ავტორი:

ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც საქართველოში გაჭირვებულ მოხუცებს ეხმარება და ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობს

ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც საქართველოში გაჭირვებულ მოხუცებს ეხმარება და ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს აცნობს

სიახლე არ არის, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა უამრავი ქართველი ცხოვრობს და შეძლებისდაგვარად, ცდილობს, თავის ქვეყანას, ოჯახს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს მატერიალურად დაეხმაროს, რაც თავისთავად ღირსეული საქციელია. ამჟამად, ერთი ასეთი ოჯახის შესახებ უნდა გიამბოთ, რომელიც ამსტერდამში ცხოვრობს და რომლის წევრებიც, არა მხოლოდ მშობლები - სამივე, არასრულწლოვანი შვილი ქველმოქმედია. ბავშვები სიღნაღის რაიონის სოფლების სათნოების სახლებს ეხმარებიან. ვენკოების ამბავს მათი დედა, ბიზნესმენი თიკა სვანიძე-ვენკო გვიამბობს:

- ისე, მოხდა, რომ სამ წელიწადში სამი ბიჭი - გიორგი, ლევანი და თემური გავაჩინე. დღესდღეობით ამსტერდამის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები არიან... ჩემს ბიზნესთან ერთად, თავიდანვე ქველმოქმედებას ვეწევი როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. ბავშვები სულ მეუბნებიან - დედიკო, მაინც სულ საქართველოზე ფიქრობო. ეტყობა, ამის შემხედვარე გიორგიმ, 12 წლის იყო, სურვილი რომ გამოთქვა, მეც მინდა, საქართველოს დავეხმაროო. ბავშვები აქ წელიწადში 4-ჯერ ჩამომყავს, შესაბამისად, საქართველოს კარგად იცნობენ. მოკლედ, გიორგის ვუთხარი, - საქართველოში რომ ჩავალთ, - მოვიკითხოთ, კახეთში დახმარება განსაკუთრებულად ვის სჭირდება-მეთქი. ჩვენთან ახლოს, სიღნაღის რაიონის სოფელი ბროწლიანში სათნოების სახლი აღმოვაჩინეთ, სადაც 24 შშმ პირი ჰყავთ. გიორგიმ მათ ინტერვიუები ჩამოართვა და შეიტყო - რა სჭირდებოდათ.

პრობლემა ჰქონდათ, - წყალს ყიდულობდნენ და კვირაში 250 ევრო უჯდებოდათ. ასევე არ ჰქონდათ სარეცხის მანქანა, ხელით რეცხავდნენ, მესამე - მათი პრობლემა კი დაზიანებული სახურავი იყო, წყალი ჩამოსდიოდათ.

ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი

საქართველოდან ჰოლანდიაში ჩასულმა გიორგიმ საქველმოქმედო ფონდი „დავეხმაროთ საქართველოს“ ჩამოაყალიბა და თავის სკოლას უთხრა, რომ ადამიანებს დახმარება სჭირდებოდათ. ამ თემაზე დაიწყო პრეზენტაციების გამართვაც. კლუბი ჩამოაყალიბა და მეგობრებს მისწერა, - ვისაც გაწევრიანება უნდა, 200 ევრომდე უნდა შემოიტანოთო. ფონდში ასევე თანხები ჩაირიცხა ჰოლანდიაში ქართველი მომღელების მიერ ჩატარებული კონცერტებიდან.

ამრიგად, პირველად 11.000 ევრო მოაგროვა, რომელიც 150-მეტრიანი ჭაბურღილის გაყვანას მოხმარდა და სარეცხი მანქანაც უყიდა. შემდეგ ისევ გააგრძელა პრეზენტაციები და სულ რაღაც წელიწად-ნახევარში მოაგროვა დანარჩენი საჭირო თანხა. 22.000 ევრო სახურავისთვის შეგროვდა, სახურავიც გამოიცვალა და სათნოების სახლს შესაძლებლობა მიეცა, მეორე სართულიც დაეტვირთა. მათ 25 ბენეფიციარი დაემატებათ. ასევე შენობას გამოეცვალა კარ-ფანჯარა - მეტალოპლასტმასი ჩაისვა, რაც 3.000 ევრო დაჯდა. შენობის ფასადიც ჩამონგრეული იყო, კაპიტალურად გარემონტდა და შეიღება. მათი კიდევ ერთი სურვილია - მზის გამათბობელი სისტემა შევუძინოთ და დავუმონტაჟოთ...

- ფონდში შემომწირველები ჰოლანდიელები არიან?

- დიახ, ასევე ამერიკელებიც, - ჩემს შვილებს ბებია ჰყავთ ამერიკელი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტია, მისი მეშვერობითაც და ასევე გიორგის ბიძაშვილებმა ნიუ-იორკის სკოლაში ჩაატარეს პრეზენტაციები და თანხის ნაწილი იქიდანაც მოგროვდა.

- ე.ი. ამ ინიციატივაში სიმოვნებით და საკუთარი ნება-სურვილით ჩაერთო ხალხი, ხომ?..

- კი, მერე ასეთი რამ მოხდა - ჩემს შვილებს, სამივეს - 10 წლის ლევანს და 11 წლის თემურსაც გაუჩნდათ სურვილი, რაღაცით ესიამოვნებინათ ადამიანებისთვის და შევიტყვეთ, რომ სიღნაღის რაიონს ასეთი 7 სათნოების სახლი ჰქონია. ჰოდა, ლევანიკომ წნორის სახლი აიღო საპატრონოდ, თემუკამ კი - ბოდბისხევის (ყველა მოხუცთა თავშესაფარია)...

- გიორგი, ამ ზაფხულს, გაწეული ქველმოქმედებისთვის როგორც ყველაზე ახალგაზრდა ემიგრანტი, დაუჯილდოებით...

- 5 ივლისს, როგორც წარმატებული ემიგრანტი, პროექტის „წარმატებული ემიგრანტის“ ფარგლებში დააჯილდოეს როგორც "ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედი". ღონისძიება ასოციაცია „დიასპორა სახლის“ მიერ განხორციელდა, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. გიორგის შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან, ისინი იმ სათნოების სახლშიც იყვნენ ჩასულები, მოინახულეს, რომელსაც გიორგი დაეხმარა. გიორგის მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პატრიარქთან... ამის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტმა ყური მოკრა ამ ქველმოქმედების შესახებ ამბავს და გიორგი ბიზნესისა და მეწარმეობის კურსებზე ტრეინინგებზე დასასწრებად მიიწვიეს. ლევანმა და თემუკამაც მოინდომეს ტრენინგებზე დასწრება...

- საერთოდ, ჰოლანდიას როგორ დაუკავშირდით?

- ჰოლანდიაში ვსწავლობდი, ვცხოვრობდი, მომავალი მეუღლე რომ გავიცანი. მერე დავქორწინდით და სინგაპურში გადავედით... დღეს მეუღლე ერთ-ერთ დიდ ქიმიურ ჰოლანდიურ-შვედურ კომპანიაში მუშაობს, ვიცე-პრეზიდენტია... როცა გავიცანი, მხოლოდ ევროპის ქვეყნებზე იყო პასუხისმგებელი, დაწინაურების შემდეგ კი, აზიის 36 ქვეყანა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩააბარეს, როგორც გითხარით, მაშინ სინგაპურში ვცხოვრობდით.

შემდეგ უკვე სამხრეთ ამერიკის ბაზრებიც მიანდეს - 4 წელი ჩიკაგოში ვიცხოვრეთ. მერე კიდევ დააწინაურეს და სამი წლით შვეიცარიაში გადავედით, რადგანაც უკვე გლობალურად ევროპა-აზია-ამერიკის ბაზრის მეთვალყურეობა იყო მისი საქმე. ბოლო 6 წელია, ამსტერდამში ვცხოვრობთ..." - გვეუბნება ქალბატონი თიკა, რომელიც პირველი პროფესიით მუსიკოსია. შემდეგ როგორც გვითხრა, ჰოლანდიაში გრონინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთევროპათმცოდნეობის განხრით სწავლობდა, მოგვიანებით კი ტურიზმის... არის ბიზნესმენი, აქვს საკუთარი კომპანია, რომლიც, 2001 წლიდან პოპულარიზაციას უწევს საქართველოს არა მარტო ჰოლანდიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ამბობს, რომ საქართველოში ბევრი ტურისტი ჰყავს შემოყვანილი, მათ შორის, პირველად აზიის ქვეყნებიდან - სინგაპური, მალაიზია, ინდონეზია, ტაილანდი, ბრუნეი... "2004 წელს კომპანია ამის გამო დაჯილდოვდა. არაერთი ბაზარი ავითვისეთ. ჩამოგვყავს ტურისტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, საქართველოს საპრეზენტაციო პროექტებს ვმართავ აზიაში, ამერიკასა და ევროპაში... ამერიკაში ცხოვრებისას კი მაღალი მოთხოვნების მქონე ტურისტები შემოვიყვანეთ", - აღნიშნავს ქალბატონი თიკა.

როგორც რესპონდენტი ამბობს, ბიზნესის პარალელურად, 6 წელია, ჰოლანდიაში ქართული კულტურისა და სასულიერიერო ცენტრის დამფუძნებელია ბელგიასა და ჰოლანდიის მეუფე დოსითეოსთან ერთად. აქვთ ჯვართამაღლების ეკლესია. ყველაფერი საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

"ბევრ ღონისძიებას ვატარებთ. ჩემი უფროსი შვილი გიორგი იმ ეკლესიაში სტიქაროსანია. მუშაობს ასევე საკვირაო სკოლა, სადაც გვაქვს ჭადრაკის, ისტორიის, კულინარიის გაკვეთილები. საკვირაო სკოლის მასწავლებელია დედაჩემი, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთლებს ატარებს. ვმართავთ კონცერტებს, საქართველოდან ვიწვევთ მომღერლებს. ვატარებთ აფხაზეთის დღეებს, ქართული თეატრის ფესტივალს და უამრავი ღონისძიებას", - გვიყვება თიკა სვანიძე-ვენკო, ადამიანი, რომელმაც შვილებს პირადი მაგალითით ასწავლა გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რაც როგორც ამბობს, ოჯახის ყველა წევრს სიამოვნებას ანიჭებს.

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა