ავტორი:

ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება - მოდელი ნიშნობის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს

ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება - მოდელი ნიშნობის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ნანუკას რჩეული ნიკოლოზ ნაყოფიაა.

მოდელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნიშნობისა და ნიშნობის ბეჭდის ფოტოს აქვეყნებს, ასევე ვიდეოს, სადაც ხელის თხოვნაა ასახული.

"მადლობა ყოველი წამისთვის შეუდარებელი ხარ", - წერს ნანუკა.

წყვილის რომანის შესახებ ხმები რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. გოგიჩაიშვილების და ნაყოფიების ოჯახებს საქართველოში კარგად იცნობენ. ნიკა ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება "მადნეულისა" და "კვარციტის" აქციები.

ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან "კვარციტის" კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალი გახლდათ.

ნიკას ლამაზი გოგონებით დაინტერესება პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ცოლად "მის საქართველო 2008" ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად.

მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე სხვაზე გათხოვდა.

ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეწილე გახდა. როგორც, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მისმა შვილმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

ნიკა ნაყოფიამ არხი 4 000 000 დოლარით დააფინანსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ნიკამ ნანუკას "ინსტაგრამზე" საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე - ვიდეო წარწერით: "გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ".

ბუნებრივია, ბიზნესმენი ნანუკას ნამუშევრებს არ გულისხმობდა. ბოლო წლებია, მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.