გლდანში, ა.ვასაძის ქუჩაზე მდებარე პარკში "საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ პენსიონერები, რომელთაც ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება“ „სინერჯის გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდმა“ და „სახალხო აფთიაქმა“ დააფუძნეს. ორგანიზაციის მიზანია, გააერთიანოს საპენსიო ასაკის ადამიანები, რომლებიც დაამუშავებენ სპეციალურ პროგრამებს და თავადვე განახორციელებენ მათ. როგორც „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ დამფუძნებლები აცხადებენ, ორგანიზაციის შექმნის მიზეზი საპენსიო ასაკის ადამიანებზე ზრუნვა გახდა.
პრეზენტაციაზე, რომელიც ახმეტელის თეატრის მიმდებარე პარკში გაიმართა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ მისია და მიზნები გააცნეს. გარდა ამისა, „სახალხო აფთიაქის“ სამედიცინო მიმართულების წარმომადგენელი პენსიონერებს ამ ასაკში ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა და გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა.
პრეზენტაციაზე დამსწრეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ორგანიზაციის საქმიანობა, ასევე განთავსებულია ინფორმაცია სახელმწიფო თუ კერძო სერვისებზე, რომლებიც დღეისათვის პენსიონერებისთვის მოქმედებს. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე „სახალხო აფთიაქმა“ თითოეულ მათგანს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ პრეზენტაციაზე პენსიონერებს ორგანიზაციაში დარეგისტრირება ადგილზევე შეეძლოთ, თუმცა რეგისტრაციის პროცესი არ დასრულებულა და ორგანიზაციაში გაწევრიანება ყველა პენსიონერს სპეციალური კითხვარის შევსების შედეგად შეუძლია.
ცნობისათვის, „სახალხო აფთიაქი“ „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ სტრატეგიული დონორია, რომელიც გარდა სააფთიაქო დანიშნულებით მხარდაჭერისა, დაეხმარება ორგანიზაციას ძირითადი მმართველი გუნდის და რეგიონული საკოორდინატორო ქსელის ჩამოყალიბებაში. „სახალხო აფთიაქი“ ასევე დააფინანსებს პენსიონრებზე ორიენტირებულ პროექტებს, მისცემს ორგანიზაციას საშუალებას მისი რეგიონული ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 60 აფთიაქს ითვლის, გამოიყენოს პენსიონრებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, მათი საჭიროებების გასარკვევად და თავშეყრის ადგილებად.
„სინერჯის გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი“ საქველმოქმედო და განვითარების ორგანიზაციაა, რომელიც მუდმივად ეძებს და ავითარებს ისეთ თემებს, რომელთაც განსაკუთრებული ღირებულების შექმნა შეუძლიათ საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის.
ღონისძიებას სპონსორობა გაუწიეს აგრეთვე ჩირის მწარმოებელმა კომპანიამ „ქარელის ხილი“ და ქართული ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ „მანნა“.