ავტორი:

"საშიში შედეგებით ჩერნობილს ვერ გაუტოლდება" - მოიმატა თუ არა საქართველოში რადიაციის დონემ რუსეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ

"საშიში შედეგებით ჩერნობილს ვერ გაუტოლდება" - მოიმატა თუ არა საქართველოში რადიაციის დონემ რუსეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ

რუსეთში, არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქალაქებში - დუბნასა და კიროვში მდებარე რადიაციის მონიტორინგის სადგურები (ოთხი მაკონტროლებელის სისტემა) მწყობრიდან გამოვიდა.

ერთი ვერსიით, ისინი რუსეთის ხელმძღვანელობამ თავად გათიშა და ამის მიზეზად ინტერნეტის შეფერხებით მუშაობა დაასახელა.

ამის შესახებ კრემლის მიერ არაკონტროლირებადი რუსული გამოცემები, მათ შორის Новая газета წერს, რომელიც ინფორმაციას ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ლესინ ზარბოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ზარბოს თქმით, სადგურებმა მუშაობა აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ შეაჩერეს.

მან ფოსტის საშუალებით მისწერა რუს მაღალჩინოსნებს, თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ზოგადი პასუხით შემოიფარგლა: "შეფერხება ქსელთან დაკავშირებულმა ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია" - ნათქვამია წერილში.

თუ რამ გამოიწვია აფეთქება 8 აგვისტოს, შემთხვევიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

"Росатом-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ხუთი თანამშრომელი, მათ შორის, ორი სამხედრო პირი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფეთქების დეტალები არ გაასაჯაროვა და რადიაციისგან დაშავებული პირები მოსკოვში ისე გადაიყვანა, რადიაციული დაბინძურების შესახებ ადგილობრივი ექიმები არ გაუფრთხილებიათ თუ რასთან ჰქონდათ საქმე" - Новая газета-ს ჟურნალისტი წერს და დასძენს, რომ იმ ექიმებს, რომლებიც დაშავებულებთან მუშაობდნენ, ФСБ-მ ინფორმაციის გაუთქმელობის პირობა ჩამოართვა.

"Росатом"-ის მტკიცებით, აფეთქება რეაქტიულ დანადგართან მუშაობის დროს მოხდა. რუსეთის ჰიდრომეტეორლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქების დროს, სევეროდვინსკსა და მის შემოგარენში რადიაციის დონემ ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა, რაც რუსული მედიის ცნობით, არასანდო ინფორმაციაა. რუსეთის სამხედრო პოლიგონზე აფეთქება სავარაუდოდ, რაკეტა "ბურევესტნიკის" გამოცდის დროს მოხდა, რომელიც ბირთვული დანადგარითაა აღჭურვილი.

რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს საქართველოსთვის რუსეთში მომხდარი აფეთქება - ამ კითხვით AMBEBI.GE-მ ექსპერტებს მიმართა.

ვასილ გედევანიშვილი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი:

- გარდა იმისა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს აფეთქებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს აფეთქება საქართველოზე, საბედნიეროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწევს, რადგან საკმაოდ შორია.

ჩვენ გვაქვს გარემოს მონიტორინგის სპეციალური სადგურები, რომლებიც სხვადასხვა მაჩვენებლებთან ერთად, რადიაციულ ფონსაც ზომავს და მათი საშუალებით ვაკონტროლებთ ფონს. ბოლო დღეებში არანაირი ცვლილება არ ყოფილა.

- სხვა ქვეყანაში დაფიქსირდა რაიმე სახის ცვლილება?

- ნორვეგიის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ, რომელიც ბევრად ახლოსაა ინციდენტის ადგილთან, ვიდრე საქართველო, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ უმნიშვნელო რაოდენობით იოდის მატება დაფიქსირდა, რაც სხვა დროსაც ყოფილა...

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, აფეთქება კონკრეტულად საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა, არსებობს კითხვები, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობა არ პასუხობს და ინფორმაციას მალავს:

- ნებისმიერი საფრთხე, რომელიც რადიაციულ დაბინძურებასთან არის დაკავშირებული, ეს იქნება ატომურ ელექტროსადგურებთან თუ შეიარაღების გარშემო, საშიშია. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია რომელი ტიპის რადიოიზოტოპების აფეთქება მოხდა და რაოდენობით და ასევე, მნიშვნელოვანია იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რა მიმართულებით მოძრაობდა ქარი. ეს აჩვენა თუნდაც ჩერნობილისა და ფუკუსიმას ტრაგედიებმა.

არხანგელსკის ბაზაზე მომხდარი აფეთქება საშიში შედეგებით ჩერნობილს ვერ გაუტოლდება, თუმცა, ფაქტია, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველი და დაუდგენელია - არ არსებობს ინფორმაცია, ეს ინციდენტი მოხდა რადიოიზოტოპურ წყაროსთან დაკავშირებით, თუ მინიატურული სადგურის გარშემო.

- შეიცავს თუ არა ეს აფეთქება საფრთხეს საქართველოსთვის?

- აფეთქება რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით მოხდა, მით უმეტეს კავკასიის ქედის ფაქტორის გავითვალისწინებთ, საშიშროება ამ მხრივ არ არსებობს. თუმცა, ეს რადიოიზოტები მხოლოდ საქართველოზე კი არა, მთლიანად ბუნებაზე აისახება - აუცილებლად იქონიებს გავლენას წყლის დაბინძურებაზე, შესაბამისად თევზზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოხვდება.

ასევე მნიშვნელოვანია, ატმოსფეროში რა რაოდენობით გაიბნა ეს რადიოიზოტოპები, ნახევრად დაშლის პერიოდი რამდენია - ზოგიერთი მათგანი მაშინვე იშლება, ზოგსაც შეიძლება ათეულობით წლები დასჭირდეს. ამიტომაც იყო იმ სოფელსა და რამდენიმე კილომეტრის იქით მდებარე ქალაქ ჩელიანსკში, ჩერნობილის მწარე გამოცდილებით, იოდის შეძენა დაიწყეს, რამაც დეფიციტი შექმნა.

Pfizer-ის ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - "65 წელს გადაცილებულ ადამიანებში პრეპარატის ეფექტურობა 94% -ს აჭარბებს"

ბრედ პიტის ამაღელვებელი საქციელი - ჰოლივუდის ვარსკვლავმა მანქანიდან საკვებით სავსე ყუთები თავად ჩამოტვირთა და გაჭირვებულებს საკუთარი ხელით დაურიგა

"პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ათასობით ადამიანმა თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მოაწყო" - უცხოური მედია საქართველოში პომპეოს ვიზიტზე