ავტორი:

"ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა" - გრიპის სეზონზე გასათვალისწინებელი აუცილებელი რჩევები

"ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს საჭიროა ახალი ვაქცინა" - გრიპის სეზონზე გასათვალისწინებელი აუცილებელი რჩევები

ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ აუცილებელ რჩევებს უზიარებს მოქალაქეებს, რომლებიც მოახლოებული გრიპის სეზონისთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ დაცულები და ჯანმრთელები იყვნენ.

ექიმის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა, რომელიც უპირობო დამცველია გრიპის ვირუსების დროს.

"გრიპის სეზონი ახლოვდება და წინა წლების პირადი გამოცდილების გათვალისწინებით და ჩემი საკუთარი სტატისტიკიდან, შემოგთავაზებთ ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს, მერე პოსტფაქტუმ რომ არ მომიწიოს ინდივიდუალურად ახსნა.

- სამწუხაროდ, გრიპით კვდებიან ადამიანები, ყოველთვის ასე იყო ყველა სეზონზე. საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მაგალითად, ჩვენთან წინა სეზონზე მოკვდა 10 ადამიანი გრიპით, დომინანტი ვირუსი იყო H1N1. აშშ-ი მოკვდა 80 000 ადამიანი. ამ სეზონზეც იქნება მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ, ეს არის რეალობა და ამ რეალობას სეზონის დაწყებამდე თუ გავითავისებთ არის უკეთესი ჩვენთვის;

ყველაზე მოწყვლადები გრიპის ვირუსის მიმართ არიან ბავშვები, მოხუცები და ორსულები;

- ყველაზე ეფექტური თავდაცვა გრიპის ვირუსისგან არის ვაქცინაცია, რომელიც ყოველ წელს უნდა ჩავიტაროთ რადგან ვირუსი იცვლის "ფორმას" და ყოველ წელს ხდება საჭირო ახალი ვაქცინის შექმნა, ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 50%-ია. ჯერჯერობით უკეთესი ალტერნატივა არ აქვს მედიცინას, თუმცა აქტიურად მიდის მუშაობა უნივერსალურ ვაქცინაზე და იმედია მალე მიაგნებენ მაგის გასაღებსაც;

- ვაქცინა უსაფრთხოა ბავშვებისთვისაც, ზრდასრულებისთვისაც, ორსულებისთვისაც და მოხუცებულებისთვისაც;

  • არანაირი წინასწარი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა და ანალიზები არ არის საჭირო ვაქცინაციამდე, უბრალოდ მიდიხართ იმუნიზაციის კაბინეტში და ექიმი გაგესაუბრებათ;
  • როდის უნდა გაკეთდეს და როდის არ შეიძლება მაგასაც ადგილზე უკეთ აგიხსნით ექიმი კონსულტაციისას;
  • არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა კონსულტაციაზე, ექიმი ვალდებულია გაგაცნოთ ყველანაირი ინფორმაცია რაც გაინტერესებთ (არამარტო ვაქცინაციისას, ნებისმიერი მიზეზით ვიზიტისას);

- ვაქცინის შემდეგ საჭიროა გარკვეული დრო რათა გამომუშავდეს იმუნიტეტი, შესაბამისად ჯობია გავიკეთოთ გრიპის სეზონის მოსვლამდე ანუ როგორც კი შემოვა ახალი ვაქცინა, რაც შეიძლება მალე.ნუ დაელოდებით მაინცდამაინ ტელევიზორში გაჟღერებულ ინფორმაციას რომ ვიღაც მოკვდა გრიპით, ეს აუცილებლად იქნება როგორც ზემოთ აღვნიშნე;

- ვაქცინის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია (როდის შემოვა, რა ღირს, რომელ კლინიკაშია და ა.შ.) შეგიძლიათ გაარკვიოთ ან ადგილობრივად თქვენ უახლოეს პოლიკლინიკაში ან დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505 ;

მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის გრიპზე უფასო ვაქცინაცია იქნება წელსაც. რომელი ჯგუფებისთვის და როდის დაიწყება ეს აქცია, დაიდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე (ncdc.ge) და ფეისბუქ-გვერდზე;

მე და მთელი ჩემი ოჯახი, ეკას ორსულობიდან დაწყებული, ყოველ წელს ვიცრებით;

ვაქცინა (როგორც ყველა სხვა ვაქცინა საქართველოში) არის მაღალი ხარისხის და აქვს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაცია;

უკუღმა არაფრის კეთება არ შეიძლება, მათ შორის არც ნიღაბის და ზოგადად ნიღაბის ტარება ყველაზე არაეფექტურია გრიპის პრევენციისთვის;

  • ვაქცინაციასთან ერთად სხვა შეიძლება გავაკეთოთ ის რომ, ვიკვებოთ სწორად, ხელები დავიბანოთ ხშირად, მოვერიდოთ როგორც ხალხმრავალ ადგილებს ისე დაავადებულ ადამიანთანთან კონტაქტს;
  • აცრით გრიპი არ დაგემართებათ;
  • გრიპს არ შველის "პერცოვკის არაყი";
  • არც ჭაჭა;
  • არც ცხვირის ნესტოში გაფრცქვნილი ნიორის ჩადება;
  • არც ბაობაბლაიფი, არც რეზერვი და არც იმუნორიცი და ზოგადად არც ერთი(!) ეს გაურკვეველი წარმოშობის ყარტალყურტალა ფხვნილები რომელიც ქსელური მარკეტინგით იყიდება;
  • მაღალი დოზებით C ვიტამინი იმუნიტეტს არ "ამაღლებს", მითია;

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის ვალდებულება, ეს არის პასუხისმგებლობა. შესაბამისად პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადების შანსებს 50%-თ შეამცირებთ თუ არა ეგ თქვენი გადასაწყვეტია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს არჩილ მარშანია.

რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."

"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა

"ჩემი სამივე შვილი ჩვეულებრივად განაგრძობს სკოლაში და ბაღში სიარულს" - რას წერს ამირან გამყრელიძის ვაჟი "ფეისბუქში"