ავტორი:

"დედის ალერსის სადღეგრძელო ყველაზე მეტად მიყვარს!" - როგორ თამადობენ ცნობილი ქართველები და იღებენ თუ არა ჰონორარს სუფრის გაძღოლაში

"დედის ალერსის სადღეგრძელო ყველაზე მეტად მიყვარს!" - როგორ თამადობენ ცნობილი ქართველები და იღებენ თუ არა ჰონორარს სუფრის გაძღოლაში

ქართული სუფრა გემრიელი კერძების, ღვინის და თამადის გარეშე წარმოუდგენელია. ხმაურიანი ქეიფები და სადღეგრძელოები საქართველოში აქტუალობას არ კარგავს, განსაკუთრებულ დღესასწაულებსა და წვეულებებს კი ქართველები ცნობილ თამადებს ანდობენ ხოლმე.

გამორჩეული სადღეგრძელოები, სუფრის წარმართვა და სტუმრების გართობა მეტწილად სწორედ თამადაზეა დამოკიდებული, ასე რომ, მათი ჰონორარიც სახელისა და "წონის" მიხედვით, 2000-დან 5000 დოლარამდეც კი მერყეობს.

AMBEBI.GE ცნობილ ქართველ ხელოვანებს დაუკავშირდა, რომლებსაც სუფრის გაძღოლაც ხშირად უწევთ პროფესიიდან გამომდინარე. დავინტერესდით, რომელია მათთვის გამორჩეული სადღეგრძელო და აუღიათ თუ არა ჰონორარი თამადობაში.

გია ბაღაშვილი, მუსიკოსი, ფოლკლორისტი:

"თამადობა ხშირად მიწევს მეგობრებისა და ახლობლების წრეში. ხშირად ვყოფილვარ მრავალრიცხოვანი სუფრის თამადაც. არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით ოფიციალურ სტრუქტურებს, სამინისტროებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა უცხო ენებზე მეხელმძღვანელა წვეულებებისთვის, რომლებიც ქვეყნის საპატიო სტუმრებისთვის იმართება.

ასეთ დროს, როგორც წესი, არ ვეუბნები უარს, რადგან არაფორმალურ გარემოში მიღებული შთაბეჭდილება ნებისმიერ ოფიციალურ მოლაპარაკებაზე უფრო მნიშვნელოვანია სტუმრისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაზე საუკეთესო შეხედულება შეექმნას. ამ მხრივ ქართული სუფრა, თავისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, რომელიც არაერთ კომპონენტს მოიცავს: სადღეგრძელოს, სიმღერას, ცეკვას - საუცხოო ასპარეზია.

ყველაზე საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, როდესაც 2008 წლის 2 აგვისტოს, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დამდო პატივი და მთხოვა მეთამადა წვეულებაზე, რომელსაც სტუმრობდა სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის 4 პატრიარქი და 12 ეპისკოპოსი. მათ შორის გახლდათ სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, რომლის ტიტული გახლდათ, არც მეტი არც ნაკლები - "მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული".

მისი უწმინდესობის თხოვნა იყო, ქართული სუფრის მეშვეობით გაგვეცნო მაღალი სტუმრებისთვის საქართველოს ისტორია, ჩვენი უნიკალური მრავალხმიანი სიმღერები და საგალობლები. ჩემდა სასიხარულოდ, ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა და დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად, სადღესასწაულო ტრაპეზი ორსაათნახევარს გაგრძელდა.

- რომელია თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?

- ქართული სიმღერის სადღეგრძელო, ვინაიდან ვთვლი რომ, ქართულ ენასთან ერთად, ეს არის საუკეთესო რამ, რაც ქართველებს ჩვენი არსებობის მანძილზე შეგვიქმნია!

ნათქვამია, სიმღერა სულის ამოძახილიაო და ქართული მრავალხმიანობა, მართლაც, საუკეთესოდ ასახავს ქართველი კაცის ყველაზე კეთილშობილურ თვისებებს

იგი ნიმუშია იმის, თუ როგორ არის შესაძლებელი ინდივიდუალობისა და შინაგანი თავისუფლების შენარჩუნების გზით, გასაოცარი ჰარმონიის, სიმწყობრისა და წესრიგის მიღწევა. ქართული სიმღერა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენია, რომელსაც ვფიქრობ, ხშირად უნდა დავესესხოთ, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ოდესმე შევძლოთ ქართველებმა, მსგავსი თანხმობის და შინაგანი ერთიანობის მიღწევა.

- იღებთ თუ არა გასამრჯელოს თამადობაში და დაახლოებით რა თანხას?

- თამადობაში ფული არასოდეს ამიღია და ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა! მე შემოსავალი საკმარისად მაქვს ჩემი პროფესიული საქმიანობიდან: ვარ შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ გენერალური დირექტორი, არაერთი ცნობილი საკონცერტო და სატელევიზიო პროექტის პროდიუსერი, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი, ვკითხულობ ლექციებს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ასე რომ, მე ეს არც მჭირდება და არც მომწონს.

თუმცა, მესმის, რომ არაერთისთვის თამადობა დღეს შემოსავლის წყაროა და არაფერი მაქვს მათი საწინააღმდეგო. უბრალოდ, პირადად ჩემი დამოკიდებულებაა ასეთი.

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:

"მიწვევით თამადად არ დავდივარ. სადაც პატარა სუფრაა და ჩემი მეგობრები სხედან, მიყვარს თამადობა. როცა უარის თქმა არ გამომდის, მხოლოდ მაშინ ვხვდები დიდ სუფრებზე. აგვისტოში ბიძაშვილის ქორწილი მქონდა და უარი ვერ ვუთხარი.

- თამადობაში ჰონორარი აგიღიათ?

- უარს ვამბობ ფულის აღებაზე. ჩემი მეგობრები არიან ცნობილი თამადები და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მე იმ ადამიანის დღეგრძელობა, რომელსაც არ ვიცნობ, მიჭირს.

- რომელია თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?

- განსაკუთრებით მიყვარს სიცოცხლის და საქართველოს სადღეგრძელო. მე იუმორნარევი სადღეგრძელოები მაქვს. ერთ-ერთი ასეთია: საქართველოს ყველა კუთხეს აქვს თავის მისია. კახელებმა ყურძენი უნდა დაწურონ და ღვინო დააყენონ; გურულებმა საკანონმდებლო პოლიტიკა აკეთონ; მეგრელებმა სააღმსრულებლო; მთიულებმა და ხევსურებმა საზღვარი უნდა დაიცვან... ჩნდება კითხვა იმერლებმა რა უნდა აკეთონო? იმერლები დაჯდნენ და იქეიფონ, ყველაზე კარგად ეგ გამოსდითთქო - ვამბობ და ყველა მხიარულდება.

- საჩუქრებს თუ გჩუქნიან კარგი თამადობის შემდეგ?

- საჩუქრები უფრო მაშინ აქვთ, როცა კონცერტები მიმყავს. ერთხელ მანქანის კარგ ნომერს მჩუქნიდნენ, მაგრამ არ გამოვართვი...

ბესო ბერულაშვილი - იუმორისტი, მსახიობი:

"ისეთი თამადები არიან, მე რა მოსატანი ვარ მათთან, თუმცა ხშირად მიწევს თამადობა. რამდენიმე დღის წინაც ვიყავი თამადა ბათუმში, ჩემი მეგობრის შვილის ქორწილში და კარგი დრო ვატარეთ. თუ მეგობრები და ახლობლები მთხოვენ, უარს ვერ ვეუბნები. ხანდახან ვამბობ - დავიღალე, ცუდად ვითამადებ, ან ვიჩხუბებ, მერე იქნებ აღარ დამიძახონმეთქი.

