ავტორი:

"პროფესორს ვუთხარი: თუ საჭიროა კიდურებიც მომკვეთეთ, ჩემს შვილებს დედა სჭირდებათ-მეთქი" - 33 წლის ქალის საოცარი ისტორია, რომელმაც მე-3 სტადიის სიმსივნე დაამარცხა

"პროფესორს ვუთხარი: თუ საჭიროა კიდურებიც მომკვეთეთ, ჩემს შვილებს დედა სჭირდებათ-მეთქი" - 33 წლის ქალის საოცარი ისტორია, რომელმაც მე-3 სტადიის სიმსივნე დაამარცხა

მარიამ სიბრილაძემ 16 წელი იტალიაში იცხოვრა, ისწავლა, დაოჯახდა და შვილები გააჩინა. მისი ისტორია მოსასმენად ძალიან მძიმეა, მაგრამ დღეს ის უკვე გამარჯვებულია მესამე სტადიის სიმსივნეზე, რომელიც წლების ბრძოლის შემდეგ დაამარცხა და ახლა სხვების გადასარჩენად იბრძვის...

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ორი შვილის დედა თავის მძიმე, თუმცა იმედისმომცემ ისტორიას გულახდილად ყვება:

- მარიამ შეგიძლია გაიხსენოთ ის დღე, როდესაც გაიგეთ რომ სიმსივნე გაქვთ, ემოცია როგორი იყო, პირველად ვის დაურეკეთ, რა გადააფასეთ...

- წარმოდგენაშიც კი არ მქონდა ოდესმე მსგავსი პრობლემის წინაშე დავდგებოდი... ერთ დღეს ბავშვებთან თამაშის დროს, პატარამ ფეხი ჩამარტყა და მარჯვენა მკერდი გამიწითლდა, გამიმაგრდა და მტკიოდა. ტრავმას დავაბრალე და ვფიქრობდი, რომ გაივლიდა.

პირიქით მოხდა, რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდა, დამეწყო საშინელი ტკივილები და გადავწყვიტე მამოლოგთან მისვლა.

თბილისიდან დავრეკე ძუძუს კიბოს კვლევით ინსტიტუტში, რომში, პროფესორ რიკარდო მასეტისთან, ადგილები იმდენად შეზღუდული იყო, ივნისიდან ნოემბრამდე შეუძლებელი იყო პროფესორის ნახვა. ბოლოს გავუგზავნე წერილი და ფოტოები, დაწვრილებით ავუხსენი მდგომარეობა. მეორე დღესვე დამიკავშირდნენ კლინიკიდან და სასწრაფოდ ჩანიშნეს ვიზიტი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა ჩემს თავს...

დიაგნოზი 2018 წლის 19 ივლისს დამისვეს - სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კარცინომა, მესამე ცე სტადია. რადიოლოგიური კვლევის შემდეგ 32 ლიმფური მეტასტაზი დაფიქსირდა, მდგომარეობა იყო უმძიმესი... დიაგნოზის დღეს ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობრის დედა, არ ვიცი როგორი შეშლილი სახით გამოვედი ექიმის ოთახიდან, რა გავაკეთე, საერთოდ არაფერი მახსოვს. იმდენად ვიყავი გათიშული ავტობანზე 10-12 კილომეტრი ფეხით ვიარე. ვტიროდი, ვიცინოდი, სრული შოკი მქონდა...

- როგორ აღმოჩნდით იტალიაში საცხოვრებლად და მკურნალობის ეტაპები რომ გაიხსენოთ.

- იტალიასთან მაკავშირებს 16 წელი. სტუდენტობა, სამსახური, აქ დაიბადნენ ჩემი შვილები, ყველაფერი მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში, რომს უკავშირდება. როცა უკვე გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება, სწორედ მაშინ გავხდი ავად, ამიტომ მომიწია იტალიაში გამომგზავრება და სხვა ცხოვრების დაწყება ისევ ამ ქვეყანაში.

საქართველოში ძალიან გაუმართავი ჯანდაცვის სისტემაა, მე ვიტყოდი, რომ საერთოდ არ გვაქვს. იტალია არის ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ქვეყანა, რომლის რესურსის უმეტესი ნაწილი სწორედ ჯანდაცვას და ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებას ხმარდება. მე როგორც ლეგალურად მობინადრეს, მაქვს სახელმწიფო დაზღვევა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს დიაგნოსტიკას, მედიკამენტებს, მკურნალობის სრულ პაკეტს და ოპერაციებს, მათ შორის პლასტიკურ ქირურგიასაც. ერთადერთი, რაშიც თანხის გადახდა მჭირდება, პროფესორთან ვიზიტებია.

მკურნალობის პერიოდში მქონდა ყველა პირობა, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. საოცარი გუნდი დამხვდა, ფსიქოლოგების, თერაპევტების, ნუტრიციოლოგების, ექთნების, ქირურგების... ისინი არ მიყურებდნენ როგორც მომაკვდავს, მათთვის ვიყავი ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ყველა სხვა და ცდილობდნენ თავი კარგად მეგრძნო.

ქიმიოთერაპიას ყოველ მეშვიდე დღეს ვიკეთებდი, ქიმიოთერაპიიდან სამსახურში გავრბოდი, იქედან მეგობრებთან მივდიოდი, ვაგრძელებდი ცხოვრებას, ისე როგორც მანამდე, ვცდილობდი რაც შეიძლება ცოტა დრო დამრჩენოდა ფიქრისთვის

დღევანდელი გადასახედიდან, კარგად არ მახსოვს რა ხდებოდა, იმდენად ბევრი რამის გაკეთებას ვცდილობდი ერთდროულად, დრო არასოდეს არ იყო საკმარისი. ვიცოდი რომ გადავრჩებოდი, მჯეროდა, არ მიფიქრია არც სიკვდილზე და არც ცხოვრების ხარისხის უბრალოდ გაუმჯობესებაზე. ერთი კონკრეტული მიზანი მქონდა - სრულიად გამოჯანმრთელება და ეს, მიუხედავად ავადმყოფობის სირთულისა და სტადიისა, ერთ წელში შევძელი!

- ბრძოლის პროცესში ხშირად წერდით სოციალურ ქსელში, ზოგისთვის დაუჯერებლად ჟღერდა, რომ ძალიან ლამაზი გოგონა, გამოპრანჭული და მაკიაჟით, ქიმიის გასაკეთებლად შედიოდა პალატაში...

- ჩემს ავადმყოფობაზე საუბარი დავიწყე პირველსავე დღეს. დავურეკე მეგობრებს და გამოვუცხადე, რომ კიბო მქონდა. ყველაზე რთული იყო დედასთან ამაზე საუბარი, ვეცადე რაც შეიძლება ფრთხილად მიმეწოდებინა ინფორმაცია. არ მინდოდა ამ ამბის დამალვა, არც საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა, მინდოდა რომ ღიად მესაუბრა ამაზე ყველასთან და ყველგან, სადაც შესაძლებლობა მომეცემოდა და ეს იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რადგან დამეხმარა მე და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს.

დიაგნოზის მოლოდინში ერთი ძალიან კარგი გოგოს, მარი ბობოხიას ინტერვიუ ვნახე, რომელმაც ჩემზე ადრე ებრძოლა ამ ავადმყოფობას და გადარჩა. დღის განმავლობაში ასჯერ მაინც ვისმენდი მის ამბავს და იმხელა ძალა მომცა, იმხელა ბრძოლის უნარი, რომ ვიცოდი მაგალითი მისგან უნდა ამეღო და სხვებს ისე დავხმარებოდი, როგორც მე ეს საოცარი გოგო დამეხმარა.

ამიტომ დავიწყე აქტიურად წერა და კომუნიკაცია სოციალური ქსელის საშუალებით. რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მწერდა ყველა, მათ შორის პაციენტები, მეკითხებოდნენ რჩევებს, მიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას... ბევრი მათგანი მკურნალობის გაგრძელებაზეც დავითანხმე და დღეს კარგად არიან. ყოველთვის ვცდილობდი, მიუხედავად ყველაფრისა მოვლილი და გაპრანჭული ვყოფილიყავი, რთულია ძალიან, რადგან მკურნალობის პროცესი სრულიად გცვლის და გაცლის საკუთარ სახეს...

მარიამ სირბილაძე ქიმიოთერაპიის ბოლო პერიოდში

რამდენიმე გადასხმის შემდეგ, როცა ავადმყოფობამ უკან დახევა დაიწყო, ქიმიოპრეპარატების რაოდენობა გაზარდეს, პირველივე საცდელი გადასხმის შემდეგ, მეორე დილით დავკარგე თმის 70% და წარბ-წამწამი, ერთ ღამეში სასწორი 10 კილოთი მეტს მაჩვენებდა, სარკეში საკუთარ თავს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მახსოვს, ზუსტად იმ დილით, მაკიაჟი გავიკეთე და გარეთ გავედი, ვითომც არაფერი. არ ვიცი საიდან მოდიოდა ამხელა ძალა, ალბათ იყო პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ვინც ჩემში იმედს ხედავდა...

- თქვენი ორი შვილი როგორ შეხვდა თქვენს ავადმყოფობას?

- ბავშვებმა იციან რომ დედა ავად იყო, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო ვართ შორს ერთმანეთისგან და მელოდებიან ყოველდღე. პატარები არიან და ბოლომდე ვერ გაიაზრეს როგორი სირთულის ამბავთან გვქონდა შეხება. ვფიქრობ რომ ძალიან გამიმართლა, რადგან მართლა ბევრი ადამიანი მედგა გვერდით, ზოგი შორიდან, ზოგი ახლოდან. თერაპიებზე ჩემი მეგობარი ანი ჩხოლარია დამყვებოდა, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ვხუმრობდით, ათას სისულელეს ვაკეთებდით, რისთვისაც დიდი მადლობა მას!

მარტო ვცხოვრობდი, მაგრამ რეალურად მარტო არ ვყოფილვარ - მამხნევებდნენ სრულიად უცხო ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი წერილები და თანადგომა. ძალიან დამეხმარა ჩემი ყოფილი მეუღლე, რომელმაც მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა ბავშვებზე და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ უჩემობა ნაკლებად ეგრძნოთ. მადლობა დედაჩემს და ჩვენს ოჯახს მორალური და ფინანსური უდიდესი რესურსის მოწოდებისთვის, იმისთვის რომ არ მანერვიულეს და ძალიან ყოჩაღად გაუძლეს ჩემთან ერთად იმას, რაც გადავიტანეთ.

მარიამ სირბილაძე იტალიელ ექიმებთან ერთად

- ბრძოლის პროცესში კლინიკაში მუშაობდით, როგორ ახერხებდით პარალელურ რეჟიმში მუშაობას

- მკურნალობის პროცესში სამსახური ძალიან დამეხმარა. ეს იყო მთავარი ძალა რომ მუდმივად ფორმაში ვყოფილიყავი. პაციენტების დახმარება, მათი მოსმენა გავსებს დადებითი და უარყოფითი ენერგიით, მაგრამ როცა ხედავ, რომ შენს შრომას აქვს სასიცოცხლო შედეგი, უბრალოდ არ იღლები. ვმუშაობდი მუდმივად, კლინიკაში და სახლიდანაც. ეს იყო მთავარი წყარო ფინანსურიც და მორალურიც. პაციენტს შესაძლებლობის მიხედვით ვურჩევ, რომ არ ჩამორჩნენ ჩვეულ რუტინას, იქნება ეს სამსახური თუ სხვა აქტივობები.

სამწუხაოდ კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პათოლოგია. ის კლავს ადამიანებს დაგვიანებული დიაგნოსტიკის და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში. ამიტომ ვურჩევ ყველას, მუდმივად აკონტროლონ ჯანმრთელობის მდგომარეობა! მოუსმინონ საკუთარ სხეულს, შეისწავლონ, დააკვირდნენ.

ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს საგანგაშო სიგნალს, ამიტომ დაუშვებელია უყურადღებობა, რომელსაც ხშირად გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ

უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, მეტად ყურადღებიანი ვიქნებოდი საკუთარი თავის მიმართ და მეტ დროს დავუთმობდი ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ამ ერთი წლის განმავლობაში ათასობით პაციენტისთვის მომოსმენია, ზოგი მათგანი სამწუხაროდ აღარ არის ჩვენს გვერდით, სწორედ მკურნალობაზე უარის თქმის გამო, დაგვიანებული დიაგნოსტიკის მიზეზით და ასე შემდეგ...

ზოგმა ტრადიციული მედიცინის დახმარებით მკურნალობაზე თქვა უარი და ბალახებით და სხვა გაურკვეველი წარმომავლობის ნივთიერებებით დაიწყო თვითმკურნალობა, ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ ყველა სიკვდილით დასრულდა... ამიტომ მნიშვნელოვანია დავუჯეროთ მკურნალ ექიმს, დღეისათვის კიბოსთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალება, ქიმიოთერაპიაა. არ არსებობს ალტერნატივა და როცა საქმე სიცოცხლეს ეხება, ექსპერიმენტების არც დრო და არც ადგილი არ არის.

- ოდესმე გადაღლილობისგან და ტკივილისგან ბრძოლის სურვილი დაგიკარგავთ?

- ბრძოლის უშრეტი სურვილი იყო, ის რამაც გადამარჩინა. ერთი წამით არ მიფიქრია უკან დამეხია. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, მთავარი იყო მეცოცხლა! მახსოვს დიაგნოზიდან რამდენიმე დღეში, პროფესორის კაბინეტის კარი შევაღე და გამოვუცხადე, მზად ვარ ორივე მკერდის მასტექტომიისთვის, თუ საჭიროა კიდურებიც მომკვეთეთ, ჩემი შვილები პატარები არიან და კიდევ სჭირდებათ დედამეთქი!

მადლობა ღმერთს არც ერთი ძუძუს მოკვეთა არ დამჭირდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მკურნალობის პროცესში დაღლას ვერ ვგრძნობდი, დაღლას ვგრძნობ ახლა, როცა ყველაფერი უკან დარჩა, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ გავუძელი ამ ყველაფერს და ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა ბრძოლისთვის თავის დანებება მინდოდა, მიდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვერც სირთულეს ვგრძნობდი, რეალურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ შეიძლებოდა კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ არ მიგრძნია.

- მკურნალობის შემდეგ გარკვეული პერიოდი საქართველოს ესტუმრეთ...

- გასული წლის 24 დეკემბერს მოვრჩი ქიმიოთერაპიის სრულ კურსს და 27 დეკემბერს საქართველოში ჩამოვედი - 37 კილოგრამით მეტი, წარბების და წამწამების გარეშე, უთმო, სრულიად შეცვლილი სხეულით და სახის ნაკვთებით... ზოგმა ვერც კი მიცნო, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი ჩემს შვილებთან, ოჯახთან და მეგობრებთან ყოფნით, რომ დანარჩენმა ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა...

- ახლა ჩართული ხართ სპეციალურ პროექტში, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. რას გვეტყვით ამაზე?

- ჩემი მკურნალი ექიმი რიკარდო მასეტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი იტალიაში, მე როგორც ძალიან აქტიური პაციენტი, მისივე შემოთავაზებით ჩავერთე გუნდში. ვფიქრობ, რომ "სუსან ჯეი ქომენის" ორგანიზაცია საქართველოშიც ჩამოვა, ეს არის უდიდესი და უმნიშვნელვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, მჯერა ყველაფერი გამოგვივა.

დღეისათვის საქართველოში არსებობს ევროპა დონა საქართველო, რომელსაც ყველასათვის საყვარელი ქალბატონი ანა მაზანიშვილი ხელმძღვანელობს, მეც მისი გუნდის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს. გვაქვს უარავი გეგმა და პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ონკოპაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტორია რაც სიმსივნური უჯრედების გამრავლებას იწვევს, მათ შორის გენეტიკა, ჭარბი წონა და ზოგადად ცხოვრების სტილი, სტრესი, გარემოს დაბინძურება. ძნელია ზოგი ფაქტორის თავიდან აცილება, მაგრამ უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დრო დავუთმოთ ფიზიკურ აქტივობებს, ვიკვებოთ შეძლებისდაგვარად ჯანსაღად, უარი ვთქვათ თამბაქოზე, შევამციროთ ალკოჰოლის რაოდენობა და რაც მთავარია, გვქონდეს დადებითი ემოციები, განწყობა!

მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ყველა პათოლოგია, არის მართვადი და ადვილად განკურნებადი, ამიტომ უმნიშვნელოვანესია პრევენცია.