ავტორი:

"რუსეთში რაღაც ახალი დაიწყო" - რას ელიან ექსპერტები ხალხმრავალი აქციების შემდეგ?

"რუსეთში რაღაც ახალი დაიწყო" - რას ელიან ექსპერტები ხალხმრავალი აქციების შემდეგ?

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 500-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. აქციის ორგანიზატორთა ცნობით, მოსკოვის ცენტრში სხვადასხვა მონაცემებით, 70-დან 90 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, გუშინდელ აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობით, რუსეთში ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბეს.

გამოცემა Медиазонa-ს წარმომადგენლის ცნობით, ის თავადაც იმყოფებოდა აქციაზე და ამბობს, რომ რუსეთში რაღაც ახალი დაიწყო... პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია - ისინი ითხოვენ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებს მონაწილეობის საშუალება მისცენ. ისინი ასევე ითხოვენ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას.

სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, სანქცირებული მიტინგები გაიმართა მოსკოვში, ხაბაროვსკში, პეტერბურგსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში. სოლიდარობის პიკეტები მიმდინარეობდა ვლადივოსტოკში, ირკუტსკში, ომსკში, კემეროვსა და ტომსკში.

უფრო ადრე, 27 ივლისსა და 3 აგვისტოს, პოლიციამ აქცია დაარბია და 1400-მდე მონაწილე დააკავა.

კრემლის მიერ არაკონტროლირებადი მედიის ცნობით, მოსკოვში სახაროვის მოედანზე, მიტინგის ჩატარების ზონაში, პოლიცია მეტალოდეტექტორებით ჩხრეკდა მოქალაქეებს, გარშემო რამდენიმე ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმაც დღის მეორე ნახევარში დემონსტრანტების მასობრივად დააკავება დაიწყეს. ადგილობრივი პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში ჟურნალისტებსაც.

ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი novayagazeta.ru-სთან იხსენებს, რომ უამრავი აქცია გაუშუქებია, მაგრამ პირველად ნახა "როგორ გარბოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი, რომელსაც უკან ОМОН-ის ხელკეტიანი თანამშრომელი მისდევდა".

გამოცემა საუბრობს პუტინის ხელისუფლების მიერ კონტრილირებადი მედიის პოზიციაზეც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მოსკოვის მთავარ მოედანზე 20 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. ხალხი მათ (მათ შორის ტელეარხ Россия-ს) სამარცვხინოს უწოდებდა.

ტელეკომპანია Дождь-მა მოზარდებში ჩაატარა გამოკითხვა, - აპირებენ თუ არა რუსეთში ცხოვრების გაგრძელებას? უამრავმა მათგანმა უპასუხა, რომ თუ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება, ისინი რუსეთიდან წავლენ.

რას შეცვლიან აქციებით რუსეთში და რისი მოლოდინი აქვთ დემონსტრანტებსა და ოპოზიციას, ამის შესახებ პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები მსჯელობენ. Дождь-თან საუბარში პოლიტოლოგი კირილ როგოვი ამბობს, რომ რუსეთი, როგორც პოლიციური სახელმწიფო, ახლა რეპრესიების ახალ ტალღას დაიწყებს და ასობით ადამიანს დააპატიმრებენ ან სულაც სხვა შეზღუდვას დაუწესებენ, თუმცა, საპროტესტო ტალღა არ უნდა შეწყდეს. ოპოზიცონერ იგორ ჟუკოვის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, ევგენი ოვჩაროვი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ამდენი დაკავებების ფონზე, მიიღებს იმას, რაც მოხდა უკრაინაში - მას თავისი ნებით მოუწევს წასვლა.

"აქციაზე დააკავეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მხოლოდ და მხოლოდ აქტიურობისთვის. ახლა კრემლის მიერ მართული უამრავი ადამიანი დეზინფორმაციას ავრცელებს, მუშაობენ ტროლები, რომლებიც ასევე უამრავ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ეს არის გარეშე ძალის მიერ მართული, თუმცა, უკვე ჩამოყალიბდა რაღაც ჯანსაღი ძალა, რომელიც უკან დახევას არ აპირებს და მზად არის ბრძოლისთვის, თუნდაც იმ სასტიკი მეთოდების წინააღმდეგ, რომელსაც პუტინის ხელისუფლება გვთავაზობს", - ამბობს ოვჩაროვი.

ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორის ვლადიმირ გელმანი the-village.ru-სთან საუბარში ამბობს, რომ "სწორი სტრატეგიაა, რომ ყოველი მომდევნო აქცია უფრო და უფრო ხალხმრავალია. მობილიზაცია თუ გაიზრდება, ეს ხელისუფლების იმიჯს კიდევ უფრო დააზიანებს, რაც 8 სექტემბერს დანიშნულ არჩევნებში გამოიხატება. მანამდე პუტინის ხელისუფლება მასობრივ დაჭერებს, დაშინებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას დაიწყებს.

მასობრივი პროტესტის გარეშე მივიღებთ, ჩრდილოეთ კორეასა და ლათინური ამერიკის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმს, თუმცა იქამდე არც არაფერი გვიკლია. ხანდახან თავისუფლებისთვის ბრძოლას ათეულობით წელი სჭირდება, მაგრამ ყველას ვერ დაიჭერენ და არსებობს შანსი, ერთხელაც ყველაფერი შეიცვალოს", - ამბობს ის.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში წერენ, რომ პუტინის რეჟიმი მზად არის სამოქალაქო დაპირისპირების ინსცენირებაც კი გააკეთოს, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"