ავტორი:

"დაავადებასთან ბრძოლისას, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა..." - როგორ იხსენებენ მეგობრები და კოლეგები ლეგენდარულ ნუგზარ ჯუღელს

"დაავადებასთან ბრძოლისას, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა..." - როგორ იხსენებენ მეგობრები და კოლეგები ლეგენდარულ ნუგზარ ჯუღელს

ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი და ტელედიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს მუშაობდა და ასევე სპორტული კომენტატორი გახლდათ.

თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე, 1968 წელს საქართველოს ტელევიზიაში მივიდა და წლების მანძილზე საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" მიჰყავდა. აღიარება და პოპულარობა კი, სპორტული გადაცემების წამყვანს პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა. მას გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა და მისი თითქმის ყველა რეპორტაჟი დასამახსოვრებელი იყო. ცნობილია ასევე მისი არაერთი კვიმატი ფრაზა, რომელიც რადიომსმენელსა თუ მაყურებელს კარგად ახსოვს.

2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.

AMBEBI.GE ნუგზარ ჯუღელის მეგობრებს, კოლეგებს ესაუბრა, რომლებიც თბილად და დიდი სიყვარულით იხსენებენ გარდაცვლილ მეგობარს.

ჯამლეტ ხუხაშვილი, სპორტული კომენტატორი:

- ნუგზარ ჯუღელი და მე თითქმის ერთდროულად ვიყავით სპორტული კომენტატორები... მისი ხმის ტემბრი ეროსი მანჯგალაძის ხმის ტემბრს წააგავდა. ერთი პერიოდი, როდესაც დინამოს სტადიონი რემონტზე იყო დახურული, ჩვენ დაგვაწყვილეს, - ნუგზარი კოტე მახარაძესთან, მე ეროსი მანჯგალაძესთან, რომ ხმები არ გადასულიყო ერთსა და იმავე ტონალობასა და ტემბრზე...

1968 წელს პირველ რეპორტაჟი ნუგზარმა ქუთაისიდან კოტე მახარაძესთან ერთად წაიყვანა. როდესაც ამ რეპორტაჟს ვუსმენდით, მეგონა, ეროსი იყო, მისი ხმა ალბათ კიდევ ბევრს შეშლია ეროსი მანჯგალაძეში, რაც უკვე დიდი კომპლიმენტია... ის ასეთი კომპლიმენტებით მოვიდა სპორტის კომენტატორთა კოჰორტაში, თუმცა მანამდე მას უკვე ჰქონდა გამოცდილება, სტადიონის ახალგაზრდა დიქტორი იყო, იყო თეატრის მსახიობი... ტელევიზიაში პირველ დიქტორთაგან ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი გახლდათ და ძალიან გამორჩეული.

მის სახელს არაერთი კურიოზი უკავშირდება და მართლაც ბევრი ჰქონდა როგორც კომენტატორობისას, ასევე დიქტორობისას, მსახიობობისას და საერთოდ, ცხოვრებაში. ხალხს მოსწონდა ნუგზარის კვიმატი გამოთქმები, რაც თავად ბროშურად გამოსცა, რომელშიც ყველა ჩვენი შეცდომა თავის თავზე აიღო, ანუ ყველა კოლეგის მეხამრიდი აღმოჩნდა, რადგანაც შეცდომები ყველას მოსდიოდა, მხოლოდ ნუგზარს არა...

ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ავადმყოფობისას ამბობდა, რომ - ჩემი ცხოვრება უკვე გავლიეო... რას ვიზამთ, სამწუხაროდ, ავადმყოფობა ავადმყოფობაა... მის ოჯახთან ერთი წუთითაც არ გამიწყვეტია კონტაქტი, მის ბოლო ამოსუნთქვამდე ვეხმიანებოდი მათ, ამბავს ვკითხულობდი... დაავადებასთან ბრძოლისას, საკმაოდ ძლიერი იყო... ბოლოს სარეცელს მიეჯაჭვა და მაინც ახერხებდა იმას, რომ ეყურებინა გადაცემებისთვის, ყველაფერი ადეკვატურად შეეფასებინა, თავისი აზრი ჰქონდა...

მე და ნუგზარსაც ხშირად ერთად წაგვიყვანია არაერთი მატჩი, - ვამხანაგობდით, ვმეგობრობდით ოჯახებით და ასე ვიყავით ბოლომდე. ის დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კომენტატორი თავისი ხმის ტემბრით, შემართებით. ნუგზარმა კომენტატორობის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება წაიღო, თუმცა თავის უმცროს კოლეგებს ხშირად არიგებდა, საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა... უნივერსალური პიროვნება გახლდათ და ასევე დარჩება ისტორიასა და ადამიანების გონებაში.

ელენე ბილიხოძე, საქართველოს რადიოს სპორტული ჟურნალისტი, ნუგზარ ჯუღელის უმცროსი კოლეგა:

- ჩემთვის ძალიან რთულია მასზე წარსულში საუბარი, - იმ ბედნიერ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც შემიძლია, ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. გაცნობის პირველი წამიდან მასში კეთილგანწყობილი და საოცარი იუმორის მქონე პიროვნება დავინახე, რომელმაც ჩემი და ჩემი თაობის ირგვლივ, თბილი გარემო შექმნა. ყოველთვის განსხვავებული იყო, რომელიც საოცარ კოლორიტს ქმნიდა... ბავშვობიდან სულ მესმოდა, რომ განსხვავებული იყო, იგივე ჩემი მშობლები, მამის მეგორები მისი განსაკუთრებულ ისტორიებს ჰყვებოდნენ, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, ბევრი არ იყო მართალი, ბევრსაც უგონებდნენ. ჩვენი რადიოს ოქროს ფონდში შემორჩენილია ჩანაწერი, რომელიც ჩემს სპორტულ თოქ-შოუში „ესტაფეტა“ მოხდა, - ბატონი ნუგზარი სტუმრად მყავდა, ეთერში ერთმა ქალბატონმა დაურეკა და ჰკითხა, - თქვენზე ამბობენ, ეროსი მანჯგალაძის შვილიაო და მართალია? იმდენად დავიბენი, ენა ჩამივარდა, ბატონმა ნუგზარმა ჩვეული სიმშვიდით უპასუხა, - ქალბატონო, ეროსი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და ასეთი პატარა, ასეთ გენიოსს ვერანაირად შექმნიდაო... აქაც ჩანს მისი კოლორიტი... არადა, თავიდან მეგონა, ამ კითხვაზე გადაირეოდა, მან კი მშვიდად უპასუხა.

ჩვენ მას - პავლოვიჩ! - ასე მივმართავდით. ის ბევრი ახალგაზრდისთვის, ვინც არამარტო სპორტულ ჟურნალისტიკაში ვსაქმიანობთ, მისაბაძი ადამიანი იყო და მისი წასვლით გული ძალიან დაგვწყდა...

რომ ვამბობ, გამორჩეული იყო-მეთქი, - ასე იყო ყველაფერში - საუბრისა და ჩაცმის სტილი, სიარული მანერა, - მუდმივად იქცევდა ყურადრებას და ყოველთვის აკვირდებოდი. სულ მქონდა მოლოდინი, რომ შევხვდებოდი, რას მეტყოდა და მირჩევდა.

ზუსტად დღევანდელ დღეს, 13 წლის წინ თავისი კურიოზების კრებული მაჩუქა...

დავით ქლიბაძე, სპორტული ჟურნალისტი:

- სანამ სპორტულ ტელერეპორტაჟებს წაიყვანდა, მანამდე 60-იანი წლებიდან რადიოშიც მიჰყავდა რეპორტაჟები და ჟურნალისტი გახლდათ.

ხმა ძალიან უგავდა ეროსი მანჯგალაძეს და ამბობდნენ, ეროსის შვილიაო, - რაზეც ყველას გვეცინებოდა. მას შესანიშნავი მამა ჰყავდა, ბატონ პავლეს კარგად ვიცნობდი, იურისტი იყო, სპორტი მასაც უყვარდა. გორში საქართველოს პირველობის თამაშებზე, დასკვნით ეტაპზე, ზესტაფონის გუნდის საგულშემატკივროდ მე, ბატონი პავლე და ნუგზარი ზაპოროჟეცით მივდიოდით ხოლმე.

ნუგზარი ძალიან პოპულარული იყო, - მსახიობი, ტელეწამყვანი, კომენტატორი, თუმცა მე მაინც აქცენტს მის კომენტატორობაზე გავაკეთებ. საოცრად პოპულარული რეპორტაჟები ჰქონდა, იშვიათად ვუსმენდი, რადგანაც იმ დროს მეც სტადიონზე ვიყავი ხოლმე, მაგრამ ვინც უსმენდა, ყველა ამბობდა, რომ რეპორტაჟები ოპტიმისტურ განწყობას ქმნიდა, რადგანაც ომახიანად, იმედისმომცემად მიჰყავდა, მერე რაღაც ისეთს იტყოდა, რომელიც შემდეგ დიდხანს ახსოვდა რადიომსმენელს და ტელემაყურებელს.

მისი ცნობილი ფრაზაა, - დღეს სპორტის სასახლეში შესანიშნავი საკალათბურთო ამინდია!.. ბათუმში მივლინებით ხშირად ჩავდიოდით და ერთხელაც, ზაფხულში ზღვაში საკმაოდ შორს შევცურეთ, მერე შემოვბრუნდით, ქალაქისკენ გამოვიხედეთ და - ნუგზარი მეუბნება, - ბედი არ გინდა, კაცო? არ ჯობდა, გორგასალს ხოხობი აქ მოეკლა, დედაქალაქი აქ იქნებოდა, თბილისში ამ დროს ხომ ვერ ვჩერდებითო. შუა ზღვაში ისეთი სიცილი ამიტყდა, კინაღამ დავიხრჩე.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთმა კაცმა დაგვტოვა, თუმცა ხანგრძლივად ებრძოდა თავის მძიმე ავადმყოფობას. ნუგზარმა დატოვა შესანიშნავი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები. ნათელში იყოს მისი სული. მისი სახელი დიხანს არ დაავიწყდებათ არც ახლობლებს, არც ტელემაყურებელს და არც რადიომსმენელს.