ავტორი:

რას გააძვირებს ლარის გაუფასურება - ბიზნესი და ექსპერტები მოსალოდნელ ცვლილებებზე

რას გააძვირებს ლარის გაუფასურება - ბიზნესი და ექსპერტები მოსალოდნელ ცვლილებებზე

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად უფასურდებოდა. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარსაც კი მიაღწია, რამაც ქვეყანა ინფლაციის საფრთხის წინაშე დააყენა.

როგორც გამოიკვეთა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაქციის საფრთხე დაინახა და პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასის ზრდის თავიდან ასაცილებლად, გუშინ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ბოლო მონაცემებით, აღნიშნული თანხიდან 32 800 000 აშშ დოლარი გაიყიდა და ეს გაცვლით კურსზეც აისახა: პირველ აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.92 გახდა, როცა 31 ივლისს 2.97 ლარი ღირდა.

ბიზნესის წარმომადგენები ვარაუდობენ, რომ თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია შენარჩუნდება, პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება.

პროდუქტები, რომელთა გაძვირებაც შესაძლოა, ლარის გაუფასურებამ გამოიწვიოს

ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ აისახება იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე. იმპორტიორები პროდუქციას ძირითადად, დოლარში ყიდულობენ, მისი მკვეთრი გამყარების შემთხვევაში კი ხარჯები ეზრდებათ, ამიტომ იძულებულები ხდებიან, ფასები დააკორექტირონ.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე AMBEBI.GE-ს განუმარტავს, რომ საქართველოს შიდა სამომხმარებლო ბაზარი ¾-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ამიტომ ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასებზე იმის მიხედვით აისახება, რა დრო სჭირდება იმპორტირებულ პროდუქციას საზღვრის გადმოკვეთიდან სამომხმარებლო დახლებზე მოსახვედრად და რა რეზერვები აქვთ იმპორტიორებს.

"რეზერვების ვადები განსხვავდება პროდუქციის წარმომავლობის მიხედვით. ნავთოპრდუქტებში ეს შეიძლება, იყოს 2-3 კვირის მარაგი, მარცვლეულში შეიძლება იყოს უფრო ნაკლები ვადა. ბევრი სხვა ფაქტორიც მუშაობს, ამიტომ ჩვენ პირობებში, როდესაც ვალუტის კურსი იცვლება, დაახლოებით, 10-12 დღე ეს არის ის მაქსიმუმი, რა დროშიც შესაძლოა ვალუტის კურსის ცვლილებამ ფასების ზრდაზე მოახდინოს ზეგავლენა.

ჩვენს რეალობაში ეს პროცესი სამწუხაროდ, უფრო ჩქარდება - ვალუტის ახალი კურსი ჯერ დაფიქსირებული არ არის, რომ უკვე ახალი კურსით ხდება ფასების განსაზღვრა“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში პურ-პროდუქტები ძირითადად, იმპორტირებული ხორბლითა და ფქვილით მზადდება, შესაძლოა, 1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარით მოიმატოს. თუ ახლა 1 ტომარა ფქვილი საშუალოდ, 48 ლარი ღირს, ფასის ზრდის შემთხვევაში, 50 ლარი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იმოქმედებს ფასის ცვლილება პურის ფასზე.

"ფქვილის ფასი დღესდღეობით დოლართან მიმართებაში 2,75-2,80 კურსზეა გაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, დღეს არის სიტუაცია, რომ დოლარი თუ არ დასტაბილურდა, ფასები უნდა გადაიხედოს, თუმცა ამ დროისთვის დრამატულ ცვლილებებს არ ველოდებით.

დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება საშუალოდ 48 ლარია, შესაბამისად, თუ ჩვენ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ფასს მოვუმატებთ, ეს, დაახლოებით, 2-ლარიანი მატება იქნება და ფასი 50 ლარზე ავა“, - აღნიშნავს საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

5%-ით შეიძლება გაძვირდეს კვერცხი და ქათმის ხორცი. როგორც „რადიო პალიტრის“ ეთერში მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, პროდუქტზე ფასი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ლარის კურსის რყევები გაგრძელდება და ნიშნული არ დასტაბილურდება.

"ლარის კურსის რყევები და ეროვნული ვალუტის გაუფასურება კატასტროფულად მოქმედებს მეფრინველეობის დარგზე. იძულებული ვართ, აბსოლუტურად ყველა კომპონენტი - ეს იქნება ზეთი, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, ვიყიდოთ უცხოური და ეს ყველაფერი უცხოურ ვალუტაზეა მიბმული. შესაბამისად, ლარი ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. ჩათვალეთ, რომ მეფრინველეობას ფაქტობრივად, მოგება არ აქვს.

