ავტორი:

ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"

ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"

ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ინტერნეტმომხმარებელმა ნონა გიუნაშვილმა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დედა-შვილი დებს უფრო გვანან და მათი ერთმანეთისგან განსხვავება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

"აბა, ახალგაზრდა დედები დამენახეთ უფროს შვილებთან ერთად, ვინც დებს, და-ძმებს გავხართ. ამ სურათზე მე და ჩემი გოგო ვართ და ყველას დები ვგონივართ... რაღაც დადებითი მაინც აქვს ამ ნაადრევ დედობას" - წერდა ნონა გიუნაშვილი. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა დედამ გააზიარა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები.

AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და დღეს გაგაცნობთ 11 ქალს, რომლებიც არაჩვეულებრივ ფორმაში არიან და გარეგნობით შვილებს არ ჩამოუვარდებიან. დედებსა და შვილებს შორის ასაკობრივი ზღვარი თითქმის წაშლილია და დედმამიშვილებს უფრო გვანან.

ბევრმა ქალმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნაადრევად შექმნა ოჯახი, ახლა ამას არასწორად მიიჩნევენ და შვილებსაც ურჩევენ გააზრებულ ასაკში მიიღონ ეს გადაწყვეტილება.

ნონა გიუნაშვილი: "34 წლის ვარ, სამი შვილის დედა. ჩემი უფროსი შვილი გიგა 17 წლისაა, გვანცა 16-ის და ნიცა კი - ექვსის. 17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მომიტაცეს... მაშინ ასეც ხდებოდა და სამწუხაროდ, პატარა ასაკში გოგონას გათხოვება არავის უკვირდა. აქვე მინდა ისიც დავაფიქსირო, რომ ნაადრევად ოჯახის შექმნა არ არის კარგი. ძნელია, როდესაც არ ხარ მზად დედობისთვის...

მე გამოვტოვე ბავშვობის ლაღი წლები, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს რაღაც დადებითი? ვუყურებ ჩემს შვილებს და არ მჯერა, რომ მე გავაჩინე, ისეთი დიდები არიან, მეგობრებივით ვართ. როდესაც შვილებთან ერთად ქუჩაში გავდივარ და დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ, ამაზე მეღიმება, ყველას და-ძმები ვგონივართ.

მეუბნებიან რომ ასაკთან შედარებით უფრო პატარა შეხედულება მაქვს და ვერ იჯერებენ, რომ ეს დიდი ბიჭი და გოგო ჩემი შვილები არიან. ჯერჯერობით არანაირი პროცედურა არ ჩამიტარებია, არც ძვირადღირებულ პარფიუმერიას ვხმარობ - მომწონს ბუნებრივობა და თმასაც არ ვიღებავ. გამიმართლა, რომ მიდრეკილება არ მაქვს სიმსუქნისკენ.

მე და გვანცა ხან ერთად გავდივართ გასართობად ბარში და ვამბობთ, რომ დები ვართ. მერე ბევრს ვიცინით და ვხალისობთ ამაზე, ვჭორაობთ, ვგიჟობთ. დღეს მარტოხელა დედა ვარ... რთულია ჩემი ცხოვრება, მაგრამ ბედნიერი ვარ"

მერი ბეგლარიშვილი: "22 წლის ვიყავი ზუკა რომ გავაჩინე, ჩემი პირველი შვილი. ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ და დღეს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ჩემი მესაიდუმლეა და ასევე ვარ მეც მისთვის, ყველას და-ძმა ვგონივართ. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს, ამავდროულად მისი დედა ვიყო, მრჩეველი, მიმართულების მიმცემი.

ზუკას შემდეგ კიდევ ორი შვილი შეგვეძინა. პატარები ბაღში დადიოდნენ აქამდე, ახლა შუათანა - გოგონა სკოლაში მიდის. მარტო ვცხოვრობთ და ბავშვების მოვლაც მე მიწევს, სახლის საქმეც, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დიასახლისს ევალება. ბავშვების მოვლა-აღზრდაში მეუღლე და მისი მშობლებიც დიდ მონაწილეობას იღებენ.

შვილების მოვლის პარალელურად ვმუშაობ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში კლიენტთა მომსახურების მენეჯერად. ზოგადად, საბანკო სფეროში უკვე 15 წელია ვარ. მეუღლეც ბანკში მუშაობს და ჩვენი უფროსი ვაჟი კი ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთ კაფეში მუშაობს.

რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები, თავის მოვლის რაიმე განსაკუთრებული ხერხები არ მაქვს, არც არანაირი ოპერაცია და პროცედურები ჩამიტარებია. უბრალოდ, ვცდილობ ვივარჯიშო და წონა შევინარჩუნო, არ მოვიმატო".

