ავტორი:

"ხშირად კერძს გაუსინჯავად აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!" - რა დოზით უნდა მიიღოთ მარილი და რა პრობლემებს იწვევს მისი ჭარბი მოხმარება

"ხშირად კერძს გაუსინჯავად აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!" - რა დოზით უნდა მიიღოთ მარილი და რა პრობლემებს იწვევს მისი ჭარბი მოხმარება

მარილი ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთიერებაა, თუმცა მისი ჭარბი რაოდენობით მიღება, სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

რა დოზით უნდა მივიღოთ მარილი, რა პრობლემებს იწვევს ორგანიზმში მისი გადაჭარბებული დოზა - ამ და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE-ს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება:

- "მარილი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, ის უზრუნველყოფს წყლის ბალანსის რეგულაციას. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 70% წყლისგან შედგება, ნათელი გახდება, მისი ბალანსი როგორი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის" - გვეუბნება სპეციალისტი.

მარილი ნატრიუმის ქლორიდია, ანუ მიკროელემენტი ნატრიუმი, რომელიც გარკვეულ პროდუქტებს სიმლაშეს ანიჭებს. ექიმის თქმით, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნატრიუმი მნიშვნელოვანია, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ აღნიშნული მიკროელემენტი სხვადასხვა ბოსტნეულში, ხილშიც შედის...

"საქართველო ხომ განებივრებულია მინერალური წყლებით, რომლებიც სავსეა ამ ნატრიუმითაც. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ მარილის აკრძალვაზე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ ნატრიუმის აკრძალვაზეც, ამ დროს საუბარია სუფრის მარილის გამოყენებაზე, რომელსაც საკვებში ვიყენებთ.

არის ასევე პროდუქტები, რომლებსაც საგემოვნოდ გარკვეული დოზირება სჭირდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ზომიერება დღის განმავლობაში აუცილებელია" - აღნიშნავს ლაშა უჩავა.

  • სუფრის მარილის დადებითი და უარყოფითი მხარეები

"უარყოფითი თვისება მარილს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე დადებითი, ამიტომ, ენდოკრინოლოგები და სამედიცინო საზოგადოება, პაციენტებს რეკომენდაციას ვაძლევთ, შეზღუდონ, ან საერთოდ ამოიღონ სუფრის მარილი კვების რაციონიდან.

თუ ჭარბი რაოდენობით მივიღებთ, სუფრის მარილის შემცველი ნატრიუმი გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძალიან დააზიანებს, რადგანაც ის ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყალს იკავებს. ეს კი ქსოვილოვან შეშუპებას იწვევს, რომელიც ზეწოლას ახდენს როგორც გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ხელს უშლის ორგანიზმიდან ტოქსინების, შლაკების გამოდევნას, რომელიც მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რაც საბოლოო ჯამში ცოცხალ უჯრედებს აზიანებს.

როდესაც ენდოკრინოლოგები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს რეკომენდაციას ვუწევთ, რომ აუცილებლად უმარილო საკვები მიიღონ, ლოგიკას ვერ იჭერენ შაქარსა და მარილს შორის. არადა, ორგანიზმში სითხის შეკავებას შაქრის მაღალი დოზაც იწვევს. შარდის გამომყოფი სისტემა ერთ-ერთი სისტემაა, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმში შაქრის დონის რეგულაცია. ამდენად, როცა სითხის შეკავება ხდება და შარდის გამოყოფა არ არის ადეკვატური, შაქრის დონეც იწევს.

დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება ასევე არტერიული წნევის მატებასაც განსაზღვრავს, რაც გარკვეულ ზეწოლას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაზე ახდენს. თუ ლიპიდური ცვლის გამო, უკვე არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, ან სისხლის შედედების ფაქტორების დარღვევებითაა გამოწვეული, ეს 40-45%-ით ზრდის ინსულტის, იშემიის და ინფარქტის განვითარების რისკს...

თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევათა 60% ჭარბი მარილის გამოყენებაზე მოდის, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა განვითარების 40-45% ჭარბი მარილის გამოყენებაზეა. მსოფლიოში ყოველწლიურად ორი-ორნახევარი მილიონი სიკვდილის შემთხვევა, მხოლოდ ჭარბი მარილის მიღებას უკავშირდება

  • რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მარილის მიღება დღის განმავლობაში 5-6 გრამამდე შევამციროთ, რაც ჩვენს შემთხვევაში შეუძლებელია, რადგანაც ყოველთვის უმარილო პროდუქტებს ვერ ვყიდულობთ. ამიტომაც პაციენტებს ვაფრთხილებთ, რომ მარილი სახლში მომზადებულ კერძებს დააკლონ, ვინაიდან იმ რაოდენობის მარილს, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, სხვადასხვა პროდუქტებიდან (ხილი, ბოსტნეული) ისედაც ვიღებთ.

ხშირად ასეც ხდება, რომ კერძს გაუსინჯავადაც, პირდაპირ აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!

ასევე უნდა ვიცოდეთ - თუ პატარებს ჩვილობიდან არ შევაჩვევთ მარილიან საკვებს, მისი მიღების სურვილი არასოდეს ექნება" - დასძენს ექიმი.

დავინტერესდით, ორგანიზმში ე.წ. მარილების წარმოქმნა, უკავშირდება თუ არა ჭარბი მარილის მიღებას, რაზეც ენდოკრინოლოგმა გვიპასუხა:

"ორგანიზმში მარილები დამიგროვდა", "მარილებმა შემჭამეს", "მარილები გამომივიდა" - ეს ფრაზები ხშირად გაგვიგია ხანშიშესულებისგან და ამას ხშირად საკვებში დიდი რაოდენობით მარილის გამოყენებას უკავშირებენ, მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან არ არის.

შესაძლოა, დღის განმავლობაში ადამიანი საერთოდ არ იღებდეს ბევრ მარილს, მაგრამ აღნიშნული წანაზარდები მაინც ჰქონდეს. ეს ყველაფერი მის მეტაბოლურ ცვლასთანაა დაკავშირებული.

არსებობს სხვადასხვა ტიპის მეტაბოლიტები, ნივთიერებათა ცვლის შემდგომი ნარჩენები, რომლებიც ორგანიზმში იმიტომ გროვდება, რომ აღნიშნული ნივთიერებების გამოყოფა ორგანიზმს არ შეუძლია. ეს არის შარდმჟავა, ნატრიუმის, კალიუმის კრისტალები, რომლებიც ქსოვილში გროვდება. მათი ძირითადი "მოკალათების" ადგილი სახსრების მიდამოა, სადაც აღნიშნული მეტაბოლიტების ჩალაგება, კრისტალების წარმოქმნა ხდება.

შემდგომ კი უკვე ტკივილიც იწყება, რაც ხშირად ქირურგიული ჩარევის საგანიც ხდება“ - განმარტავს ენდოკრინოლოგი და დასძენს, რომ ორგანიზმში წარმოქმნილი მარილის წანაზარდებს და სუფრის მარილის მიღებას, პირდაპირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვს...

ლაშა უჩავა ასევე გვიამბობს, თუ როგორ შემოვიდა მარილის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში:

XVI-XVII საუკუნეებში, მაშინ, როდესაც ევროპაში ე.წ. ფაბების გახსნა დაიწყო იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით ლუდი გაეყიდათ, ერთ-ერთმა მფლობელმა შეამჩნია, რომ არსებობდა გარკვეული ნივთიერება, რომლის მიღების შემდეგაც, წყურვილის შეგრძნება მატულობდა. ამიტომ, აღნიშნული ნივთიერება თავის ბარში გამოიყენა, რომ მეტი სასმელი გაეყიდა. მოკლედ, მარილი საკვებ პროდუქტებს დაამატეს, რაც მერე საყოფაცხოვრებო სამზარეულოშიც გადმოვიდა...