სწორედ ამიტომაც არის, რომ დარგის განვითარება წლებია არ ხდება, ბოლოში ინტერესი არ არის. ჩვენ თუ ახლა არ გავაძვირეთ პროდუქცია, ფაქტობრივად, მოგება არ გვაქვს. სულ ყველაფერი იმპორტირებულია, მარცვლეული უკვე გაძვირებულია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გავაძვიროთ პროდუქცია, მაგრამ თუ ნიშნული არ დასტაბილურდა და 2.80 მაინც არ დაჯდა, გაძვირება გარდაუვალია - ქათამი და კვერცხი მინიმუმ 5%-ით მაინც გაძვირდება" - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

ლარის გაუფასურება, როგორც წესი, მკვეთრად აისახება მედიკამენტების ფასებზეც.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციების პრეზიდენტი ირინა ჭელიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ლარის გაუფასურების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასების ზრდა მოსალოდნელია.

"იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა, ყველა გადახედავს ფასებს, იმიტომ რომ არსებობს კონკურენცია, არსებობს უამრავი ფაქტორი. 99% მედიკამენტისა, დოლარშია შეძენილი და ისე შემოდის, ამიტომ სავარაუდოა, რომ მოიმატებს ფასები. სავარაუდოდ, ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად არ გაიზრდება, თუმცა ეს ზრდა სხვა ტიპის პროდუქციას შეეხება და საბოლოოდ მედიკამენტები მაინც გაძვირდება“, - აღნიშნა მან.

კიდევ ერთი რამ, რაც ლარის გაუფასურების გამო ძირითადად, ყოველთვის ძვირდება, საწვავია.

საწვავის ფასის წარმოქმნაზე ზეგავლენას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი და გაცვლითი კურსი ახდენს. ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით, 54.82 აშშ დოლარია. ბოლო რამდენიმე თვეა, ნავთობის ფასი ნელ-ნელა იზრდება. თუ ივნისის შუა რიცხვებში 1 ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით, 49 დოლარი იყო, აგვისტოს დასაწყისისთვის 5 ერთეულით გაიზარდა. ამას თან ერთვის ლარის გაუფასურება და ეს სურათი გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, საქართველოში საწვავიც გაძვირდეს.

მიუხედავად ამ მოლოდინებისა, ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება, ამიტომ შესაძლებელია, ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა საწვავის ფასი არ გაზარდონ.

„თუ ლარმა გამყარების პროცესი გააგრძელა და შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რა თქმა უნდა, საწვავის გაძვირების საკითხი მიმდინარე ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლების პროგნოზები და იმედები გამართლდება და ლარი გამყარებას დაიწყებს. მე ამ მიმართულებით საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს“ - განმარტა მთვრალაშვილმა.

რატომ გაუფასურდა ლარი მკვეთრად დოლართან მიმართებაში?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არასდროს არ არსებობს. ეკონომისტთა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ გაუფასურება საპროტესტო აქციების გამო შექმნილმა ნეგატიურმა განწყობამაც გამოიწვია.

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ ლარი გაუფასურებისა და მერყეობის განმაპირობებელი, საბოლოო ჯამში ეკონომიკის სისუსტეა.

"პრობლემა არის ის, რომ იმპორტდამოკიდებულები ვართ. ადგილობრივი ბაზრისთვის ჩვენ თვითონ ძალიან ცოტა პროდუქციას ვაწარმოებთ და ამასთან, ძირითადად, ყველა ტიპის პროდუქციის მოხმარებაზე ვართ ორიენტირებულები. მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციაც კი, რომლის წარმოება ჩვენ ადგილზე შეგვიძლია, იმპორტირებულია.

თუნდაც ავეჯი და ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებასა და წარმოებას, განსაკუთრებული ინვესტიციები არ სჭირდება, იმპორტზე შემოგვაქვს. თუ ასე გაგრძელდება, ეროვნული ბანკი ჩაერევა, არ ჩაერევა, 40 მილიონ დოლარს გამოიტანს თუ 100 მილიონს, ეს ჩარევა დროებითად იმოქმედებს" - განმარტა მან.

რაც შეეხება საპროტესტო აქციების ფაქტორს, ჭარაია განმარტავს, რომ მან გარკვეული ნეგატიური მოლოდინები შექმნა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ლარის გაუფასურება მაინც სუსტი ეკონომიკითა და იმპორტდამიკიდებულებითაა განპირობებული.

რაც შეეხება პროგნოზებს, ეკონომისტს გაცვლითი კურსის ნიშნულის დასახელება უჭირს, თუმცა ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით, 2.90 ნიშნულის გარშემო იტრიალებს და ასეც შენარჩუნდება.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტული სეზონი წელს საქართველოში, ფაქტობრივად, ჩავარდა, შემოდგომაზე კი ლარი ძირითადად, რყევებს განიცდის, შესაძლოა, გაუფასურების ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