ავტორი:

"დაინტერესებულები დიმიტრი გაბუნიასთან არკვევენ, რა ფასად შეიძლება იყოს შეწყალებული ესა თუ ის პირი" - ირმა ნადირაშვილი

"დაინტერესებულები დიმიტრი გაბუნიასთან არკვევენ, რა ფასად შეიძლება იყოს შეწყალებული ესა თუ ის პირი" - ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება დაკავშირებულია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას სახელთან. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათთან კონტაქტზე გავიდა საადვოკატო წრეებთან დაკავშირებული პირი, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. „ევროპული საქართველო“ წყაროს ვინაობას არ ასახელებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე დეპუტატთან, მათ შორის ჩემთან, კონტაქტზე გამოვიდა წყარო, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან. ამ წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებით და შუამდგომლობით. ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და უშუალოდ მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, ანუ გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ამ წყაროს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება შეუძლებელია. ამ ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ ვაპირებ. სწორედ ეს ინფორმაცია მივიღე გაუთქმელობის დაპირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ძალიან კარგად შეუძლია გაბუნიას საეჭვო კავშირების დადგენა”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.