ავტორი:

საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზები, პრევენცია და სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზები, პრევენცია და სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, რომელიც რეპროდუქციული სისტემის ინფექციებს შორის ყველაზე ხშირია. სქესობრივად აქტიურ ადამიანთა უმეტესობა, ცხოვრების რომელიმე პერიოდში, ინფიცირდება ადამიანის პაპილომა ვირუსით (აპვ) და ნაწილში შესაძლოა ხელახალი ინფიცირებაც მოხდეს.

აპვ ინფიცირებულთა უმრავლესობა სქესობრივი კონტაქტის დაწყებიდან მოკლე პერიოდში ინფიცირდება. ამ ინფექციის მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს მკერდის კიბოს შემდეგ.

პაპილომავირუსების 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, რომელთაგან 40 აინფიცირებს ლორწოვან ზედაპირებს, მათ შორის ანოგენიტალურ ეპითელიუმს (საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის, სწორი ნაწლავის, ურეთრის, ასოს და ანუსის). მათგან 14 მიეკუთვნება ე.წ. "მაღალი რისკის" ტიპებს (ონკოგენურ, ანუ სიმსივნესთან ასოცირებულ), დანარჩენი კი "დაბალი რისკის" (არაონკოგენური) ტიპებია.

პაპილომავირუსის ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპი. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70% სწორედ ამ 2 ტიპზე მოდის.

რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომავირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევენ სიმსივნეებს და ასოცირებული არიან გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან. გენიტალური მეჭეჭების 90% გამოწვეულია სწორედ პაპილომავირუსის მე-6 და მე-11 ტიპებთან.

პაპილომავირუსის დიაგნოსტიკა ხდება დნმ-ის განსაზღვრით ლორწოვანი გარსის უჯრედებში. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ არ არსებობს.

ქალებში, სიმსივნურ დაავადებებს შორის, საშვილოსნოს ყელის კიბო სიხშირით მეოთხეა მსოფლიოში. ამ დაავადების ახალ შემთხვევათა რიცხვმა, 2018 წელს, შეადგინა 570 000 მსოფლიოში.

როგორი მიმდინარეობა ახასიათებს პაპილომავირუსის ინფექციას?

პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში ხდება ვირუსის გამოდევნა შემთხვევათა 90%-ში. დანარჩენ 10%-ს უვითარდება პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომავირუსული ინფექცია. ასეთ დროს თუ ადამიანი ინფიცირებულია ე.წ. მაღალი რისკის ვირუსით, ლორწოვან გარსში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები და კიბო.

მამაკაცებში მაღალი რისკის პაპილომავირუსებით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს ასოს და ანუსის კიბოს განვითარება. თუმცა ეს ბევრად უფრო იშვიათი მოვლენაა, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება ქალებში.

იშვიათად, სასქესო ორგანოების პაპილომავირუსული ინფექცია შეიძლება გადაეცეს დედიდან ბავშვზე, რაც იწვევს ბავშვის სასუნთქი გზების პაპილომატოზს (მეჭეჭები სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე).

არსებობს თუ არა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

სადღეისოდ არსებობს ვაქცინა პაპილომავირუსის ინფექციის საპროფილაქტიკოდ. ეს არის ინაქტივირებული ვირუსული ვაქცინა, რომელიც იცავს ადამიანის პაპილომავირუსის 4 ძირითადი ტიპისაგან: მე-16, მე-18, მე-6 და მე-11.

ვაქცინა იცავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინირებულმა ქალმა არ უნდა ჩაიტაროს საშვილოსნოს ყელის სიმსივნეზე პერიოდული გამოკვლევები, ვინაიდან ვაქცინა არ იცავს აბსოლუტურად ყველა ტიპის პაპილომავირუსისაგან და შედარებით იშვიათი ტიპებით ინფიცირების მცირე რისკი მაინც რჩება.

საქართველოში პაპილომავირუსის ვაქცინა 9 წლის გოგონებისთვის უფასოა.

როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ხდება პაპ ტესტით, რომელიც გულიხმობს ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებების გამოვლენას, რომლებიც წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის წინამორბედს და რომელთა მკურნალობა აუცილებელია, რათა არ მოხდეს ამ ცვლილებების პროგრესი და სიმსივნის განვითარება.

განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოს მასობრივი სკრინინგის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა ქალთა სიკვდილობა ამ დაავადებით.

საქართველოში მოქმედებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სკრინინგულ გამოკვლევას 25-60 წლის ქალებში და მოიცავს:

  • პაპ-ტესტის ჩატარებას
  • პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კოლპოსკოპიას
  • საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 3 წელიწადში ერთხელ. დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი