ავტორი:

"9 თვე, ორსული ვთამაშობდი კაზინოში..." - თეა დარჩია ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე და მიმართვა ახალგაზრდებისადმი

"9 თვე, ორსული ვთამაშობდი კაზინოში..." - თეა დარჩია ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე და მიმართვა ახალგაზრდებისადმი

თეა დარჩია ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მოცეკვავეა. მისი ცხოვრების თითქმის 30 წელი ქართულ ნაციონალურ ბალეტს - "სუხიშვილებს" უკავშირდება. ენერგიული, ქარიზმატული, უნიჭიერესი თეა დარჩია 4 შვილის დედაა და დღეს ის მომავალ თაობას ასწავლის ქართული ცეკვის ხელოვნებას.

ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი" მოცეკვავემ მის ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა და რთული პერიოდებიც გაიხსენა, რომლის გადალახვაში საკუთარი ნებისყოფა და ეკლესია დაეხმარა. ერთ-ერთი ასეთი ეტაპი მის ცხოვრებაში აზარტული თამაშებით გატაცება იყო. ლუდომანიის ეტაპი დაახლოებით 5 წელი გრძელდებოდა 90-იანი წლების ბოლოს და მას თეა დარჩია საკმაოდ რთულად იხსენებს.

"რეპეტიციიდან გამოვდიოდი, შევდიოდი კაზინოში, კაზინოდან გამოვდიოდი, შევდიოდი რეპეტიციაზე... მადლობა ღმერთს, ტვინი მეყო და ისეთი თანხა არ წამიგია, რომ დავღუპულიყავით მეც და ჩემი ოჯახიც.

დღემდე ლომბარდშია მთელი ჩემი ოქროულობა და ბრილიანტები, რასაც ბებია და დედა მიგროვებდნენ... გამქონდა და შემომქონდა, გამქონდა და შემომქონდა...

თამაშში კარგავ ჯანმრთელობას, დროს, ნერვებს, ფულზე აღარც არის ლაპარაკი... იქ ცხოვრებას კარგავ... გაზომბებული თამაშობ, იმისთვის კი არა, რომ ფული მოიგო, არამედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ითამაშო. ამიტომ, ახალ თაობას მთელი გულით ვთხოვ, არ გეგონოთ რომ თქვენ ეს არ დაგემართებათ, მეც მეგონა, რომ ერთხელ გავაკეთებდი, მაგრამ... მე მიშველა ღმერთმა...

ჩემმა ქმარმა, გუჯამ იმდენი გადაიტანა მაგ დროს, მამაომ უთხრა - სასუფეველში გზა ხსნილი გაქვს, შეგიძლია ლოცვებიც აღარ იკითხოო...

9 თვის ორსული ვიყავი მეორე შვილზე, მირიანზე. სახლში მივედი, აბაზანაში შევედი და მივხვდი, რომ მეწყება მშობიარობა. გავვარდით სამშობიაროში, ორ საათში ვიმშობიარე და ცოტა ხანში მირეკავენ კაზინოს მეგობარი გოგონები: თეა დღეს რომელზე მოხვალო. ვუთხარი დღეს ბიჭი გავაჩინე, ვერ მოვალმეთქი. წარმოიდგინეთ, 9 თვე ისინი ყველა მონაწილე იყვნენ, როგორ მეზრდებოდა შვილი მუცელში, 9 თვე, ორსული ვთამაშობდი კაზინოში... ნორმალური ვიყავი მე?! მახსოვს მიწისძვრა მოხდა, კედელი გაიხსნა კაზინოსი, "ლუსტრა" ჩამოვარდა, ყველა გარბოდა, მე კი მოგებული "ფიშკებით" ვიჯექი მაგიდასთან და არ ვიძროდი.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ბავშვები მისმენენ, თან ჩემი მოსწავლეა ნახევარი საქართველო და ზუსტად იციან, რომ არ ვატყუებ არც ერთ სიტყვას: თუ დრო გაქვთ დასაკარგი, ჯანმრთელობა დასაკარგი, ცხოვრება დასაკარგი, ფულიც დასაკარგი, კი ბატონო... თამაშში რომ ვინმე რამეს იგებდეს, არ არსებობს..." - ისაუბრა თეა დარჩიამ "ფარულ კონვერტში".

ლუდომანია, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, 21-ე საუკუნის სენად არის ქცეული. დადასტურებულია, რომ ლუდომანია ისეთივე სიმძაფრის დაავადებაა, როგორც ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდებულება. საქართველოში ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია, მათი ასაკი კი 14-დან 35 წლამდე მერყეობს.

"მაღაზიებს შეუძლიათ გაყიდონ ნებისმიერი პროდუქცია, რაც მათ დახლებზე დევს" - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში ფოტოებზე, რომელსაც სოცქსელებში აკრიტიკებენ

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ორი პირი დააკავა

"მომეცი, მომე, წავიყვან, ჩემთან წავიყვან" - რუსთავის მერის პასუხი აქციის მონაწილის კითხვაზე, თუ რა უნდა ჭამოს მისმა მცირეწლოვანმა შვილმა