- თამადობაში ჰონორარი აგიღიათ?

- შემოსავლის წყარო თამადობა ჩემთვის არასდროს ყოფილა. კორპორატიული წვეულებები როცა არის და წაყვანა მიწევს, ჩემი პროდიუსერი უთანხმდება მათ დეტალებზე, შემდეგ კი ჩემთან ათანხმებს, თუმცა ეს კომერციული საიდუმლოა.

- საყვარელი სადღეგრძელო თუ გაქვთ?

- ქართულ სუფრაზე ყველა სადღეგრძელოს თავისი დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით ქალბატონების, სიყვარულის, მეგობრების სადღეგრძელო მიყვარს - მათ გარეშე ერთი წუთით არ უნდა იცხოვროს ადამიანმა. სტუდენტობის დროს ვიცოდით საათნახევრიანი ლექსები და ახლა თავისით მოდის ყველაფერი...

გივი სიხარულიძე - ნოველისტი, მსახიობი:

"თამადობა მაშინ არის ბედნიერება, როდესაც სუფრასთან ნიჭიერი, გონიერი ხალხი ზის! რაც არ უნდა კარგი თამადა იყო, სუფრა თუ არ გიწყობს ხელს, თამადობა არ გამოვა. თამადობა ეს არის სურვილი, რომ ვინც სუფრასთან ზის, ის ხალხი იყოს ისეთი, როგორც ლოცავ. თამადობა აერთიანებს ადამიანებს. თამადობა არის ცისარტყელის ხიდი ადამიანებს შორის, რომელსაც სუფრის წევრები მტევნებივით კიდია...

- რომელი სადღეგრძელო გიყვართ?

- მე მიყვარს სადღეგრძელო დედაზე. ლექსიც მაქვს: "ყველაზე დიდი რაც კია ლექსი, სახელად ჰქვია დედის ალერსი“. დედის ალერსის სადღეგრძელო მიყვარს ყველაზე მეტად!

- შეკვეთით თუ გითამადიათ?

- შეკვეთებით არ დავდივარ, როგორც ხორცს სჭირდება მარილი, ისეთივე საჭიროა სუფრის წევრებს იცნობდეს თამადა. მე ანაზღაურება არ ამიღია თამადობაში, მდიდარი მეგობრები მყავს და როცა გაიხარებენ ჩემი თამადობით, საჩუქრებს მიკეთებენ.

ზურა მანჯავიძე, მომღერალი:

"ხშირად, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიწევს თამადობა, ზოგჯერ ხუთშაბათს და პარასკევსაც. ორ ენაზე მიმყავს ხშირად სუფრა, რადგან არის შემთხვევები, როცა უკრაინიდან, რუსეთიდან არიან სტუმრები და მათთვის ქართულ-რუსულად მიმყავს საღამო.

- რომელია თქვენი საყვარელი სადღეგრძელო?

- ამოჩემებული არ მაქვს. მიყვარს სიყვარულის სადღეგრძელო, ჩემი ბავშვების ნათლიისგან ნასწავლი სადღეგრძელოა და ასე ჟღერს: იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც ქალებს აცდუნებს, მამაკაცებს აშტერებს, სამყარო კი მშვენიერი ხდება. მგონი ჩამომასხმევინებთ და დამალევინებთ ახლა...

- თამადობაში ჰონორარი აგიღიათ?

- სტანდარტული თამადობა არ მიწევს. კონფერენსიე ვარ, შოუს ელემენტები შემაქვს და ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო ახლა სწორედ ეს საქმეა. ჰონორარი 1500-2500 დოლარამდე მერყეობს.

"დინამო არენაზე" ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დროს, შუქი ჩაქრა - რა ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს სერხიო რამოსი

თბილისის მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებს

365 ახალი ინფიცირებული და 5 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები კორონავირუსის შესახებ