პირდაპირ ბაღში დაკრეფილსაც კი მიირთმევენ. ეს რასაკვირველია მინერალებისა და ვიტამინების წყაროა, თუმცა შეიცავს საფრთხეებსაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მიწასთან კონტაქტში მყოფ ხილსა და ბოსტნეულს, ისინი საკვებად გამოყენებამდე გამდინარე წყალში გულდასმით უნდა გაირეცხოს.

- როგორ უნდა დავაძლევინოთ ბავშვს უმადობა ზაფხულის ცხელ დღეებში?

- ვფიქრობ, აქ სანერვიულო არაფერია. მე კატეგორიულად ვემიჯნები ბავშვისთვის საკვების ძალდატანების მეთოდებს. ყველა მშობელს ვურჩევ იყოს მშვიდად, განსაკუთრებით კი ზაფხულში ბავშვი ნაკლებად ცხიმიანი და ადვილად მონელებადი საკვებით კვებოს და სასმელი სითხეებით დატვირთოს.

- რამდენი საათი უნდა იყოს დღის განმავლობაში ბავშვი წყალში?

- წყლის პროცედურები დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ორგანიზმზე... წყალი, მზე, სუფთა ჰაერი იდეალური კომბინაციაა, თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ბავშვის ბანაობა ზღვაზე და მდინარეზე რეკომენდებულია 2 წლიდან; თუ კი ბავშვის ორგანიზმი გაკაჟებულია, შესაძლებელია უფრო ადრეც... მთავარია, წყალი იყოს სუფთა და გამჭირვალე, მისი სიღრმე არ აღემატებოდეს ნახევარ მეტრს და ტემპერატურა არანაკლებ 22 გრადუსი იყოს.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყვნენ მშობლები, თუ კი ბავშვს ყურის ან ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთება აქვს. წყალში ბანაობა შეიძლება ანთებითი პროცესის გამწვავების მიზეზი გახდეს.

3 წლამდე ბავშვებს შეგვიძლია ნება დავრთოთ იბანაონ 5 წუთამდე. ბანაობის დასრულების შემდეგ კი კარგად გავამშრალოთ. შეამჩნევდით, რომ წყალში ბავშვებს იმდენი ხანი აყოვნებენ, ლურჯდებიან კიდეც. ეს ყოვლად დაუშვებელია. თუ კი ბავშვი ბანაობის შემდეგ კანკალებს, უნდა ვაიძულოთ პატარა მანძილი გაირბინოს ან მასთან ერთად ვითამაშოთ აქტიური თამაშები.

- გვესაუბრეთ მზეზე გამთბარ წყალში ბანაობის საფრთხეებზე...

- როგორც წესი, განსაკუთრებით აგარაკებზე, ხშირად მიმართავენ ბანაობის ამ გზას. მიდგომა ასეთია: დიდხანს დაყოვნებული, განსაკუთრებით კი თავღია რეზერვუარი წყლისთვის, იქნება ეს საბავშვო აუზი თუ სხვა რამ, ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისათვის. ამიტომ, ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია, არ გირჩევთ ასეთი წყლის გამოყენებას.

- კონდიციონერისა და ვენტილატორის გამოყენება რამდენად რეკომენდირებულია ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება?

- გაგრილების აღნიშნული მეთოდების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა წესების დაცვით; ჰაერის ცივი ნაკადი ბავშვისკენ პირდაპირ არ უნდა იყოს მიმართული, ოთახში ტემპერატურის შემცირება ეტაპობრივად უნდა მოხდეს; ასევე, მნიშვნელოვანია კონდიციონერის ფილტრის რეგულარული წმენდა ან შეცვლა. მიუხედავად გამაგრილებელი სისტემისა, ოთახი ხშირად გავანიავოთ და ტენიანობა ვაკონტროლოთ.

- უნდა ეცვას თუ არა ბავშვს ზაფხულში საფენი?

- თუ კი ბავშვს არ აქვს ქოთნის ჩვევები და ასაკიდან გამომდინარე ეს მას სჭირდება, რასაკვირველია, დედამ საფენი უნდა გამოიყენოს, თუმცა ზაფხულში განსაკუთრებით უნდა მოხდეს მისი რეგულარული გამოცვლა; მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა და რამდენიმე წუთიანი ჰაერის აბაზანების მიღება საფენის გარეშე.

- არის მშობელთა კატეგორია, რომელიც პატარა ბავშვებს ზაფხულშიც თბილად აცმევს, განსაკუთრებით საღამო ხანს...

- ბავშვისთვის ტანისამოსის შერჩევა ისევ და ისევ ტემპერატურის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და გამომდინარეობდეს ბავშვის კომფორტის ზონიდანაც. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ზედმეტი ტანისამოსით გადახურება, არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე შეციება.

- აუცილებელია თუ არა ბავშვის დაძინება დღის განმავლობაში? რა ასაკისთვის არის მიზანშეწონილი დღისით ძილი?

- ბავშვის სწორი ზრდისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის დაცვა. დღის ძილი კი თავისი ხანგრძლივობითა და ხარისხის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური სტაბილურობისთვისაც.

როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის ძილის ხანგრძლივობა მცირდება. დაახლოებით ერთი წლის ასაკში ბავშვის დღის ძილი ორჯერადი ხდება დღის განმავლობაში. წელიწადნახევრის ასაკიდან დღეში ძირითადად ერთხელ იძინებენ 2-3 სთ-ით. 3-4 წლის ასაკიდან ზოგიერთი ბავშვი საერთოდ უარს აცხადებს დღის ძილზე; ზოგადი მონაცემებით კი დღის ძილის ჩვევა ნარჩუნდება 6 წლამდე 1 სთ-იანი ძილის პერიოდებით, თუმცა, რასაკვირველია, ეს საკითხი ინდივიდუალურია.

"ჩვენამდე მოვიდა ცუდი ინფორმაცია, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ" - ჯანდაცვის სამინისტრო

ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება