ავტორი:

"30 წლამდე ვფიქრობდი, რომ წყალწაღებული ვიყავი... დღეს ბედნიერი ვარ" - მწყემსი ბიჭის ისტორია, რომელიც მწერალი გახდა და სოფელს ბიბლიოთეკა აჩუქა

"30 წლამდე ვფიქრობდი, რომ წყალწაღებული ვიყავი... დღეს ბედნიერი ვარ" - მწყემსი ბიჭის ისტორია, რომელიც მწერალი გახდა და სოფელს ბიბლიოთეკა აჩუქა

დათია ბადალაშვილი სამშობლოს მოყვარული ადამიანია. სკოლის დამთავრების შემდეგ, წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. თუმცა მთამ და ფესვებმა კვლავ უკან უხმო. დღეს იმ სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, მიწაზე მუშაობს და საქონელს უვლის. წიგნების კითხვა ბავშვობიდან უყვარდა. ერთ დღეს კი თავად დაიწყო წერა და მისი გულწრფელი ნაფიქრი ფურცლებს მოარგო. ასე გახდა მწყემსი დათია მწერალი და შემდეგ - ბიბლიოთეკარი.

- დავიბადე და გავიზარდე მანგლისის რაიონში, სოფელ დიდ თონეთში. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული. მეოცნებე ბავშვი ვიყავი, კითხვა მიყვარდა, მაგრამ მაშინ ასე აქტიურად არ ვკითხულობდი. ისეთი ცხოვრება მქონდა, როგორც სოფელში დაბადებულ და გაზრდილ ყველა ბავშვს აქვს. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ საავიაცო კოლეჯში დავიწყე სწავლა, მაგრამ არ იყო ეს ჩემი საქმე და რის ვაივაგლახით დავამთავრე. 25 წლისამ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე. ჩვენი მოუწესრიგებელი საგანმანათლებლო სისტემის გამო, აქაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. როგორ შეიძლებოდა, ადამიანი ისტორიის გამოცდით სამშენებლო ფაკულტეტზე მოხვედრილიყო? პროფესიით მშენებელ ინჟინერი ვარ და სწავლა წელს დავამთავრე.

- რატომ ვერ შეეგუეთ ქალაქის ცხოვრებას, რატომ მიიღეთ სოფელში დაბრუნების გადაწყვეტილება?

- თავიდან მომწონდა ქალაქში ცხოვრება, თუმცა მერე ვხვდებოდი, რომ მღლიდა ხმაური, ხალხმრავლობა. თან ჩემს ადგილსაც ვერ ვპოულობდი. სულ დანაკლისი მქონდა, მენატრებოდა სოფელი, მინდვრები, ხეები, ჩემი ოჯახი. ქალაქში ცხოვრების დროს, სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი მინანქარზე, ბლოკის ცეხში, მთაწმინდის პარკში, თუმცა არსად არ მიმართლებდა და ვფიქრობდი, რომ ყველაზე ხელმოცარული ადამიანი ვიყავი. ყოველი მარცხის მერე ვბრუნდებოდი სოფელში. ეს იყო ჩემი თავშესაფარი. ამ წასვლა-მოსვლით გული დამეღალა, ამიტომ გადავწყვიტე, საბოლოოდ დავბრუნებოდი მშობლიურ ფესვებს. დიდი ფულის შოვნის, ფუფუნების ამბიცია არასოდეს მქონია ცხოვრებაში. ჩემთვის მთავარია სულიერი კომფორტი და სიმშვიდე, რასაც ქალაქში ვერ ვპოულობდი.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- მშობლებს სულ ვენატრებოდი, განსაკუთრებით დედას. როცა დავბრუნდი, სოფლის მეურნეობას მივყავი ხელი. სამუშაო ნაკლებად იყო, ამიტომ გადავწყვიტე მწყემსად წავსულიყავი. თან ჩემთვის ეს საქმე უცხო არ იყო. მანამდეც ხშირად მიწევდა საქონლის მწყემსვა. თუ ბიბლიოთეკას არ ჩავთვლით, ეს ყველაზე კარგი საქმე იყო, რაც ცხოვრებაში მიკეთებია. მე ჩვეულებრივი მიწის მუშა ვარ და იმას ვაკეთებ, რაც ჩემს წინაპრებს წლების წინ უკეთებიათ. ახლაც ძალიან მენატრება ცხვარში სიარული, მაგრამ სამწუხაროდ, დრო აღარ მაქვს.

- როდის მოხდა თქვენში გარდატეხა. როდის გაგიტაცათ წიგნებმა, ლიტერატურამ?

- როდესაც სოფელში დავბრუნდი და ცხვარში დავიწყე სიარული. ამ პერიოდში ხარბად ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. ძალიან დიდი ხიბლი აქვს ცხვარში ყოფნას, თუმცა ამავე დროს მძიმე შრომა და დიდი პასუხისმგებლობაა. სოფელში დაბრუნების შემდეგ სამი წელი ვიყავი ცხვარში. მიმქონდა წიგნები და იქ დიდი სიამოვნებით, ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდი. მაშინ იქცა წიგნი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ სოფელში?

- ახლა ვმუშაობ სოფლის ბიბლიოთეკაში, რომელიც მე შევქმენი სხვა ადამიანების დახმარებით. გარდა ამისა ვამუშავებ მიწას, მომყავს მოსავალი, ვუვლი საქონელს. ზაფხულში ვმუშაობ თივაზე, რომ ზამთარში საქონელს საკვები ჰქონდეს. ასე გადის დღეები...

- რამდენად გულუხვია თქვენი მიწა, იმ შრომას, რასაც მასში დებთ, გიბრუნებთ უკან?

- სამწუხაროდ, არა. ჩვენს კუთხეში, მით უმეტეს ჩემს სოფელში ადამიანებს აგრონომიული განათლება არ აქვთ. წლების განმავლობაში მიწა ძალიან გამოიფიტა და უწიაღო გახდა. მიწის განაყოფიერებაზე აღარავის უზრუნია და ისიც იმდენს არ გვაძლევს, რაც უნდა მოგვცეს. ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგიაა მოსავლის მოსაყვანად, ჩვენ კი ისევ ისე ვთესავთ, როგორც ჩვენი წინაპრები თესავდნენ..წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი