ავტორი:

"ნუ დატოვებთ ნასვამ ადამიანს ღამით უყურადღებოდ" - რა არის ალკოჰოლური მოწამვლა და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში

"ნუ დატოვებთ ნასვამ ადამიანს ღამით უყურადღებოდ" - რა არის ალკოჰოლური მოწამვლა და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში

ალკოჰოლური სასმელის ზომიერი მიღება, ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, თუმცა გადაჭარბებული დოზა არაერთი ადამიანისთვის სავალალოდ დასრულებულა. ყოფილა შემთხვევები, როცა ალკოჰოლით გაბრუებულნი ძილშიც გარდაცვლილან, სათანადო დახმარების გარეშე, სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება ან მოხრჩობა ყოფილა.

რა ცვლილებებს იწვევს ალკოჰოლური სასმელი ორგანიზმში, რა საფრთხეები არსებობს ნასვამი ადამიანისთვის, რომელიც იძინებს, ვინ და როგორ უნდა იზრუნოს ნასვამის ჯანმრთელობაზე, რა პრევენცია უნდა ჩატარდეს, რომ რისკები გაითვალოს და ადამიანი ძილში არ გაიგუდოს, გული არ გაუჩერდეს.

თემაზე ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" და ვებგვერდ mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი გვესაუბრება:

- ალკოჰოლი და ალკოჰოლური სასმელებით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობები, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში - ალკოჰოლურ თრობას უკავშირდება: ჩადენილ დანაშაულთა უმრავლესობა, ძალადობა, ავტოკატასტროფები, დანგრეული ოჯახები, დაკარგული სამსახურები, კაზინოებში წაგებული ხელფასები (თუმცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კიდევ ცალკე პრობლემაა და კარგი იქნება, თუ მასზე მომავალში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ), დამსხვრეული ურთიერთობები, პერსპექტივისა და მომავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები, თვითმკვლელობები...

ალკოჰოლიზმის საფუძველს ეთილის სპირტისადმი ლტოლვა წარმოადგენს. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება იწვევს ქცევის ზნეობრივი და სოციალური ნორმების რღვევას. ამით ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებას.

ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მიზეზი ხშირად ალკოჰოლური მოწამვლა ხდება

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა (მაგალითად, მოციმციმე არითმია).

ალკოჰოლი ზიანს აყენებს მთელ ორგანიზმს, ყველა ორგანოს. ალკოჰოლიზმის ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს წყლულოვანი დაავადება, ტრავმები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოგვიანებით - ღვიძლის ციროზი, პიელონეფრიტი, ტვინისმხრივი დარღვევები.

ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედატიური (საძილე) მოქმედება, რაც ეიფორიას (გუნება-განწყობის ამაღლებას) და დაძაბულობის მოხსნას იწვევს. ასეთი ეფექტებისადმი მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ისინი, ვინც ვერ ახერხებენ საზოგადოებასთან ადაპტირებას, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მომუშავეები.

ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური გარემო, აღზრდა, ტრადიციები, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორების, სახელდობრ, ხასიათის თავისებურებისა და მეტაბოლური ცვლის დარღვევისადმი წინასწარგანწყობის გავლენა.

ალკოჰოლური თრობა

- სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმელის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე.

განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი.

თრობის ამ სტადიის გავლის შემდეგ კეთილგანწყობა შეიძლება შეიცვალოს გაღიზიანებით, აგრესიულობით. ირღვევა კოორდინაცია და სიარულის მანერა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს არამოტივირებული იმპულსური საქციელი. მეტყველება არასწორი ხდება, ქვეითდება ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება.

არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული. ზოგიერთს ეუფლება ამაღლებული განწყობა, რასაც თან სდევს მოძრაობის გააქტიურება და გიჟმაჟური ქცევა. სიმთვრალის ატიპური ფორმები აღენიშნებათ პირებს, რომელთაც ადრე ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი ან დაავადებულნი არიან ოლიგოფრენიით, ასევე - ფსიქოპათებს.

სიმთვრალის მძიმე ხარისხის დროს შეიმჩნევა გონების გათიშვის ნიშნები (კომაც კი). ზოგჯერ აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრა. გამორიცხული არ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რომელიც ადამიანს მეორე დღეს აღარ ახსოვს.

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია

ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ მოწამვლას ანუ ინტოქსიკაციას. სპირტიანი სასმელების მიღებაზე კონტროლის დაკარგვა შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა სერიოზული დაზიანებითა და სიკვდილით დასრულდეს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოწამლულისთვის პირველი დახმარების დროულად და სწორად აღმოჩენას. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს ეიფორიის (ნეტარების) მდგომარეობას ხშირად ენაცვლება თვითშეგრძნების მკვეთრი გაუარესება. თავდაპირველად ვლინდება:

  • გულისრევა, ღებინების მოთხოვნილება
  • სახის შეწითლება
  • წებოვანი ოფლი
  • არტერიული და ქალაშიდა წნევის მომატება

ამ ეტაპზე სათანადო ღონისძიებების გარეშე მოწამლულის მდგომარეობა უფრო მძიმდება:

  • ირღვევა სუნთქვა, რის შედეგადაც გუგები ფართოვდება
  • იკვეთება ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) ნიშნები, კანი ლურჯდება, ციანოზი (გალურჯება) იწყება ტუჩების არიდან
  • მაჯა ძნელად ისინჯება, პულსი შესაძლოა, გახშირებული ან წყვეტილი იყოს
  • ვითარდება ჰიპოტონია (არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემა)
  • ირღვევა გულის მუშაობა
  • ამონაღები მასის სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში, მოხრჩობის გამო ადამიანი იღუპება

დახმარება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს სახლის პირობებში

  • პირველ რიგში, გვახსოვდეს, რომ თუ მოწამლული კარგავს გონებას, ეწყება ინტენსიური უნებლიე შარდვა, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, რადგან მოსალოდნელია ალკოჰოლური კომის განვითარება

სხვა შემთხვევაში კი შეგვიძლია თავად აღმოვუჩინოთ დახმარება მოწამლულს:

  • ამოვურეცხოთ კუჭი 2 ლ სითხის დახმარებით (თბილი წყალი, მარილიანი ან სოდიანი წყალხსნარი, რეჰიდრონი)
  • დავაწვინოთ გვერდზე და არავითარ შემთხვევაში - ზურგზე, რათა ღებინებისას არ მოხდეს პირნაღები მასის სასუნთქ გზებში ასპირაცია და დახრჩობა
  • სასურველია 2 საათით მაინც არ დავაძინოთ და ვამყოფოთ მჯდომარე მდგომარეობაში
  • ინტოქსიკაციის ხარისხი რომ შევამციროთ, უნდა დავალევინოთ ენტეროსორბენტები: გააქტიურებული ნახშირი, ენტეროსგელი, სმექტა, პოლისორბი
  • არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ სხვა არანაირი მედიკამენტი, რადგან ბევრი მათგანი ალკოჰოლთან შედის რეაქციაში და აძლიერებს ინტოქსიკაციას, თანაც, ღვიძლს ამ დროს არ შეუძლია დამატებით სხვა ქიმიური ნივთიერების გადამუშავება
  • ნუ დავტოვებთ ნასვამ ადამიანს მარტო და უყურადღებოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობაში იგი სრულიად უსუსურია ნებისმიერი სახის გართულების განვითარების შემთხვევაში

აქ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა კი ძალიან ადვილად შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, თუკი დავლევთ ზომიერად და მივირთმევთ მხოლოდ ხარისხიან ალკოჰოლურ სასმელს.

და რაც მთავარია, კატეგორიულად გამოვრიცხოთ ალკოჰოლთან ერთად, ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარება, რადგან ამ ორი ჯგუფის ნივთიერებების ერთდროული გამოყენება საკმაოდ ამძიმებს მდგომარეობას და ღრმა ინტოქსიკაციებიც გარდაუვალია ასეთ დროს.

"აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო" - როგორ აფასებს მარინა ეზუგბაია ქვეყნის ეპიდმდგომარეობას

"21 აჭარაში გამოვლინდა, 5 კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება" - ინფორმაცია 45 ახალი ინფიცირებულის შესახებ

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?