ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის - “ისტორიანის“ სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის - “ისტორიანის“ სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ სექტემბრის ნომერი #9(105), რომელშიც წაიკითხავთ:

“თითქმის უმუშო ქვეყანამ თავი შესწირა მუშათა ინტერნაციონალის ყალბ იდეალებს”

ევროპაში გადახვეწილი ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები საბოლოოდ საფრანგეთში დამკვიდრდნენ. გიორგის ვაჟი მათე კერესელიძე (1906-1970), მართალია, საქართველოში დაიბადა, მაგრამ ემიგრაციის გზას ჩვილი გაუყენეს. დიდი ქართული საქმისთვის უცხოეთში გახიზნული მამულიშვილები, მათ შორის ძმები კერესელიძეები, ჯერ საქართველოს თავისუფლებისთვის, ხოლო შემდეგ კი ქართულ პოლიტიკურ ემიგრანტებთან ერთად დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, დაუღალავად იღვწოდნენ. მათი შვილებიც მამებივით საქართველოს თავისუფლებისთვის გოლგოთის გზას ათეული წლები მიუყვებოდნენ.

1925 წელს პარიზში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ორგანიზაცია “თეთრი გიორგი”, ხოლო 5 წლის შემდეგ ბერლინში მსგავსი პატრიოტული ორგანიზაცია დაამკვიდრეს. ბერლინის “თეთრი გიორგის” წევრი მათე კერესელიძე ძმასთან, ლულუსთან (ლეო) ერთად გახდა. მათე კერესელიძე კარგად ხედავდა, რომ საქართველოში 20-იანი წლების დრამატული სპექტაკლები საბედისწეროდ იყო გათამაშებული და არ სურდა, მისი ქვეყანა კვლავაც დიდ თეატრად დარჩენილიყო.

ბერლინში დაარსებული გაზეთის, “თეთრი გიორგის” რედაქციისთვის გაგზავნილ სტატიაში “25 თებერვალი” მათე კერესელიძე აღნიშნავდა: “ემიგრაციაში აღზრდილს, მე, საქართველოს დამოუკიდებლობის დროსაც უცხოეთში მომიხდა დარჩენა. ზედმეტია აღწერა იმ გრძნობებისა, რომელნიც საქართველოს განთავისუფლების ამბავმა ჩემში განაღვიძა: გრძნობა ამაყი, თავისუფალ მშვენიერ ქვეყნის - თავისუფალი შვილისა. სიხარული მოკლე ხნის გამოდგა... საქართველო პირველი მაგალითი არის სულის ასეთი სიდიადისა: თითქმის უმუშო ქვეყანამ თავი შესწირა მუშათა ინტერნაციონალის ყალბ იდეალებს და მთავრობის პაციფისტურ სულის კვეთებას...”

ეგვიპტის კვანძის კეისრული გაკვეთა

რომის აყვავების ხანად, ტრადიციულად, I-III საუკუნეებს ასახელებენ. ამ პერიოდში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაწინაურებულმა იმპერიამ დაიქვემდებარა დასავლეთი ხმელთაშუა ზღვისპირეთი, კონტინენტური ევროპა და აღმოსავლეთშიც გაბატონებული პოზიციები დაიკავა. მისი გავლენა უზარმაზარ ტერიტორიაზე განევრცო. თუმცა, იტალიის მიერ ერთპიროვნული ჰეგემონის სტატუსის დამკვიდრებას წინ გრძელი გზა უძღოდა. იმ ძირითად ფაქტორებსა და საზოგადო მოღვაწეთა შორის, რომელთა ძალისხმევამაც ნიადაგი შეუმზადა იმპერიის გაძლიერებასა და აღორძინებას, არის რომაელი მხედართმთავარი გაიუს იულიუს კეისარი. ლაშქრობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ეგვიპტის ექსპედიცია, რომელიც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა როგორც რომისთვის, ასევე თვით კეისრისთვისაც.

გამარჯვების შემდეგ კეისარი ეგვიპტეში საკმაო ხანს დაყოვნდა, რაც რომის იმპერიაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. პლუტარქეს ცნობით, კეისარმა ჩაშალა სამხედრო ექსპედიციები და ცოლად შეირთო კლეოპატრა (რაც დაუშვებელი იყო რომის კანონით). ძვ.წ. 44 წელს, კეისრის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, კლეოპატრა თავის მემკვიდრესთან - კესარიონთან ერთად რომს ეწვია. მნახველებზე ის ზღაპრულ ეფექტს ახდენდა. ეგვიპტის დედოფლის სახელი მის სიცოცხლეშივე შეიმოსა ლეგენდებით, მას მიაწერეს იმაზე მეტი პოლიტიკური გავლენა, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა...

ძვ.წ. 30 წელს ოქტავიანემ, კეისრის შვილობილმა, სიკვდილით დასაჯა კეისრის შვილი - ფარაონი კესარიონი, რომელიც აღარ გაიქცა ეგვიპტიდან, როგორც დედა ურჩევდა. ის ენდო თავისი აღმზრდელის სიტყვებს, რომ ოქტავიანე მას ეგვიპტის მართვას დაანებებდა. ამბობენ, როცა ოქტავიანე ფიქრობდა, როგორ გადაეწყვიტა კესარიონის ბედი, მისმა მეგობარმა, ფილოსოფოსმა არიუსმა თქვა: “კეისართა სიმრავლეში კარგი არაფერია...”

იერუსალიმი ოსმალეთის იმპერიაში

მამლუქთა დასუსტებული სახელმწიფოს განადგურება, რომელშიც ქალაქი იერუსალიმი შედიოდა, ოსმალთა სულტან სელიმ I იავუზს (მრისხანე) უკავშირდება. 1517 წლის იანვარში ის კაიროში შევიდა და მამლუქთა სახელმწიფოს ბოლო მოუღო. იერუსალიმი სელიმმა სწრაფად და მსხვერპლის გარეშე აიღო. მუსლიმთა, ქრისტიანთა და ებრაელთა წმინდა ქალაქი აყვავების გზაზე მყოფ ოსმალთა სახელმწიფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. სამი საუკუნის განმავლობაში იერუსალიმი პატარა პროვინციულ ქალაქს წარმოადგენდა. მას არ ჰქონდა გამორჩეული პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, თუმცა რელიგიური ცენტრის ფუნქცია შეინარჩუნა. ოსმალთა მმართველობის საწყის ეტაპზე ცენტრალური ხელისუფლება ქალაქის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, გზებსა და ქუჩებზე ზრუნავდა. 1538-1540 წლებში აიგო 4-კილომეტრიანი ქალაქის კედელი, აშენდა აკვედუკები, აბანოები, აღდგა დაქვეითებული ბაზრები.

ოსმალთა მიერ იერუსალიმის აღებისას ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 5600 მცხოვრებს შეადგენდა. 2/3 მუსლიმი იყო, დანარჩენები - ქრისტიანები და ებრაელები. XVI საუკუნის მიწურულს აქ 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. XIX საუკუნემდე ქრისტიანები და ებრაელები მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენდნენ. თუმცა ეკონომიკურ ცხოვრებაში ისინი ჩართული იყვნენ, ქალაქის ხაზინაში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეჰქონდათ ქრისტიან პილიგრიმებს.

თუ ოსმალთა ეპოქის დასაწყისში ებრაელთა რიცხვი ქრისტიანებისას აღემატებოდა, XVII საუკუნის მიწურულს ქრისტიანთა რაოდენობამ ებრაელებისას გადააჭარბა. ქრისტიანთა მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა, რადგანაც მათ უსაფრთხოების გარანტიებს ევროპის ქვეყნები (პირველ რიგში, საფრანგეთი და რუსეთის იმპერია) აძლევდნენ და დასუსტებულ ოსმალეთს ამისთვის ანგარიში უნდა გაეწია...

ლინკოლნის ტაძარი - ხეოფსის პირამიდაზე მაღალი პირველი ნაგებობა

უბრწყინვალესი გოტიკური შედევრის - ლინკოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1072 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად გრძელდებოდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. 1311 წლიდან 1548 წლამდე ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო - ცენტრალურ კოშკზე აღმართული 160-მეტრიანი შპილის წყალობით, რომელიც გამუდმებული წვიმებისა და ძლიერი შტორმის დროს ჩამოიქცა და აღარც აღუდგენიათ.

1072 წელს მხოლოდ ექვსი წელიწადი იყო გასული ჰასტინგზის ბრძოლიდან, როცა გამარჯვებულმა ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა ინგლისის გვირგვინი დაიდგა და უილიამ I დამპყრობელად იწოდა.

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კოშკში ცამეტი ზარია, ჩრდილო-დასავლეთ კოშკში - ორი, ხოლო ცენტრალურ კოშკში - ხუთი. ორი ვიტრაჟიანი ვარდულიდან ერთ-ეთი - “ეპისკოპოსის თვალი” ე.წ. წრიული ჩუქურთმების ყველაზე დიდ ნიმუშია.

ლინკოლნის კათედრალის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი არქიტექტურული თავისებურება შთამბეჭდავი კამარებია. ისინი სხვადასხვანაირია და როგორც ჩანს, მათი ნაწილი ექსპერიმენტულია. მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ფიგურებიდან აღსანიშნავია “ლინკოლნის ჭინკა”, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ იქცა - XIV საუკუნის ლეგენდის თანახმად, ჭინკა ეშმაკმა შეაგზავნა ტაძარში, რომელიც ანგელოზმა ქვად გადააქცია... ლინკოლნის ორგანისტების სია 1439 წლიდან იწყება, მათ შორის არის რამდენიმე კომპოზიტორიც. დღეს მოქმედი ორგანი 1898 წელს გაიხსნა. ბრიტანეთში ეს პირველი საკათედრო ორგანი იყო ელექტრული ამძრავით. იმ დროს ელექტროსადგურები ჯერ არ არსებობდა და მისთვის დენის მისაწოდებლად დინამოს ბორბალს ლინკოლნშირის პოლკის ჯარიკაცები ხელით ატრიალებდნენ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • ახალი ამბები, მალხას მკვიდრის დნმ-ტესტი მის ქართულ წარმომავლობაზე მეტყველებს!
  • ახალი ამბები. ხელნაწერი მემკვიდრეობიდან ძველ თბილისამდე
  • მოკლე ამბები. ისტორიული საგანძური "პერიფერიიდან” / მინაკში-სუნდარეშვარას ტაძარში ხანძრის შესახებ ინდოეთის გარეთ არც გაუგიათ
  • ქართველები წმინდა მიწაზე. ვინ და როდის ჩაუყარა საფუძველი იერუსალიმის ჯვრის მონასტერს? / როცა ბერძნები მონასტერს დაეუფლნენ, ამ სავანის დაარსების შესახებ მხოლოდ ქართული გადმოცემა არსებობდა
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - ლაზური ქუდი
  • ქართული ჯილდოთმცოდნეობა. იძულებით გასაბჭოებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები
  • ქართული საცხოვრისი. ერდოგვირგვინიანი დარბაზული სახლები (დასასრული)
  • სადაზვერვო თამაშები. შეყვარებული სპეცაგენტის თავგადასავალი
  • ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს