ავტორი:

12 დეტალი, რომელიც ონლაინ მაღაზიის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ

12 დეტალი, რომელიც ონლაინ მაღაზიის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ

დღეს, ფაქტობრივად, აღარ ჩნდება კითხვა, უნდა გავხადოთ თუ არა ჩვენი ბიზნესი ციფრული, გვჭირდება თუ არა ელექტრონული კომერცია, რადგან პასუხი ცალსახაა - ბიზნესი, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს არ ითვალისწინებს, ლიკვიდაციისთვის არის განწირული.

ონლაინ მაღაზია ფუფუნება და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა დიდი ხანია აღარ არის. რთულად მოიძებნება განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც არ ცდილობს ინტერნეტის გამოყენებით შესთავაზოს მომხმარებელს საკუთარი პროდუქტები და სერვისები. თუმცა ბევრი მათგანი სწორედ ახლა იწყებს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და სწორედ მათ გვინდა გავუზიაროთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილება.

სტრატაპი, დამწყები ბიზნესმენი, გამოცდილი სავაჭრო კომპანია, ტრადიციული საწარმო ან უბრალოდ საინტერესო ბიზნეს იდეის მქონე მეწარმე - ყველას სჭირდება გაყიდვების ზრდა და ყველა აცნობიერებს, რომ მისი პროდუქტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტ სივრცეში, ამიტომ პირდაპირ კონკრეტულ დეტალებზე გადავალთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნისას:

1. არ გადადო დომენის დარეზერვება და შეძენა - დომენი ეს არის თქვენი მისამართი ინტერნეტ სივრცეში. იმის გასარკვევად დაკავებულია თუ არ თქვენთვის სასურველი დომენი, გამოიყენეთ საიტები https://nic.ge (ქართული, მაგალითად .ge დომენებისთვის) და https://domains.google (საერთაშორისო, მაგალითად .com დომენებისთვის). გაითვალისწინეთ რომ ინტერნეტ მისამართი სასურველია იყოს მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი და ასაკრეფი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგი წარმოაჩენდეს თქვენს ბიზნესს სწორად. დომენის ღირებულება წელიწადში 30 ლარს შეადგენს და ვფიქრობ დროა დაარეზერვოთ სასურველი მისამართი რაც შეიძლება მალე.

2. შეარჩიე ონლაინ მაღაზიების შემქმნელი საუკეთესო პლატფორმა - წარმატებული ონლაინ მაღაზიების უდიდესი ნაწილი სწორედ მსგავსი პლატფორმების გამოყენებით, ეგრეთ წოდებული Ecommerce Website Builder-ებით იქმნება. ეს არის ონლაინ პლატფორმები, რომელთა გამოყენებითაც ნებისმიერ მეწარმეს თავად შეუძლია შექმნას სრულყოფილი ვებ-გვერდი და ონლაინ მაღაზია, პროგრამირების ცოდნისა და რამე განსაკუთრებული ტექნიკური უნარ-ჩვევების გარეშეც. ასეთი პლატფორმა საქართველოშიც არსებობს B2C.ge, შეგიძლიათ ეწვიოთ მას https://www.b2c.ge/ და 2 წუთში შექმნათ საკუთარი ონლაინ მაღაზია. უფრო დეტალურად ინფორმაციას, მსგავსი პლატფორმების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ bpn.ge-ის სტატიაში „საუკეთესო უცხოური და ქართული პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც ონლაინ-მაღაზიას რამდენიმე წუთში შექმნით“

3. ონლაინ მაღაზიის ეფექტური და კომფორტული დიზაინი - პირველ შთაბეჭდილებას ვიზიტორზე, სწორედ ჩვენი ვებ-გვედრის ვიზუალი მოახდენს, ამიტომ ღირს დავხარჯოთ საკმარისი დრო და შესაძლოა ფულადი რესურსიც, საკუთარი ლოგოს, ფერების შეხამების, ვებ-გვერდზე განთავსებული ეფექტური დიზაინის მქონე ბანერების თუ ვიდეოების შესაქმნელად. ამ პროცესში არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ეფექტურ დიზაინზე მუშაობისას არ უნდა გადავაჭარბოთ და არ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ვიზიტორს. მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული პროდუქტის შერჩევითა და მისი ყიდვით, არ უნდა მოვაბეზროთ თავი გამაღიზიანებელი ეფექტებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც ონლაინ მაღაზიის ვიზუალის შექმნისას, დღეისათვის ვებ-გვერდებზე ვიზიტების 50%-ზე მეტი ხორციელდება მობილური ტელეფონების გამოყენებით, შესაბამისად ჩვენი ონალინ მაღაზია და მისი დიზაინი აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს მობილურ მოწყობილობებთან.

4) დახვეწილი ფოტოგალერეა - ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი მომხმარებელი ჯერ კიდევ სავაჭრო ცენტრებში სიარულს ამჯობინებს ონლაინ მაღაზიით ნივთის შეძენას არის ის, რომ ფიზიკურ მაღაზიაში მას შეუძლია ხელით შეეხოს ნივთს და სრულად აღიქვას მისი ვიზუალი. რა თქმა უნდა მსგავს ეფექტს ვებ-გვერდზე ვერ მივაღწევთ, მაგრამ კარგად გადაღებული ფოტო მასალა ძალიან ეხმარება მომხმარებელს პროდუქტის სრულად აღქმაში და გაცილებით მარტივად იღებს სახლიდან გაუსვლელად ყიდვის გადაწყვეტილებას. მაგალითად, სპორტული ფეხსაცმლის შემთხვევაში სასურველია საიტზე გვედოს არა მხოლოდ ცალკე მდგომი გასაყიდი ნივთის სურათი, არამედ როგორ აცვია ის მოდელს, ასევე როგორ გამოიყურება ის სხვადასხვა ხედებიდან. შეიძლება გიღირდეთ სპეციალური „ლაით-ბოქსის“შეძენაც, რათა უფრო მაღალი ხარისხის და ადვილად დასამუშავებელი ფოტოები გადაუღოთ თქვენს პროდუქციას.

5) ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია პროდუქტებზე - უკვე შევთანხმდით, რომ პროდუქტისთვის ონლაინ მაღაზიაში მაღალი ხარისხის ფოტოები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არა ნაკლები მნიშვნელობის არის დეტალური ტექსტური ინფორმაციის დართვა თითოეულ გასაყიდ პროდუქტზე, იქნება ეს წარმოების ქვეყანა, პროდუქტის შემადგენლობა, გამოშვების თარიღი, ზომა, წონა, თუ სხვა. ვგულისხმობთ ნებისმიერ ინფორმაციას, რამაც შეიძლება დააინტერესოს პოტენციური მყიდველი გადაწყვეტილების მიღებისას. ძალიან ბევრია ისეთი, მომხმარებელი, რომელიც პროდუქტის თუნდაც ფიზიკურ მაღაზიაში ყიდვამდე ინფორმაციას ინტერნეტით აგროვებს და იქვე იღებს გადაწყვეტილებასაც.

6) ანგარიშსწორების მეთოდების შერჩევა - განვითარებულ ქვეყნებში ფაქტიურად წარმოუდგენელია ონლაინ მაღაზია საბანკო ბარათით გადახდისა ან ფეიფალით ანგარიშსწორების შესაძლებლობის გარეშე, მაგალითად ადგილობრივი პლატფორმა B2C.ge მსგავს შესაძლებლობას საკმაოდ მარტივად აძლევს ონლაინ მაღაზიის მფლობელებს. ქართულ რეალობაშიც იზრდება ასეთი მაღაზიების რიცხვი, თუმცა გვაქვს ისეთი წარმატებული პრეცენდენტებიც, როცა ონლაინ მაღაზია ძირითადად იყენებს საბანკო განვადებას, ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შესაძლებლობას. თუ რომელი ანგარიშსწორების ფორმაა თქვენთვის ოპტიმალური, დამოკიდებულია თქვენი პოტენციური კლიენტების სეგმენტზე. ამ თემაზე კიდევ ერთხელ დასაფიქრებლად გირჩევთ გაეცნოთ შესაბამის ვიდეოს (ვიდეოს ბმული) და მას შემდეგ ჩამოყალიბდეთ, თუ რომელი ფორმაა თქვენთვის ყველაზე უფრო მიზან შეწონილი.

7) იაფი თუ სწრაფი მიწოდების სერვისი? - ონლაინ მაღაზიის ყველაზე დიდი კომფორტი მომხმარებლის გადმოსახედიდან არის ის, რომ მას არ უწევს ნივთის შესაძენად სავაჭრო წერტილში მისვლა, ამის მაგივრად თავად პროდუქტი მოაქვთ მომხმარებელთან მისთვის სასურველ ადგილას. აქვე შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ონლაინ მაღაზიას კარგი მიწოდების სერვისი უნდა ქონდეს. მაგრამ რას ნიშნავს კარგი? ის, რომელიც ნივთს მიაწოდებს შეკვეთიდან მაქსიმუმ 1 საათში? ის, რომელიც ნივთს მიაწოდებს მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში? ის, რომელიც ყველა იაფად განახორციელებს მიწოდების სერვისს? შეიძლება საკუთარი ხელით, ან ჩვენი თანამშრომლის მიერ ნივთის მიტანა სჯობდესიმისათვის, რომ უკეთ გავიცნოთ ჩვენი მომხმარებლები? მოკლედ, საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ჩვენი რჩევაა დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი შერჩეული პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ დააინტეგრიროთ რამდენიმე მიწოდების პროვადერი და თავად საბოლოო მომხმარებელმა გადაწყვიტოს, თურომლის სერვისით სარგებლობა ურჩევნია. აქვე გეტყვით, რომ თუ თქვენ არჩევანი შეაჩერეთ პლატფორმაზე B2C.ge, შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში დააინტეგრიროთ საქართველოს ფოსტის, გლოვოს ან/და საკუთარი მიწოდების სისტემა.

8) მომხმარებელთან კომუნიკაციის არხები - ონლაინ მაღაზია ეს არ არის მხოლოდ ნივთის გასაყიდი წერტილი ინტერნეტ სივრცეში. პარალელურად ეს არის თქვენი კომპანიის ვებ-გვერდი, რომელიც წარმოაჩენს თქვენს ბრენდს და რაც მთავარია ეს არის მომხმარებელთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი არხი. ნივთის შეძენამდე და თქვენთვის ფულის ნდობამდე, მომხმარებელი დიდი ალბათობით დაინტერესდება თქვენი კომპანიის იმიჯით და გამოცდილებით. თუ ვიზიტორი პირველი შენაძენის განხორციელებას გეგმავს დიდია ალბათობა, რომ მოინდომოს თქვენთან პირდაპირი დაკავშირებაც. ამიტომ სრულყოფილ ონლაინ მაღაზიას აუცილებლად უნდა ქონდეს ჩაშენებული მომხმარებელთან ურთიერთობის რამდენიმე არხი: პირველ რიგში უნდა იყოს მითითებული ტელეფონის ნომერი, რათა ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეძლოს მომხმარებელმა თქვენთან დარეკვა; თანამედროვე რეალობაში სულ უფრო მეტი ადამიანი სატელეფონო კავშირს ამჯობინებს ონლაინ მიმოწერას (ჩათს), ამიტომ მესენჯერის ინტეგრირებაც აუცილებელია; ასევე საჭიროა, რომ მომხმარებელმა იცოდეს თქვენი კომპანიის ოფიციალური დასახელება და მისამართიც, მისამართის უფრო ეფექტურად გამოსატანად გირჩევთ საიტზე მოახდინოთ Google Map-ის ინტეგრაციაც.

9) უმარტივესი რეგისტრაცია და ანგარიშსწორება - მომხმარებელი, რომელმაც გადაწყვიტა ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენა ნაცვლად მაღაზიებში სიარულისა, მარტივად მისახვედრია, რომ კომფორტის მოყვარულია. მას ძალიან მარტივად დავკარგავთ თუ დავაძალებთ რეგისტრაციას საიტზე შესვლის მომენტშივე, ასევე დიდი ალბათობით დახურავს ფანჯარას თუ დაინახავს გრძელ სარეგისტრაციო ფორმას ბევრი შესავსები ველით მაგალითად ასეთი კითხვებით: „პირადი ნომერი“, „ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი“, „იურიდიულიმისამართი“ და ა, შ,. უნდა შევეცადოთ, რომ საიტის ვიზიტორმა რეგისტრაცია გაიაროს უმარტივესად, სულ ორი ან სამი ველის შევსებით, ან შევთავაზოთ სოციალური ქსელის მეშვეობით რეგისტაციის გავლა, რაც მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერასთან არის დაკავშირებული. ნივთის შეძენის მომენტშიც უნდა მოვითხოვოთ მხოლოდ ის აუცილებელი ინფორმაცია, რაც დაგვჭირდება ნივთის ჩაბარებისთვის, მაგალითად: საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და მისამართი.

10) ციფრული მარკეტინგი უალტერნატივოა - ძალიან მნიშვნელოვანია დახვეწილი და სრულყოფილი ონლაინ მაღაზიის შექმნა, მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ნახევარია. მეორე არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია მისი რეკლამირება და ცნობადობის გაზრდა. მარტივი მისახვედრია, რომ ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესოა ის მომხმარებლები, რომლებიც ამ მომენტში ინტერნეტში იმყოფებიან, რადგან თუ მათ ყურადღებას მივიპყრობთ მარტივად გადმოვლენ ჩვენს გვერდზე და შეიძლება რამდენიმე წუთში სასურველი ნივთიც შეიძინონ. მომხმარებლის დაინტერესება შეიძლება მოვახდინოთ სოციალური ქსელების გამოყენებით, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა წარმატებულ გვერდებზე სარეკლამო ბანერების განთავსებაც ან Google-ში ფასიანი რეკლამის განთავსებაც. ეს მიმართულება საკმაოდ მრავალფეროვანია და სასურველია თუ სპეციალისტებთან გაივლით კონსულტაციას.

11) SEO ანუ როგორ მოვხვდეთ Google-ში პირველივე გვერდზე - მსოფლიოს ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის მფლობელის ოცნებაა, რომ შესაბამისი ფრაზებით ძებნისას Google-მა მისი პროდუქტი და ვებ-გვერდი შესთავაზოს მომხმარებელს პირველივე გვერდზე. რაც უფრო მაღლა აღმოჩნდებით ამ გვერდზე თქვენი გაყიდვები კიდევ რამდენიმეჯერ გაიზრდება. რა თქმა უნდა კონკურენცია დიდია, მაგრამ ქართულ ინტერნეტ სივრცეში სწორი პლატფორმის შერჩევის შემთხვევაში და სწორად განთავსებული კონტენტის (ფოტოები, ტექსტები) პირობებში დაახლოებით 5 თვეში შესაძლებელია კონკრეტული შედეგების მიღება. დაიმახსოვრეთ, SEO არის სასურველი მომხმარებლების უფსოდ მოზიდვის საუკეთესო საშუალება.

12) ანალიტიკა და სტატისტიკა - ჩვენი აზრით ონლაინ მაღაზიის ყველაზე დიდი უპირატესობაა დაგროვილი ინფორმაცია და სტატისტიკა, როგორც მომხმარებლების ასევე თითოეული განთავსებული პროდუქტის ჭრილში. ეს ინფორმაცია გვაძლევს სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების აგების და დასკვნების გაკეთების საშუალებას. ჩვენთვის ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ის ციფრები, თუ რამდენი პროდუქტი გავყიდეთ, არამედ რომელ ნივთს რამდენი ვიზიტორი ათვალიერებდა, რამდენი წუთი და წამი გაჩერდა კონკრეტულ პროდუქტზე, რომელი ქვეყნის მომხმარებლები სტუმრობენ ჩვენ საიტს, რა ასაკის და ა. შ. ამ და სხვა უფრო კომპლექსური ინფორმაციების მიღება შესაძლებელია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში Google Analytic-ის ინტეგრირების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი წარმატებული პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ ონლაინ მაღაზიის შექმნას, იძლევა Google Analytic-ის ინტეგრაციის შესაძლებლობას.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის წარმატებას ონლაინ სივრცეში და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ელექტრონული კომერცია. როგორც ხედავთ, დღეს უკვე ყველას შეუძლია, თვითონ შექმნას წარმატებული ონლაინ მაღაზია. მოქმედების დროა.