ეკატერინე გელაშვილი: "17 წლის ვიყავი, როცა შვილი - მერაბ გიგოლაშვილი გამიჩნდა. მაშინ მე თვითონ ბავშვი ვიყავი... საოცარი მეგობრობა გვაქვს მე და ჩემს შვილს, ერთად გავიზარდეთ... გარეთ რომ გავდიოდით სასეირნოდ და "დეეს" დამიძახებდა, ხალხის რეაქციას ვგრძნობდი, ისე უკვირდათ. მერაბმა სკოლა რომ დაამთავრა და ბანკეტზე მივედი, გიგოლაშვილის დედა სად არისო, მეძებდნენ, დასთან ერთად რატომ მოვიდაო.

ჩემი შვილის ოცნებაა წარმატებული ფეხბურთელი გახდეს. საქართველოში ნორჩ დინამოში თამაშობდა და როცა მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდოდა, 2019 წლის თებერვალში მადრიდში წავიყვანე, იქ რომ გაეგრძელებინა სპორტული მოღვაწეობა. ეს იყო უბედნიერესი წუთები მისთვისაც და ჩემთვისაც!

ერთი შვილი მყავს და ძალიან მიჭირს მის გარეშე საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ახლა მისთვის ასე უკეთესია. მერაბის სურვილია საქართველოში დაბრუნდეს, როგორც საუკეთესო ფეხბურთელი"

ნინო ღარიბაშვილი: "ზუსტად 18 წლის შევსრულდი და გიგიც მოევლინა ჩემს ცხოვრებას. ხშირად მასთან ერთადაც კი მიტირია ღამე, რომ ვერ ვიგებდი რატომ ტიროდა... მერე ნელ-ნელა შევეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან ცელქი ბავშვი იყო, მახსოვს სიარული რომ დაიწყო, იმ დღის მერე სახლში სკამები მაგიდაზე გვეწყო. იგის გარდა კიდევ ერთი, უმცროსი ვაჟი მყავს.

გარდა დედა-შვილისა, კარგი მეგობრები ვართ, როცა ქუჩაში ერთად გვხედავდნენ, ჩემი პატარა ძმა ეგონათ და იყო მერე დაშოკილი შეძახილები: "კი მაგრამ შენ თვითონ რამდენი წლის ხარ?" სპორტსმენი ვიყავი და ორი შვილის შეძენის შემდეგაც ყოველთვის ვცდილობდი ფორმაში ყოფნას. დღემდე ვვარჯიშობ, რადგან ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მე და გიგის ხშირად ერთადაც გვივარჯიშია, პარკში ველოთი ერთად გვისეირნია. გარეთაც, როცა ჩემთვის დედა დაუძახია, გაოცება და თბილი სიტყვები მოჰყვება ამას, რაც ორივესთვის სასიამოვნოა. ჩემი შვილები და მე ვამაყობთ ერთმანეთით, მე იმით, რომ ამხელა შვილები მყავს და ისინი იმით, რომ ახალგაზრდა დედა ჰყავთ".

ეკა გოგოლაძე: "17 წლის ვიყავი პირველი ქალიშვილი რომ შემეძინა, ნინო. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ახლა 24 წლისაა და ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ეს არ არის ჰაერზე მოტანილი სიტყვები - რაც შეიძლება ქალებს გვაერთიანებდეს, ყველაფერზე ვსაუბრობთ და აღარ არის ბარიერი ჩვენს შორის. მეორე გოგონა 18 წლისაა. შვილებთან ერთად როცა ვარ, დედმამიშვილები ვგონივართ.

ვიცინით ხოლმე ამაზე, მიჩვეულები არიან დედის ძახილს, სახელით არასდროს მომმართავდნენ. მცდელობა ჰქონდათ ერთი პერიოდი სახელით მოემართათ, მაგრამ რომ წამოცდათ „დედა“, თვალებდაჭყეტილები გვიყურებდნენ.

ის ასაკი, რაც აუცილებელია დედამ შვილთან გაატაროს, მე არ მიმუშავია. სკოლა, ცეკვა, წრეებზე სიარული, გარდატეხის ასაკი - მაშინ არ ვმუშაობდი და როცა აუცილებელი იყო მათ გვერდით ვყოფილიყავი, ჯანსაღი დედა-შვილის ურთიერთობა გვქონდა, მზრუნველობას არ ვაკლებდი, რაც ახლა დეფიციტია ხშირად...

ბოლო შვიდი წელია ვმუშაობ, დაკავებული ვარ, ჩემი საქმე მაქვს, გოგონებიც უკვე ზრდასრულები არიან, ვისვენებთ, ვჭორაობთ, ვერთობით ერთად, ახლა მეგობრულია ჩვენი ურთიერთობა. გოგონებს თავიანთი აზრი გააჩნიათ ყველა საკითხზე, პრაქტიკული და თავისუფალი ადამიანები არიან".

ნინი ფარეშიშვილი: "36 წლის ვარ, 5 შვილის დედა. ჩემი უფროსი გოგონა 19 წლის არის. არავინ იჯერებს, რომ დედა-შვილი ვართ, ყველას დები ან მეგობრები ვგონივართ. მყავს 6 წლის ტყუპი გოგონები, ასევე 3 წლის ბიჭი და 1 წლის ბიჭუნა. მინდა გითხრათ, რომ არაფერს ვაკეთებ ფორმების შესანარჩუნებლად, ყოველი მომდევნო შვილის გაჩენის შემდეგ ახალგაზრდავდება ჩემი გარეგნობა!

აქტიური ცხოვრება რომ არ მქონდეს, ამდენს ვერ შევძლებდი - ჩემი ჰობია აქტიური ცხოვრების სტილი! ვმუშაობ გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მთავარ ბუღალტრად, ასევე მაქვს საკუთარი სალონი და ვცხოვრობ აქტიური ცხოვრებით. მართალია ძიძები მყავს, მაგრამ შვილებთან მაინც ვატარებ საკმარის დროს.

რაც შეეხება ადრეულ ქორწინებას, ჩემს შვილებს ნამდვილად არ ვურჩევ ადრე შექმნან ოჯახი, მე გამიმართლა, შემიწყო დედამ და ოჯახმა ხელი, რომ მესწავლა და დავიმკვიდრე ჩემი ადგილი საზოგადოებაში. თუმცა, ხშირად ნაადრევი ქორწინების გამო, საკუთარი თავის რეალიზებას, კარიერის აწყობას ვერ ახერხებენ, ამიტომ ზოგადად, წინააღმდეგი ვარ ნაადრევი ქორწინების".

მაკა ჩაგანავა: "17 წლის ასაკში გავხდი დედა. ჩემთვის ეს მდგომარეობა იმ ასაკში ძალიან უჩვეულო იყო, ამიტომ ბავშვის აღზრდაში დედა მეხმარებოდა. გამომდინარე აქედან, ჩემი შვილის დედა დედაჩემი ეგონათ იმდენად დაუჯერებელი იყო, ასე პატარა გოგოს შვილი ჰყოლოდა.

ახლა ჩემი გოგონა 21 წლის არის და თსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტია. მის არჩევანში ყოველთვის თავისუფალია, აქვს საკუთარი ინტერესის სფეროები და ზუსტად იცის, რისი კეთება უნდა სამომავლოდ.

სახელით მომმართავს და ეს ფაქტი სულაც არ მწყინს, პირიქით ძალიან მსიამოვნებს. მეც და ჩემი მეუღლეც დასაქმებულები ვართ, ორივეს საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური გვაქვს, ზოგჯერ გვიწევს დაძაბულ გარემოში მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ სამივე ერთად ყოფნას. ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი მაინც ჩემი შვილია და ეს ჩვენი ურთიერთობიდანაც ნათლად ჩანს".

შორენა კეპულაძე: "16 წლის ვიყავი, როცა გამიჩნდა ჩემი საოცრება გოგო. მალე 18-ის გახდება... სიმართლე გითხრათ, როცა გავაჩინე, მაშინ ვერც პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ვერც იმას, რომ დედა ვიყავი... როცა ბაღში მივიყვანე და მშობლების რიგებში დავდექი, მაშინ აღვიქვი რომ გავიზარდე... იმდენად მომეძალა გრძნობა დედაშვილობის, რომ ძალიან აქტიურ მშობლად ჩამოვყალიბდი...

ბავშვის ნიჭმაც შემიწყო ხელი და ჩემმა სურვილმაც, ყველაფერზე დამყავდა, საბოლოოდ ცეკვა აირჩია და მოიარა ევროპა, ყოველ მის წარმატებას სიგიჟემდე მივყავდი და ყოველთვის ამაყად ვამბობდი, რომ მე დედა ვარ ამ საოცრების... ეხლა აბიტურიენტია და ალბათ უახლოეს მომავალში დიდი ადამიანების რიგებში ვნახავ, რადგან ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ ორივე...

მიხარია, რომ ის ყოველთვის ამაყობს, რომ მე დედამისი ვარ, ბედნიერებისგან ბრწყინავს, როცა მხედავს, რომ ლამაზად გამოვიყურები და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ მაქვს ხალისი გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, თავს დავუთმო დრო, მაშინ გაორმაგებულად ცდილობს, არ მომცეს მოდუნების საშუალება...

გამოგიტყდებით, 34 წლის ვარ და სახეზე არანაირი კრემი არ მიხმარია, მაკიაჟსაც იშვიათად ვიყენებ საღამოებზე... გენეტიკაც არის ალბათ ამის მიზეზი, თუმცა წონის პრობლემაში გენეტიკამ არ მიშველა და რაც თავი მახსოვს, სულ დიეტაზე ვარ.

მომწონს ხალხის გაოცებული სახეები იმის გაგებაზე, რომ ჩვენ არა დები, არამედ დედა-შვილი ვართ. მყავს მეორე შვილი, ვაჟი, რომელიც 9 წლის არის და მყავს მეუღლე, რომელიც ტკბება იმით რომ, ჩვენ მისი ოჯახი ვართ... მთავარი ცხოვრებაში სიყვარულია და ყველას გისურვებთ ეს განძი გეპოვოთ!"

მაიკო მამულაშვილი: "ბავშვობიდან ვოცნებობდი მყოლოდა და, რადგან ვერ მომიხერხეს ჩემმა მშობლებმა, ავიხდინე სურვილი და თავად გავაჩინე! ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ნაადრევად გავთხოვდი და შესაბამისად ადრევე გავხდი დედა. პირველი შვილი ბიჭი მყავს, რომელიც 15 წლისაა, გოგონა მარიანა კი 14-ის და დღეს მართლაც დებივით გამოვიყურებით.

მარიანა ისეთი პრანჭია და საყვარელი იყო, სულ მინდოდა გადამეღო, შემენახა მისი ცხოვრების ყველა პერიოდი. 4 წლიდან ჩაერთო სამოდელო სფეროში, შემდეგ ცეკვა და დღემდე ცეკვავს, ანსაბლ “ივერიანის” მოცეკვავეა... შემაყვარა ფოტოგრაფია, დიზაინი...

მაქვს მცირე ბიზნესი, მთელ ჩემს დროს შვილებს ვუთმობდი და ვუთმობ, ახლა კი როცა წამოიზარდნენ, ჩემს საფუსფუსე ადგილს მოვიწყობ - მალე გავხსნი ჩემს სტუდია-ატელიეს, სადაც გვექნება ულამაზესი კაბები, ფოტოსესიები. მარიანა იქნება ატელიეს სახე. იმდენად სწრაფი ტემპით გავიზარდეთ, მართლაც მიწევს დობას, დაქალობას, მეგობრობას...

ანო ქებულაძე: "ჩემი პირველი შვილი - ლიზი 19 წლისამ გავაჩინე. ვიზუალურადაც ერთმანეთს საკმაოდ ვგავართ. როცა იგებენ, რომ თინეიჯერი შვილი მყავს, ყველა გაოცებული რჩება.

ლიზი უფრო დედაჩემმა გაზარდა, რადგან როცა გავაჩინე, სამედიცინო უნივერსიტეტში მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და ვერ ვახერხებდი ბოლომდე ჩემ თავზე ამეღო ბავშვის გაზრდა. დღეს მრავალშვილიანი დედა ვარ: მყავს 13 წლის ლიზი, 7 წლის საბა და ტყუპები - დემეტრე და ელენე, რომლებიც 4 თვის არიან.

ვცდილობ ვიყო მეგობრული დედა და მგონი გამომდის კიდეც. ვცდილობ ჩემი შვილები გაიზარდონ თავისუფალი და განათლებული ადამიანები.

შვილების აღზრდის გარდა, ვარ დაკავებული პროფესიაშიც, ვცდილობ ერთმანეთს შევუთავსო სამსახური, ბავშვები და მეგობრები, ვახერხებ და უკვირთ კიდეც, როგორ ვახერხებ ყველაფერს ერთად.

ალექსანდრა მამალაძე: "19 წლის გავაჩინე უფროსი შვილი ლუკა. 22 წლის ასაკში მეორე შვილი გიორგი. ფაქტია, რომ ეს ასაკი დედობისთვის ცოტა ნაადრევია, მაგრამ ვთვლი რომ მაინც ვუმკლავდებოდი და ცოტა მკაცრი დედაც ვიყავი.

მესამე გოგონა, ჩვენი ნანატრი ქალბატონი 34 წლის ასაკში გავაჩინე და ვთვლი, რომ სწორედ ამ ასაკში ვიგრძენი ნამდვილი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ჩემი და ჩემი ბიჭების ურთიერთობას, ვცდილობ კარგი მეგობრები ვიყოთ. ჩემმა ნიჭმა იხეთქა მათ გენებში და მუსიკალური განათლებით დაჯილდოვდნენ.

როცა კი იგებენ, რომ დედა და შვილები ვართ არავის სჯერა, ალბათ ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. ხშირად ჰგონიათ, რომ და-ძმა ვართ ან შეყვარებულებიც კი. ეს კომპლიმენტი, რომ საერთოდ არ გეტყობა ასაკი და რამხელა შვილები გყავს, ძალიან მსიამოვნებს და მომწონს. მინდა ყველა დედა ახალგაზრდა, მოვლილი და ბედნიერი იყოს სულ!"