ავტორი:

ვერიკო ანჯაფარიძის უცნობი წერილები გარდაცვლილი მეუღლისადმი - "აბულაძე როლს მთავაზობს, სულ ერთი ფრაზაა... წუწურაქი ეგა!"

ვერიკო ანჯაფარიძის უცნობი წერილები გარდაცვლილი მეუღლისადმი - "აბულაძე როლს მთავაზობს, სულ ერთი ფრაზაა... წუწურაქი ეგა!"

მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე ეს ის ეპოქალური წყვილია, რომელმაც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურას განსაკუთრებული კვალი დაატყო. მათი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართული თეატრი და კინო ნამდვილად ღარიბი იქნებოდა, რომ არა ეს ორი ადამიანი.

გარდა მათი ფასდაუდებელი საქმიანობისა, საინტერესო და ემოციურია წყვილის სიყვარულისა და თანაცხოვრების მრავალწლიანი ისტორია. ფიქრის გორაზე, ჭიაურელი-ანჯაფარიძის სახლში მოხვედრილ სტუმრებს დღემდე სიამაყით უყვებიან ამბავს იმაზე, რომ ადგილი, სადაც ეს ლეგენდარული სახლი მდებარეობს, ოდესღაც ტყე იყო და იქ შეყვარებული წყვილები დადიოდნენ სასეირნოდ.

ერთ-ერთი სეირნობისას, მიხეილ ჭიაურელმა ვერიკოს აკოცა და დაჰპირდა, რომ სახლს სწორედ იმ ადგილას აუშენებდა, სადაც პირველად აკოცა... წლების შემდეგ მართლაც ააშენა სახლი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად და კულტურის ერთგვარ ცენტრად იქცა.

ვერიკო ანჯაფარიძე მიხეილ ჭიაურელისთვის მხოლოდ მეუღლე და შვილების დედა არ იყო, ის რეჟისორის მუზადაც იქცა, ვერიკომ მთავარი როლები ჭიაურელის როგორც დრამატულ ფილმებში, ისე კომედიურ ფილმში - "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ითამაშა.

როგორც მათი ქალიშვილი, ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა, დედა და მამა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ, ხასიათითა და მსოფლმხედველობით. მამა, სტალინის მეგობარი, საკმაოდ პოლიტიზირებული ადამიანი იყო, ხოლო დედას ეს ყველაფერი არ აინტერესებდა - მისთვის მთავარი იყო შემოქმედება, თეატრი და ის როლები, რომლებსაც შეუდარებლად ასრულებდა. მაგრამ მათ უსაზღვრო სიყვარული აერთიანებდათ...

სოფიკო იგონებდა, რომ როცა მამას წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში უწევდა ყოფნა, დედა მას ტელეფონზე საათობით ელაპარაკებოდა და უხსნიდა სიყვარულს, სწერდა წერილებს და საოცარი სიზუსტით უზიარებდა ოჯახში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან, თუ უმნიშვნელო ამბავს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, გასაკვირი არცაა, რომ ვერიკო ანჯაფარიძემ მეუღლისთვის წერილების მიწერა მიხეილ ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა. აღნიშნული წერილები შევიდა ანდრო ჭიაურელის მიერ "პირველი არხის" დოკუმენტური ფილმების სტუდიაში გადაღებულ ფილმში - "ვერიკო".

მაგალითად, ერთ-ერთ წერილში ვერიკო მიხეილს ქალიშვილის შესახებ უყვება:

"...გახსოვს ჩვენი სოფკა, ჩვენი გოგო, კიბის პატარა სივრცეზე სპექტაკლს რომ დგამდა? თავისივე მოფიქრებულ ოთხმოქმედებიან პიესას. ყველა აქტი იმეორებდა პირველს. მოფრინავენ ბომბები, ის იმალება და ერთ-ერთი ბომბი კლავს. მაყურებელს წარმოდგენაზე არ უშვებდა. ჩვენ კი ჭუჭრუტანიდან ვუთვალთვალებდით...

როცა შენ შენიშვნა მიეცი, რომ ყველა აქტი განსხვავებული უნდა ყოფილიყო, გიპასუხა - რომ შენზე კარგად იცოდა, როგორ დაედგა და ეთამაშა სპექტაკლი. სამწუხაროდ, ეს თვისება დღემდე შემორჩა, არადა ორმოც წელზე მეტი გავიდა".

წერილებში ანჯაფარიძე გარდაცლილ მეუღლეს დღესასწაულებს ულოცავდა, ყოფით ამბებს უყვებოდა და აზრსაც კი ეკითხებოდა შეთავაზებულ როლებთან დაკავშირებით.

მაგალითად, ერთ წერილში მსახიობი თენგიზ აბულაძეს ახსენებს და წერს, რომ რეჟისორი მას ეპიზოდურ როლს სთავაზობს. საუბარია ფილმზე "მონანიება", სადაც ვერიკო ანჯაფარიძე ფინალურ სცენაში ჩნდება და დაუვიწყარ სახეს ქმნის ქართულ კინემატოგრაფში - ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი და დასამახსოვრებელი ეპიზოდი "მონანიებაში" სწორედ ვერიკოს სცენაა, რომელიც ტაძრისაკენ მიმავალ გზას ეძებს...

"გილოცავ ფერისცვალებას! გუშინ შენი ქალიშვილი ვენეციიდან ჩამოვიდა. რაღაცა პრიზი მიიღო, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს, ძალიან კი აქებდნენ სოფიკოს.

ვენეციას არ დავიწყებიხარ, გაზეთებში იხსენებდნენ 1947 წელს, ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს. მეც კი გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე - "ქალი, რომელიც ნაზი, მელოდიური ხმით წამღერებით ლაპარაკობდა..." ნეტა ეხლა მოასმენინათ ჩემი ნაზი ხმა - ბებერი ყვავი.

ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენატრები, მიყვარხარ!

გაგიკვირდება, თენგიზ აბულაძე, მგონი შენი მოწაფეა, თავის ფილმში როლს მთავაზობს. არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრაზა - "რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს?!" ეგ წუწურაქი ეგა! შეეძლო ჩემთვის ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, თუ შენ წინააღმდეგი ხარ არ ვითამაშებ, თუმცა, რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე გავაკეთებ როგორც მე მინდა?"

1984 წელს გადაღებული "მონანიება" ვერიკოსთვის ერთ-ერთი ბოლო როლი იყო. მსახიობი 1987 წელს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში, საყვარელი მეუღლის გარდაცვალებიდან ცამეტი წლის შემდეგ...

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

კადრები ფილმიდან - "ვერიკო"

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