ავტორი:

"გარკვეული პროვოკაციის შანსი არსებობს" - როგორ აფასებენ ექსპერტები სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან არსებულ სი­ტუ­ა­ციას

"გარკვეული პროვოკაციის შანსი არსებობს" - როგორ აფასებენ ექსპერტები სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას­თან არსებულ სი­ტუ­ა­ციას

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შსს-ს თანამშრომლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ოსური მხარის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობენ ქართველი ექსპერტები და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მაქსიმალურად გაააქტიუროს საერთაშორისო საზოგადოება იქამდე, სანამ ვითარება დაიძაბება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, შესაძლებელია "ოსურ მხარეს გარკვეული დავალება აქვს", რომ პროვოკაცია მოაწყონ:

"საქართველოს ხელისუფლების მთავარი ძალა, რასაკვირველია, არის ის, რომ მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს, ოღონდ ძალიან მშვიდად უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლებაც და ჩვენი საზოგადოებაც. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პროვოკაციის რეალიზების საშუალება არ მივცეთ.

ვფიქრობ, ამ ობიექტში (ქართული პოლიციის პოსტში) არ არის საქმე, როგორც ჩანს, საქმე სხვა რამეშია და სხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული პროვოკაციის შანსი, სამწუხაროდ, არსებობს

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი - როდესაც ასეთი საქმე მძაფრდება, მე, პირადად ვცდილობ, გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვეძებო მიზეზები. გეოპოლიტიკური ვითარების ერთ-ერთი შემადგენელია ის, რომ რამდენიმე ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა იმის თაობაზე, რომ საქართველოში თვის ბოლომდე შეიქმნება ამერიკული ინფრასტრუქტურა. ბაზა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზება ხდება.

მეორე მაგალითი ის არის, რომ ძალიან გააქტიურდა ევროკავშირი და დასავლეთი „თეთრი ნაკადის" ამუშავების თვალსაზრისით. "თეთრი ნაკადი" ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს თურქმენული გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში საქართველოს გავლით. 12 აგვისტოს იყო ზუსტად ამის თაობაზე ეკონომიკური ფორუმი აშხაბადში. ამ პროექტის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა ირანი და ფარულად რუსეთი.

ასეთი ტიპის პროექტები, გარკვეული გეოპოლიტიკური ნაბიჯები, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების თუ ჩვენი პარტნიორების გარკვეული მიდგომები ყოველთვის განაპირობებს საპასუხო რეაქციას რუსული მხრიდან. ის ხან პირდაპირ რეაქციაში გამოიხატება, ხან - გარკვეულ შეზღუდვებში, ისეთში, როგორიც მოხდა მაგალითად, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, ხან კი ისეთ პროვოკაციებში გამოიხატება, რომელიც სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით შეიქმნა",- განაცხადა მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განმარტებით, ზუსტად ახლა არის ის დრო, როდესაც უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და არსებული საკითხი განიხილოს.

"გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ალბათ, ძალიან კონკრეტულად უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს, არის თუ არა ეს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხარდაჭერილი, დაგეგმილი პროვოკაცია, თუ ეს არის ოსური ძალოვანი სტრუქტურების თვითშემოქმედება და ძალის დემონსტრირება ადგილობრივ დონეზე.

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ძალიან მტკიცე პოზიცია უნდა დაიცვას პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით და მთავარი, აქ რა თქმა უნდა, არის სწორედ რუსეთის ხელისუფლებასთან კონკრეტული კომუნიკაცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების - ევროკავშირის მეშვეობით, აშშ-ის ინფორმირება და მათი ჩართულობა

ეს არის გადამწყვეტი, სწორედ, მსგავსი პროვოკაციების ახლაც და შემდგომში თავიდან ასაცილებლად. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების ერთიანობა და სიმტკიცე იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება, სწორედ პოლიციის ამ საგუშაგოს გახსნას ადგილობრივი მოსახლეობის სიმშვიდის შესანარჩუნებლად.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვადასხვა სამსახურების მეშვეობით, რომლებიც უნდა მუშაობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიცოდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რადგან მსგავსი ინციდენტები კონფლიქტის გამყოფ ე.წ.ზოლთან არ არის იშვიათი. ხშირად ოსური მხარე მიმართავს მსგავს პროვოკაციას, ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება, თუ ე.წ. საზღვრებზე მავთულხლართების გავლება. რა თქმა უნდა, ამაზე ადგილზე უნდა მოხდეს რეაგირება",- განუცხადა მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს".

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პოზიციის მკვეთრად დაფიქსირების აუცილებლობას ხედავს. მისი შეფასებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება, "იყო უკბილო, უხერხემლო და არაფრისმომცემი":

“მოგმართავთ მეგობრებო, კოლეგებო, ექსპერტული წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებო, აქტივისტებო: გავავრცელოთ ერთობლივი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო მისიების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის და ევროკავშირის მისამართით, რომ ხმა აიმაღლონ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკბილო და უხერხემლო და არაფრისმომცემი. საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებული ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და განხორციელდება შესაბამისი სანქციები.

ჩვენ კი ღიად და მკაფიოდ დავუფიქსიროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს დატოვება ევროკავშირის მისიის მსგავსი არაფრისმთქმელი განცხადებების ამარა, ჩვენი მხრიდან აღიქმება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაწირვა

დღეს ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა დაინახოს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, IPRM-ის 95-ე შეხვედრა, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, რუდოლფ მიჰალკას მონაწილებით ერგნეთში გაიმართა.

„ჰოგმა 2019 წლის 18 ივლისის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა. მან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული ვითარება განიხილა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, მათ შორის კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გუგუტიანთაკარსა და წნელისშია.

მათი აზრით, დაძაბულობის განსამუხტად და კონფლიქტის გამო დაზარალებული მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად აუცილებელია დიალოგის გაგრძელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ინციდენტს, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის გაუქმების თაობაზე 30 აგვისტოს დილის ექვს საათამდე.

"აზერბაიჯანი ესაუბრება თურქეთს, სომხეთი - რუსეთს და ვის ესაუბრება საქართველო, რომ რეგიონალურ კონფლიქტში, რომელიც კარს არის მომდგარი, მიიღოს გარანტიები სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?!"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"სოფელ სადახლოში "ევროპული საქართველოს" აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს" - აჰმედ იმამყულიევი