ავტორი:

"მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ესაა აუხდენელი ოცნება" - თეონა თავართქილაძე ოჯახზე, ახალ საქმესა და იდეალური ფორმის საიდუმლოზე

"მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ესაა აუხდენელი ოცნება" - თეონა თავართქილაძე ოჯახზე, ახალ საქმესა და იდეალური ფორმის საიდუმლოზე

თეონა თავართქილაძე ყველას მეხსიერებაში ყოველთვის იყო და არის გემოვნებიანი, მოვლილი, ლამაზი ქალი, რომელიც მუდამ კარგად გამოიყურება. დიზაინერი დღეს ზუსტად იმ სფეროში საქმიანობს, სადაც უნდა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის დიზაინის კეთებას თავი დაანება, ახლა უფრო მეტს აკეთებს, როდესაც გოგონებს უმზადებს პატარა ყუთებს, რომლებიც ჩვენს სილამაზეს კიდევ უფრო კაშკაშასა და ბრჭყვიალას გახდის...

მაშ ასე, ყველასთვის კარგად ნაცნობი თეონა თავართქილაძე ჟურნალ OK!-ის სილამაზის საიდუმლოს, ოჯახური იდილიის შესახებ ესაუბრება და აუხდენელ ოცნებასაც უმხელს...

"...როცა ამბობდნენ, 40 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება იწყებაო, ყოველთვის მეგონა, რომ ეს იყო თავის დამშვიდება. სინამდვილეში, მართლა ასე ყოფილა. ამაში ჩემმა მაგალითმა დამარწმუნა: 40 წლის შემდეგ დავიწყე ახალი საქმე ახალი ადამიანებით და ახალი სანაცნობო წრით, გავხდი ტელეწამყვანი, მაქვს საავტორო რუბრიკა სილამაზეზე, ვარ ჟურნალ OK!-ის ბუქის მოწვეული რედაქტორი.

მთლიანად გადავერთე ჩემს ახალ საქმიანობაზე - Beauty and the Box. თუმცა, უშუალოდ სფეროები არ არის ერთმანეთისგან შორს. რომ იცოდე ტენდენციები მაკიაჟში, აუცილებლად თვალს უნდა ადევნებდე მსოფლიო მოდის სამყაროს. შესაბამისად, გამოდის, რომ მოდის სფეროს არ მოვწყვეტივარ, სამუშაო მიმართულება შევიცვალე ვიწრო პროფილით - სილამაზის პროდუქტების ინდუსტრია გახდა ჩემი საქმიანობა.

სილამაზე თქვენთვის...

სილამაზე ჩემთვის არის ის ესთეტიკური სიამოვნება, რომელსაც ყოველდღიურად იღებს ადამიანი. შექსპირის სიტყვებია, რომ ობიექტური სილამაზე არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანს სილამაზის შეფასების სხვადასხვაგვარი, სუბიექტური კრიტერიუმი აქვს. მთავარია მონდომება და სურვილი, რომ ყველაფერში დავინახოთ დადებითი დეტალი, და მთელი დღის განმავლობაში შევძლებთ ბევრი კარგი და ლამაზი რამის აღმოჩენას.

ლამაზი ქალი თქვენთვის უფრო ბუნებრივ სილამაზესთან ასოცირდება თუ მოვლილ ქალთან?

გულწრფელად მიმაჩნია, რომ ყველა ქალი ლამაზია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ქალისთვის აუცილებელია თავის მოვლა. არ ვამბობ, რომ მთელი დღე გადაყვეთ თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურას, მაგრამ დღეს იმდენად ბევრი საშუალება არსებობს, სწრაფად და საშუალო ბიუჯეტით მოუარო თავს, რომ მგონია ეს ნაკლებ დაბრკოლებას უნდა წარმოადგენდეს ქალებისთვის.

პირადად მე მოვლილი ქალი მირჩევნია ბუნებრივად ძალიან ლამაზს და თუ ეს ორივე ერთადაა, მაშინ საქმე გვაქვს სრულყოფილ სილამაზესთან.

თავის მოვლაში ვგულისხმობთ ვარჯიშსაც და კვებასაც? თქვენ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ ამ ორ კომპონენტს?

რა თქმა უნდა, ვარჯიში და სწორი კვება თავის მოვლის განუყოფელი ნაწილია. მე რაც შემეხება, დიეტები არ მიყვარს. ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. ვარჯიშის სახეობიდან უპირატესობას პილატესს ვანიჭებ. ჩემთვის, ჯანსაღი კვება, ვარჯიში და თავის მოვლის პროდუქტები ერთიანობაში ლამაზ ქალს ნიშნავს.

ოჯახი...

შვილები უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ერთი ფეხბურთს თამაშობს პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. მეორეც მუშაობს. ადრე ძალიან ხშირად ვიყავი მათთან, მაგრამ ახლა იმდენად ვერ ვახერხებ ხოლმე შვილებთან ჩასვლას, რომ უკვე თვითონ მეკითხებიან, როდის ჩავალ.

თეონა შვილებთან - ნიკა და ვატო არველაძეებთან ერთად

ოცნება, რომელიც ვერ ავიხდინე...

ძალიან მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ისე გამოვიდა, რომ არც მე მყავს გოგონა და ჩემ გარშემოც ყველას ბიჭები ჰყავთ. ამიტომ ამას უნდა დავარქვათ აუხდენელი ოცნება.

თეონა მეუღლესთან, რეზი არველაძესთან ერთად

ბედნიერება თქვენთვის...

სიყვარულია. სიყვარულში ვგულისხმობ ყველანაირ სიყვარულს. შვილების მიმართ უპირობო სიყვარულიდან დაწყებული, ქალისა და მამაკაცის სიყვარულით დამთავრებული. როცა გრძნობ, რომ გიყვარს, ამ დროს ხარ ყველაზე ბედნიერი.

წაიკითხეთ ვრცლად ჟურნალ OK!-ში

როგორი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის 2020 წელი - "პანდემიის დროს უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა საღამოს კაბებზე"

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა