ავტორი:

"ასობით მათგანი შიმშილით, ტუბერკულოზითა და ტიფით დაიღუპა..." - ქართველი ტყვეების გვარ-სახელები მიულბერგის ბანაკიდან

"ასობით მათგანი შიმშილით, ტუბერკულოზითა და ტიფით დაიღუპა..." - ქართველი ტყვეების გვარ-სახელები მიულბერგის ბანაკიდან

მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილ ბანაკებში, რომლებიც გერმანიაში, მიულბერგსა და დრეზდენთან ახლოს, 1939 წელს ააშენეს, ასობით ქართველმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა...

1945 წლის 23 აპრილს, როდესაც ბანაკი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს, იქ 3 000-ზე მეტი სამხედრო იმყოფებოდა. ასობით მათგანი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რამდენიმე დღეში შიმშილით, მაღალი სიცხით, გაუწყლოებით, ტუბერკულოზითა და ტიფით დაიღუპა. მთლიანობაში, ბანაკში 30-დან 40 ათასამდე სამხედრო ტყვეს მოუწია ყოფნა და მათი უმეტესობის სიცოცხლეც იქ დასრულდა...

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენი, რომელიც სისტემატურად აწვდის AMBEBI.GE-ს გერმანიის სხვადასხვა არქივებსა და სასაფლაოებიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ მონაცემებს, ქალაქ ქემნიციდან დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარე სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც ტყვეობაში დაღუპული ქართველი მეომრების საფლავებიც იპოვა.

"მათ შესახებ მონაცემები არქივში ვიპოვე და შემდეგ დავგეგმე სასაფლაოზე წასვლაც... ვიცოდი, რომ მე პირველი ქართველი ჭირისუფალი ვიქნებოდი, ვინც მათ გვარ-სახელებს ნახავდა და ეს ემოცია წინ მელოდა. სანთლები დავუნთე... არსებული ინფორმაციით, სასაფლაო, რომელზეც ისინი არიან დაკრძალული, 1945 წლის შემოდგომაზე გაკეთდა. დიდი ნაწილი მიულბერგის ბანაკში დახოცილი (შტალაგი 4 ბ) ტყვეები არიან, რომლებიც 1945-47 წლებში ნოიბუქსდორფიდან ამ ტერიტოირიაზე გადმოასვენეს" - ამბობს მეგი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, 2017 წლამდე აქ დასაფლავებული 3 000 ადამიანიდან მხოლოდ 721-ის სახელი იყო იდენტიფიცირებული, დროთა განმავლობაში, მათი მონაცემები დაამუშავეს...

გთავაზობთ, ქართველი ემიგრანტის მიერ მოპოვებულ მონაცემებს ქართველი ტყვეების შესახებ:

მიხეილ დოლიაშვილი - დაბადებული 1907 წელს ქარელის რაიონის, სოფელი დირბში. დაიღუპა 1943 წლის 6 აპრილს. დაკრძალვის ადგილი: ელსთერვერდა. ცნობისთვის, ბანაკში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს, დაღუპვის მიზეზი - ტიფის ცხელება.

შალვა ვასილის ძე ჭაჭიაშვილი - დაბადებული 1913 წელს ზესტაფონის რაიონი, სოფელ არგვეთაში. დედა: ჩაჩიაშვილი ანა. პროფესია: ელექტრიკოსი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 15 ოქტომბერს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკში შეყვანისას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაიცვალა 1942 წლის 1 დეკემბერს. დაკრძალვის ადგილი: გერმანია, ელსთერვერდა.

მიხეილ ნიკას ძე თუთარაშვილი - დაბადებული 1910 წელს, სოფელ თამარაშენში. მეუღლე: თუთარაშვილი ნინა. 1992 წლის 15 მაისს ტყვედ ჩავარდა ყირიმში, რის შემდეგაც გერმანიაში გადაიყვანეს. 1942 წლის 16 ოქტომობერს მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი: გერმანია, ელსთერვერდა.

სემენ (სემიონ) ისააკის ძე ბაბოჯანაშვილი - დაბადებული 1902 წელს. დედა – დუკაშვილი, მეუღლე ვარდო ბაბოჯანაშვილი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 12 ივლისს. დაიღუპა 1942 წლის 19 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი: გერმანია, ელსთერვერდა.

პავლე შიოს შე მანძულაშვილი - დაბადებული 1913 წელს ახალციხეში. მეუღლე: მანძულაშვილი ნატალია. მისამართი: ქალაქი თბილისი, ტურბინსკაიას 12; პროფესია: მძღოლი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 6 ოქტომბერს. წოდება: სერჟანტი. დაიღუპა 1942 წლის 24 იანვარს. დაკრძალვის ადგილი: ელსთერვერდა

შაქრო ესიპოს ძე ედიშერაშვილი - დაბადებული 1900 წელს, მცხეთის რაიონის სოფელი ზაქაროში. მეუღლე: ედიშარაშვილი ანა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 17 მაისს. გარდაიცვალა 1942 წლის 30 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი: გერმანია, ელსთერვერდა.

ვლადიმერ ზაქარის შე გელაშვილი - დაბადებული 1915 წელს სურამში. მეუღლე: გელაშვილი მარია. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 15 მაისს ყირიმში. დაიღუპა 1942 წლის 28 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი: ელსთერვერდა.

შალვა ზაქარის ძე ლომიძე (რეგისტრაციის საბუთში უწერია ნომიძე) - დაბადებული 1910 წელს, ლაგოდეხის რაიონი, სოფელი თელაში. დედა: ნადეჟდა ტაბატაძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 11 ივლისს, სტრავროპოსკში, დაიღუპა 1942 წლის 20 დეკემბერს.

დიმიტრი ზურაბის ძე აბრამიშვილი - დაბადებული 1912 წლის 15 მარტს დუშეთის რაიონი, სოფელი ბაზალეთში. მეუღლე: აბრამიშვილი მარია. ტყვედ ჩავარდა ყირიმში 1942 წლის 16 მაისს. დაიღუპა 1943 წლის 27 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი: გერმანია, ელსთერვერდა.

ლავრენტი ისააკის ძე ნადაშვილი - დაბადებული 1909 წელს. ბოლო მისამართი: თბილისი, შავთელის 15. ტყვედ ჩავარდა – 1942 წლის 20 მაისს ქერჩში. წოდება: უმცროსი სერჟანტი. დაიღუპა 1942 წლის 12 დეკემბერს. დაკრძალვის ადგილი: ელსთერვერდა.

ვლასი გიორგის ძე მიქაძე - დაბადებული 1905 წელს, ჩოხატაურში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 14 ივლისს. გარდაიცვალა 1943 წლის 22 იანვარს.

იასონ ნიკოლოზის ძე გაგელიძე - დაბადებული 1902 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში. მეუღლე: გაგელიძე მარია. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის ივნისში ოსკოლში. დაიღუპა 1943 წლის თებერვალში. დაკრძალვის ადგილი: ელსთერვერდა

ვასილ საბას ძე გედეხაური - დაბადებული 1898 წელს სოფელ ჯიხოში. მეუღლე - მარია. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 25 სექტემბერს, ნალჩიკში. გარდაიცვალა 1943 წლის 13 მარტს. დაკრძალვის ადგილი: ელსთერვერდა.

შენიშვნა: მემორიალურ დაფაზე, საბუთებსა და ფოტოს ქვეშ მითითებულ გვარებს შორის განსხვავებაა, შესაბამისად სახელებსა და გვარებში შესაძლოა უზუსტობა იყოს.

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო