ავტორი:

"ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის... ლარის კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა" - თემურ ჭყონია ხაზარაძესა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე

"ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის... ლარის კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა" - თემურ ჭყონია ხაზარაძესა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე

„ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის და ამასობაში, მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს,” - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას. მისი შეფასებით, ეს რომ ერთი ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა იყოს, საგამოძიებო უწყებები საგანგებო პრესკონფერენციებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებდნენ. მისი განცხადებით, ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის. ბიზნესმენის შეფასებით, ამ საქმეს 2-3 წლიანი გამოძიება და მის გარშემო მუდმივად ხმაური არ სჭირდება.

„თუ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, რატომ აძლევენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგანგებო პრესკონფერენციებით? თუ ისეთი არაფერი ხდება და პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუ არა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი? სწორედ არასწორი კომუნიკაციიდან გამომდინარე იგრძნო მამუკა ხაზარაძემ, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მის წინააღმდეგ. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, გამოძიებამ ბრალი უნდა დაასაბუთოს. ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის.

ქვეყანა ეკონომიკურად მიდის, მსუბუქად რომ ვთქვათ, არსაით და ამასობაში მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ, ვისაც შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე? არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იგი, ასევე, გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის დაანონსებას. ჭყონიას განცხადებით, ამ მოძრაობაში, შესაძლოა, ცნობილ ბიზნესმენებთან ერთად, მმართველი გუნდის წევრებიც გაერთიანდნენ და ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„შეწუხდა ადამიანი დღევანდელი მდგომარეობით და თქვა, რომ უნდა ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გააჯანსაღებს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. რა არის ამაში ცუდი? ამ იდეის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ეს არის თემა, რომელიც ყველას აწუხებს. ხაზარაძის მიერ დაანონსებულ ამ გაერთიანებაში შესაძლოა ისეთი მოქმედი პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომლებიც დღეს მმართველ პარტიაში არიან. რა თქვა სამტრო და ვინმეს საწინააღმდეგო მამუკამ? რომელ პოლიტიკურ ძალას დაუპირისპირდა მისი განცხადება? არც ერთს. თუ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ისინი, ვინც მათ ოჯახს მოუტანს კეთილდღეობას.

წარმოიდგინეთ, რომ ეს იქნება ძალიან ცნობილი ბიზნესმენების ჯგუფი, ვისაც აქვს სურვილი და უნარი ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალოს. წინასწარ ვიცი, რომ მათზე იტყვიან - ოლიგარქები არიან, ქვეყნის შესაჭმელად მოდიანო და კიდევ ათას სიბინძურეს დასწამებენ, მაგრამ, მოდი, მათ დავუსვათ შეკითხვა, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს იყო ხელისუფლებაში - თვითონ რა გააკეთეს? ხომ ხედავთ, როგორი სწორი ნაბიჯები გადადგეს ბადრიმ და მამუკამ და საერთოდ გაერიდნენ იმ ბიზნესპროექტებს, რომელთა სათავეშიც იდგნენ,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენმა ინტერვიუში ლარის კურსის შესახებაც ისაუბრა. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები გააკრიტიკა. ჭყონიას შეფასებით, კობა გვენეტაძის განცხადებიდან, რომ - „ქვეყანაში თავისუფალი გაცვლითი კურსია“ - მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ეროვნული ვალუტა მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული.

„ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა. არადა, ლარი და მისი სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკის სტაბილურობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლებიდან, რომელიც ამბობს, თავისუფალი გაცვლითი კურსი გვაქვსო, შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - ლარი მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული. თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს. თუ თავისუფალი გაცვლითი კურსი ისე გესმის, რომ ნებაზე უნდა მიუშვა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი აპარატითა და ამდენი ხარჯით, რისთვის გვჭირდება? მაშინ რა არის მისი ფუნქცია?“ - აცხადებს თემურ ჭყონია.

მან იმ ზეგავლენაზეც ისაუბრა, რაც ბიზნესზე ლარის კურსის ვარდნას აქვს. თემურ ჭყონიას შეფასებით, შეუძლებელია პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა ბიზნესმენი იმაზე ფიქრობს, არ გაკოტრდეს და კრიზისული ვითარებიდან გამოძვრეს.

„ძლიერი ბიზნესმენები გვყავს და იმ ბიუროკრატიულ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ბიზნესის წარმოება გვიწევს, მინდა ყველა ბიზნესმენს ტაში დავუკრა ამისთვის.

როგორ შეიძლება პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა იმაზე ფიქრობ, არ გაკოტრდე, პარტნიორი არ დაკარგო, ხელფასები დროზე გასცე, მოტივაცია არ დაკარგო და როგორ გამოძვრე კრიზისული ვითარებიდან. ასეთ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არაფერს ამბობს და მგონი, არც არაფერს აკეთებს, უნდა გველაპარაკებოდეს ლარის კურსის რყევის მიზეზებზე, პროგნოზებზე, ოღონდ რეალობასთან მიახლოებულ გათვლებს უნდა აკეთებდეს. იგივე მოეთხოვება ფინანსთა მინისტრსაც. ესენი კი დემოკრატიაზე გველაპარაკებიან და კომუნისტური ლოზუნგებით საუბრობენ. კომუნიზმი კარგი რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი კი არ დაინგრეოდა,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ნახეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები