ავტორი:

შეიძლება პრობლემა არ არსებობდეს, მაგრამ ვიღაცამ სოცქსელში გაავრცელოს ჭორი - პიარის სპეციალისტი კრიზისის მოგვარების ხერხებზე

შეიძლება პრობლემა არ არსებობდეს, მაგრამ ვიღაცამ სოცქსელში გაავრცელოს ჭორი - პიარის სპეციალისტი კრიზისის მოგვარების ხერხებზე

კირზისული სიტუაცია ნებისმიერი საქმის შეფერხებაა, რომელიც ზოგადად განვითარებას ხელს უშლის. კრიზისი შეიძლება შეექმნას - საჯარო ორგანიზაციას, კომპანიას, ამა თუ იმ პირს. მისი მასშტაბები, ფორმები ხშირად განსხვავებულია და ამიტომ, თითოეულს თავისი მომგვარებელი, სპეციალისტი ჰყავს. იმისთვის, რომ კრიზისი მეტად არ გამწვავდეს, საჭიროა დროული რეაგირება და მისი მართვა.

არსებობს საკომუნიკაციო კრიზისიც, რაზეც უკვე პიარის სპეციალისტები ზრუნავენ... რა არის პიარკრიზისი, როდის დგება ის და როგორ უნდა მართო, ამაზე პიარის სპეციალისტი, კახა მაღრაძე გვესაუბრება:

"საინფორმაციო სივრცეში წარმოქმნილი საკომუნიკაციო კრიზისის, იგივე პიარკრიზისის მენეჯმენტი, ამა თუ იმ პრობლემური სიტუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად მიღებული უარყოფითი შედეგის მართვა, ან მასზე ზრუნვაა... მაგრამ როდესაც ორგანიზაციის, პიროვნების პრობლემის შესახებ მისი სამიზნე აუდიტორია შეიტყობს, ეს კიდევ დამატებითი საფიქრალია, რადგანაც საფრთხე იმიჯსა და რეპუტაციას ექმნება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პრობლემა ბუნებაში საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ ვიღაცის მიერ ინფორმაცია მედიაში გავრცელდეს, ან - სოციალურ ქსელში, ან საერთოდ - ჭორად. ესეც საკომუნიკაციო კრიზისია და მასაც სჭირდება მართვა. ჩვენ საინფორმაციო სივრცეში წარმოქმნილ შედეგებზე ვაგებთ პასუხს და არა იმ კონკრეტულ კრიზისზე, რომელიც შეიძლება, რეალურად არც კი არსებობდეს".

კახა მაღრაძის თქმით, არსებობს როგორც სპონტანური კრიზისები, რომელიც რაღაც მოვლენის შედეგად ან ვიღაცის მიერ სპეციალურად წარმოიქმნება, ან მდგრადი, მუდმივი კრიზისები, როცა რაღაც საკითხებზე ორგანიზაციებს, ან პიროვნებებს მათი სამიზნე აუდიტორიის, თუ გარკვეულ ჯგუფების აღქმის კუთხით, მუდმივი პრობლემები აქვთ. „მაგალითად, სამოქალაქო სექტორი რაღაც ტიპის აუდიტორიას გრანტიჭამია ჰგონია და ფიქრობს, რომ ის არაფრისმაქნისია. საჯარო უწყების თანამშრომლებზე სულ არის წარმოდგენა, რომ ხელფასებს იღებენ და არაფერს აკეთებენ და ამავეს ამბობენ მინისტრების ხელფასებზე თუ დანამატებზე. ეს მდგრადი კრიზისია, მაგრამ საქართველოში, როგორც წესი, საქმეში პიარის სპეციალისტები მაშინ ვერთვებით, თუ ვინმეს კონკრეტული საფრთხე ექმნება,“ - ამბობს კახა და ჩვენი თხოვნით, კონკრეტულ ქეისს იხსენებს: „2014 წელს გადაწყდა, რომ ლუდის აქციზური გადსახადი 100%-ით უნდა გაზრდილიყო, რაც სერიოზული ხარჯი იქნებოდა მწარმოებლებისთვის და ათას პრობლემასთან ერთად, გაყიდვები შემცირდებოდა. მაშინ ლუდის მწარმოებლებმა - სამმა მსხვილმა კომპანიამ ამ პრობლემაზე ჩვენთან ერთად დაიწყო მუშაობა, რაც საინფორმაციო სივრცეში აქტიურობით გამოიხატა.

ჩვენი მიზანი იყო - ერთი, მთავრობა დაგვერწმუნებინა, არ გაეზარდა სააქციზო გადასახადი, მეორე - თუ გაზრდიდა, ყველას სცოდნოდა, რომ ლუდის ფასის ზრდა აქციზის ზრდას უკავშირდებოდა და არა კომპანიების მხრიდან ზემოგების მიღების სურვილს. მეორე მიზანი შევასრულეთ, თუმცა პირველიც - ნაწილობრივ.

საბოლოოდ გადასახადი მაინც გაიზარდა და ლუდის ფასმაც მოიმატა, რაც ბაზარზე მთლად კარგად არ აისახა, მაგრამ საინფორმაციო აქტიურობას შედეგი ჰქონდა, - მომხმარებელმა გაიგო, რომ ლუდის ფასმა მთავრობის გამო აიწია. ამ ყველაფერს გვერდითი ეფექტებიც ახლდა, - ხელისუფლება ინდუსტრიას მეტ ანგარიშს უწევდა და მას შემდეგ სააქციზო გადასახადის გაზრდა დღის წესრიგში აღარ დამდგარა“.

როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, საკომუნიკაციო კრიზისის მართვა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს და აი, როგორ - „როცა კრიზისი ხილულია, საინფორმაციო სივრცეში იწერება სტატიები, კეთდება რეპორტაჟები, სოციალურ ქსელში რაღაცები ზიარდება, მაგრამ რაც უნდა მწვავე ამბავი იყოს, ის 2-3 დღეში ყველას ავიწყდება და სხვა საკითხზე გადადიან, ანუ კრიზისი თავისით იმართება.

იგივე პრემიერ-მინისტრის - მამუკა ბახტაძის გადადომას ნეგატიური ინფორმაცია მოჰყვა, იყო კითხვის ნიშნები, რითაც, ჩემი აზრით, მამუკა ბახტაძეს და არსებულ ხელისუფლებას კრიზისი შეექმნა, მაგრამ 2-3 დღეში ამაზე საუბარი შეწყდა... თუმცა კრიზისის სრულფასოვანი მართვა არ ნიშნავს მხოლოდ საინფორმაციო სივრცეში ხმაურის შეწყვეტას, ის, პირველ რიგში, წარმოქმნილი სიტუაციის გამო, აუდიტორიის თავში ნეგატიური წარმოდგენის, დამოკიდებულების სახით დარჩენილი შეხედულებების განეიტრალება, შეცვლაა და სწორედ ესაა პიარის ამოცანა“, - განმარტავს კახა მაღრაძე.

- მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურა იყო, არაერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია?

- რა თქმა უნდა, კრიზისი იყო და ხელისუფლებამაც გადადგა გარკვეული ნაბიჯები - ეს იყო პარლამენტის თავჯდომარის გადადგომა, პროპორციული არჩევნების დანიშვნა და ა.შ. კრიზისი იმდენად მწვავე იყო, რომ ამის მთლიანად იგნორირება ვერ შეძლო და გარკვეული ქმედებების განხორციელება მოუწია. დანარჩენი კი პიარის სპეციალისტების მუშაობის საგანია, უნდა გაიზომოს, რამდენად ეფექტიანი იყო ეს ნაბიჯები, რამდენად იმუშავა გარკვეულმა სტრატეგიებმა თუ ტაქტიკურმა სვლებმა, თუ იმუშავა, რა ტიპის აუდიტორიაზე და სხვა.

ისე, რაც უნდა სწორად მართო კრიზისი, ვიღაცებს მაინც ნეგატიური წარმოდგენა დარჩებათ თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე. აქ ზომა-წონაზეა საუბარი, რამხელა აუდიტორიას რა ზომის პოზიტიურ შთაბეჭდილებას შეუქმნი, სხვანაირად დააფიქრებ, ან კითხვას გაუჩენ შენი ქმედების მართლზომიერებასთან, თუ ეფექტიანობასთან დაკავშირებით...

- ბოლო დროს ტელევიზიებიდან - „რუსთავი 2“-ს სერიოზული კრიზისი შეექმნა... როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

- ფაქტია, რომ ტელევიზიას გუნდი დაეშალა, ვინც საინფორმაციო გადაცემებზე და ანალიტიკურ თოქ-შოუებზე მუშაობდა, ყველა წავიდა, ეს არხს მაყურებელს აკარგვინებს, რაც მისთვის კრიზისია და ამასთან, რეპუტაციასაც საფრთხეს უქმნის. ახლა ტელევიზია ანტიკრიზისულ რეჟიმში უნდა მუშაობდეს - მუდმივად უნდა გამოდიოდნენ და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდნენ იმის შესახებ, რას და როგორ საქმიანობენ.

ყოფილა შემთხვევები, როცა კრიზისი იმდენად მწვავე იყო, რომ კომპანია ბაზრიდანაც გასულა. ზოგჯერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჯობია - უნდა შეწყვიტო საქმიანობა და შეინარჩუნო რეპუტაცია, როგორც იტყვიან, სახელის გატეხას თავის გატეხვა ჯობია. ხანდახან ჯობს, თვითონ დაზიანდე. თუ ბევრი კითხვის ნიშანია შენი მისამართით და მაღალი თანამდებობის პირი ხარ, თანამდებობა უნდა დათმო. მთავარია, რისკები პრობლემასთან დაკავშირებით შეაფასო და ისე იმოქმედო.

- ხმაური მიწყდება და მოდი, თავი დავანებოთ, ეს პოზიცია არ ამართლებს?

- ეს პოზიცია არ არის სწორი, რადგან ხმაური არ არის მთავარი. მთავარი, როგორც ვთქვით, აუდიტორიის თავში დალექილი წარმოდგენა და დამოკიდებულებაა, ის უნდა განეიტრალდეს, მეორე - ერთი განცხადებით, პრესკონფერენციით თუ ნაბიჯით კრიზისი სრულფასოვნად ვერ იხსნება. აუდიტორიის კითხვებს ბოლომდე უნდა გასცე პასუხი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კრიზისის მართვის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს.

- ბოლოს რა რეკომენდაციების გაცემა შეიძლება?

- პირველ რიგში, კრიზისის წარმოქმნის შემდეგ, სრულფასოვანი ანალიზი უნდა მოხდეს. აუცილებელია არსებული სიტუაციის შეფასება, თავად პრობლემა რამდენად მწვავეა და როგორ შეიძლება ის განვითარდეს, ეს დეტალურად უნდა იყოს გათვლილი;

მეორე - უნდა შეაფასდეს - რა წარმოდგენაა ხალხში, მედიაში, რას წერენ სოციალურ ქსელში მასზე, ყველაფერს კი სწრაფად და გააზრებულად უნდა გაეცეს პასუხი, განცხადება გაკეთდეს;

მესამე - თუ ისეთი სტრატეგიას შეირჩევა, სადაც საზოგადოებას პასუხობენ, ჯობს, თავად იყონ აქტიურები;

მეოთხე - სწორი ანალიზი და შეფასება იმისთვისაცაა აუცილებელი, რომ კრიზისის მოგვარებას ერთიანი სტრატეგიით მიუდგე. სტრატეგიის სწორი შესრულება კი, რომელიც გრძელვადიან აქტივობებზე იქნება მიმართული, მოგვცემს სასურველ შედეგებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი