ავტორი:

"თსუ-ში ის ჩემს დასაშინებლად მოვიდა..." - რა შეხვედრას იხსენებს იაგო კაჭკაჭიშვილი ერეკლე კოდუასთან და რას წერს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე

"თსუ-ში ის ჩემს დასაშინებლად მოვიდა..." - რა შეხვედრას იხსენებს იაგო კაჭკაჭიშვილი ერეკლე კოდუასთან და რას წერს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე

სოციოლოგიის დოქტორი, თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ პოსტთან დაკავშირებით, სადაც ის 20 ივნისის საპროტესტო აქციებსა და "ვარდების რევოლუციას" შორის პარალელს ავლებდა და "ოცნების ხელისუფლებას" მისი განცხადებების გამო აკრიტიკებდა, განმარტებას აკეთებს. იაგო კაჭკაჭიშვილი სოდ-ის ყოფილ უფროსზე, ერეკლე კოდუაზე საინტერესო ამბავს იხსენებს:

"ეს ამბავი მხოლოდ ვიწრო წრეში მაქვს მოყოლილი, ახლა გავასაჯაროვებ:

2005 წელია. ჩემთან, თსუ მეოთხე კორპუსის ოთახში (სოციოლოგიის კათედრის გამგე უკვე ვარ) შემოდის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ჯიბიდან იღებს რაღაც მოწმობას, გადაშლილს მიჩვენებს და მეუბნება (ეს ციტატა არ არის, თუმცა, ღმერთია მოწმე, არაფერს ვაჭარბებ):

ბ-ნო იაგო, მე ირაკლი კოდუა ვარ, შსს თანამშრომელი; ახალი ხელისუფლება, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, არასაიმედო პირების გამოვლენითაა დაკავებული. თქვენ გეცოდინებათ, ვინ არის შევარდნაძის მომხრე პროფესურა თსუ-ში; საჭიროა მათი გამოვლენა და განეიტრალება.

ტანში გამცრა: მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ირაკლი (ერეკლე) კოდუა; ცხადია, ის თსუ-ში ჩემს გასაფრთხილებლად (თუ, დასაშინებლად) მოვიდა (ხელისუფლების საკრიტიკო მესიჯები უკვე გაშვებული მქონდა სხვადასხვა არხით). უცებ ავენთე და ვუთხარი: თქვენ გგონიათ, რომც ვიცოდე, ვინ არ გიჭერთ მხარს, ახლა მათ გვარებს დაგისახელებთ-მეთქი?

მოკლედ, კიდევ გავცვალეთ ერთი-ორი ფრაზა და გავიდა ოთახიდან... რამდენიმე წუთი გაოგნებული ვიჯექი. ახლა აღარ მოვყვები იმ დისკომფორტის (რბილად რომ ვთქვა) შესახებ, რაც იმ პერიოდში განმაცდევინა წინა ხელისუფლებამ...

ასე რომ, მეგობრებო, თქვენი ჭირიმე, ნუ მიხსნით, რას აშავებდა "ნაცმოძრაობა" (განსაკუთრებით ნუ მიხსნიან ისინი, ვინც მაშინ "თბილად" იყო). ყველა ხელისუფლებს აქვს დიდი მინუსები და ზოგიერთს - დიდი პლიუსებიც.

"ვარდებს რევოლუციის" პლიუსებზეც და მინუსებზეც ისტორიკოსები აუცილებად დაწერენ! მე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, რომ, საერთო ჯამში, ეს მოვლენა (თანმდევი პლიუსებით და მინუსებით) პროგრესულად შეფასდება-მეთქი (თანაც, ეს არ ყოფილა ჩემი პოსტის მთავარი აქცენტი). არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე", - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

აქვე გთავაზობთ სოციოლოგის პოსტს, რომელთან დაკავშირებითაც მან ზემოთ მოყვანილი განმარტება გააკეთა:

"2003 წლის "ვარდების რევოლუცია" ისტორიაში დარჩა როგორც პოზიტიური, პროგრესული მოვლენა. თუმცა, პარლამენტში შეჭრის (ანუ, სახელმწიფო გადატრიალების) არათუ მცდელობა, არამედ ფაქტი მოხდა.

რატომ ფასდება პროგრესულად "ვარდების რევოლუცია"? იმიტომ, რომ რევოლუციური ცვლილებების დაკვეთა "ქვემოდან" მოდიოდა, ანუ საზოგადოებაში არსებობდა ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნილება.

2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო გამოსვლას არ ჰქონია ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილების განზრახვა. ცილისწმებაა ამის დაბრალება იქ მისული ათასობით ადამიანისთვის. ჰქონდათ თუ არა ეს განზრახვა ცალკეულ პოლიტიკოსებს (მელია, ოქრუაშვილი...)? შეიძლება ასეა, მაგრამ საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ხელისუფლებამ აღკვთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ცოტა კარიკატურულად გამოიყურება.

ისე, წესით, 20 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალებად მონათვლა თავად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს, რადგან ამით ხაზს უსვამს საკუთარ არალეგიტიმურობას, ანუ აღიარებს, რომ მან საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა", წერდა იაგო კაჭკაჭიშვილი.