ავტორი:

"მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს" - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები, როგორ მოამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის

"მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს" - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები, როგორ მოამზადოთ ბავშვი პირველი კლასისთვის

ახალი სასწავლო წელი საჯარო და კერძო სკოლებში 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს დაიწყება და როგორც წესი, განსაკუთრებული ემოციით ამ დღეს პირველკლასელთა მშობლები ელოდებიან - მათ ხომ შვილებთან ერთად უწევთ იმ ნაბიჯების გავლა, რაც სკოლაში სიარულის პირველ დღეებს ახლავს.

მნიშვნელოვანია, როგორ შეეჩვევა ბავშვი ახალ გარემოს, როგორ ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესში და ა.შ. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის ბავშვი მზად მოსწავლეობისთვის.

როგორი ბავშვი ითვლება სკოლისთვის მზად და რა უნარებს უნდა ფლობდეს პირველკლასელი? - ამ და სხვა კითხვებზე mshoblebi.ge-ს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე პასუხობს.

- იმისათვის, რომ ბავშვი პირველ კლასში შევიყვანოთ, ბევრ რამეში უნდა იყოს მზად. პირველ რიგში, მას სჭირდება წერისთვის, კითხვისთვის და ანგარიშისთვის საჭირო უნარები. ეს უნარები ბავშვს გავარჯიშებული და განვითარებული უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღში.

მომწიფებული არის თუ არა ბავშვის გონება იმისთვის, რომ ადვილად დაეუფლოს წერა-კითხვას და ანგარიშს, ამის ზუსტად შეფასება მშობელმა შესაძლოა ვერ მოახერხოს, მაგრამ ის, რაც ცხადად ჩანს არის ბავშვის ემოციური და ქცევითი მომწიფებულობა, ანუ მას შეუძლია თუ არა ნახევარი საათი იჯდეს მშვიდად, შეუძლია თუ არა იმპულსის შეკავება, შეუძლია თუ არა მასწავლებლის მოსმენა 30 წუთის განმავლობაში, ახერხებს თუ არა აზრის გადმოცემას თავისუფლად, აქვს თუ არა ლექსიკური მარაგი, შეუძლია თუ არა მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა - მოკლედ, ბევრი პარამეტრია, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი თავიდანვე წარმატებულად ჩაერთოს სასწავლო პროცესში? რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ პირველკლასელისთვის გაკვეთილები არ იყოს მოსაბეზრებელი და არ ჩამორჩეს პროგრამას?

- მშობელი ამ ყველაფერს მარტო ვერ გაართმევს თავს. მან უნდა ითანამშრომლოს მასწავლებელთან. 90 პროცენტით მასწავლებელზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაერთვება ბავშვი საგაკვეთილო პროცესში, რამდენად ხალისიანი, რამდენად საინტერესო იქნება გაკვეთილი და როგორ მოახერხებს მასწავლებელი ბავშვების დაინტერესებას.

ამასთანავე, მშობელი უნდა იყოს საქმის კურსში და არ უნდა სწყინდეს, თუ მასწავლებელი უკუკავშირს აძლევს ბავშვის ქცევაზე, ან სწავლაზე. მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად უნდა მოახერხონ მიჰყვნენ ბავშვს ფეხდაფეხ, რაც სამწუხაროდ, ძნელი მისაღწევია. არადა მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ კლასში იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად მოახერხოს ადაპტაცია სასკოლო გარემოსთან.

აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს, არც თავის და-ძმას. "შენი და-ძმა კარგად სწავლობდა და შენ რა გემართება", ასეთი შეფასებები ყოვლად დაუშვებელია!

როცა ბავშვს უჭირს დასწავლა, ერთი ახსნით ვერ ახერხებს გაგებას, მშობელი არ უნდა გაღიზიანდეს. უნდა დაუშვას, რომ შეცდომები და დაბრკოლებები არის ლეგიტიმური და ბავშვს აქვს უფლება, შეცდომები დაუშვას, მშობელმა კი ამ დროს მხარი უნდა დაუჭიროს.

- ხშირად, როგორც მშობელი, ასევე მასწავლებელიც აღნიშნავს, რომ თითქოს ერთნაირი უნარების მქონე ბავშვები არიან კლასში, მაგრამ ზოგიერთი ჩამორჩება თანატოლს... რატომ ხდება ეს?

- ეს ხომ ბავშვის შინაგან განწყობაზე და ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. ერთნაირები არავინ არ ვართ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პლუსები და მინუსები და ეს არ ნიშნავს, რომ ერთი უკეთესია და მეორე უარესი. საერთოდ არ ვარ მომხრე ნიჭზე აქცენტის გაკეთების, რაც ქართველებს ძალიან ხშირად გვჩვევია. არ ფასობს ნიჭი, არ ფასობს ჭკუა, ფასობს ძალისხმევა, რასაც ქართველები არ ვაფასებთ. მასწავლებელიც და მშობელიც უნდა აფასებდნენ ბავშვის ძალისხმევას წაიკითხეთ ვრცლად mshoblebi.ge-ზე

"ძალიან მომრავლდა ამ ტიპის ჩივილები... რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?" - რაზე უსაყვედურა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე COVID-19-ით ინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა

დასაქმება სტუდენტობის პირველივე დღიდან, მორიგი წარმატებული პროექტი BTU-ს კარიერული ცენტრისგან