ავტორი:

"ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერის ისტორია - რა ჩაამატეს გადამწერებმა პოემაში?

"ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ხელნაწერის ისტორია - რა ჩაამატეს გადამწერებმა პოემაში?

"ვეფხისტყაოსანი" ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური განძია. რუსთაველის პოემის ხელნაწერები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იმდენად უნივერსალურია, რომ მსოფლიო ხელნაწერთა მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

დღესდღეობით "ვეფხისტყაოსნის" 161 ხელნაწერია შემორრჩენილი, რომელთაგან 96 იუნესკომ დოკუმენტური მემკვიდრეობის სიასი შეიტანა. მათგან 94 ხელნაწერი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაა, ორი კი ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკაშია დაცული.

AMBEBI.GE დღეს გიამბობთ "ვეფხისტყაოსნის" ავალიშვილისეულ ხელნაწერზე, რომელიც დღემდე შემონახულ ხელნაწერთა შორის სიძველით მეორეა და მეთექვსმეტე საუკუნით თარიღდება.

გამოფენა "ვეფხისტყაოსანი: საქართველოს ხელნაწერი მემკვიდრეობა"

ხელნაწერი შესრულებულია იოანე ავალიშვილის მიერ, რომელიც 1612 -1616 წლებში იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, იყო ცნობილი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ კალიგრაფი იყო და არ მოუხატავს ფურცლების ჩარჩოები, არშიები, თუმცა ძირითადი მოსაზრებით, "ვეფხისტყაოსნის" ეს ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი, თავიდან ბოლომე მისი შესრულებულია.

ავალიშვილისეულ ხელნაწერზე სასაუბროდ, ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ლია კიკნაძეს დავუკავშირდით, რომელიც 20 წელი მუშაობდა "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში.

"ავალიშვილისეული ხელნაწერი იშვიათად ლამაზი კალიგრაფიით შესრულებულია და საოცრად გაფორმებული. დეკორაციები არის ფურცლის სამივე მხარეს, ფურცლის ზემოთ, გვერდით და ქვემოთ. ყოველ გვერდს ახლავს არშიები - ყვითელი, წითელი, ფირუზისფერი, მეწამული... ისეთი თვალწარმატია ვერ მოსწყდებით! არშიებისთვის გამოყენებულია ოქროს მელანი და შიგნით არის დეკორი, დეკორად გამოყენებულია ადამიანები, ფლორა და ფაუნა. ჩარჩოშია ყველა ფურცელი ჩასმული, ე.წ. ბორდიური არის ულამაზესად გაფორმებული. წიგნი მთლიანად 260 ფურცლისგან შედგება.

ლიტერატურაში არსებობდა სარგის კაკაბაძის მოსაზრება, რომ ეს ავალიშვილისეული ხელნაწერი იყო, მაგრამ რუსთველოლოგებმა არ დაიჯერეს, რადგან არ ჰქონდათ საკმარისი არგუმენტაცია. შემდეგ, პარმენ მარგველაშვილმა შეისწავლა ის მეცნიერულად, მათ შორის კომპიუტერული ტექნოლოგიითაც და დაადგინა, რომ ეს ხელნაწერი, ასოები არის ივანე ავალიშვილის მიერ შესრულებული, რადგან იგი არის იდენტური თეიმურაზის მითითებით დამზადებული შესყიდვის სიგელებისა, რომელიც ცნობილია, რომ ავალიშვილის შესრულებულია მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს.

რაც შეეხება ვეფხისტყაოსნის ორიგინალურ ხელნაწერს, მის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. საუკუნეების განმავლობაში, მტრების შემოსევების გამო ზიანდებოდა და ნადგურდებოდა ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, მათ შორის ხელნაწერებიც. მაგრამ იყო ისეც, რომ მტერი აღფრთოვანებული რჩებოდა „ვეფხისტყაოსნის“ გაფორმებით, მოხატულობით და მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდათ რა ეწერა, გაჰქონდათ ქვეყნიდან და ასე შემორჩა ბევრი ხელნაწერი უცხოეთში" - გვეუბნება ლია კიკნაძე.

ავალიშვილისეული ხელნაწერი, ისევე როგორც, უამრავი ძვირფასი ქართული ხელნაწერი, წლების განმავლობაში რუსეთში ინახებოდა და მისი საქართველოში დაბრუნება ილია ჭავჭავაძისა და ცნობილი პედაგოგის, ილია ოქრომჭედლიშვილის სახელს უკავშირდება.

ხელნაწერთა ცენტრის სიძველეთა დაცვის განყოფილების სპეციალისტი თამარ აბულაძე უნიკალური ხელნაწერის დაბრუნების ისტორიას გვიყვება:

"ხელნაწერის შექმნა დიდი პროცესი იყო, კალიგრაფიული სკოლები არსებობდა... ავალიშვილისეული ხელნაწერი არის განსაკუთრებული ხელწერით შესრულებული - ულამაზესი მხედრულით, მაშინ საგანგებოდ იქმნებოდა ხარისხიანი და ვიზუალურად ლამაზი ფურცლები, არსებობდნენ მომხატველები, ყდების მომკაზმველები... ცალკე იყვნენ ისინი, ვინც ამზადებდა ყდას, საჭირო იყო აკინძვა და ჩასმა ყდაში.

დიდი ნაწილი ქართული ხელნაწერებისა და სიგელ-გურჯებისა რუსეთში იყო გატანილი და საბჭოთა კავშირის დროს, 1922-23 წლებში დაბრუნდა საქართველოში. ავალიშვილისეული ხელნაწერი წლების განმავლობაში ინახებოდა მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში და საინტერესოა, რომ მის შესახებ ცნობებს მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან ილია ჭავჭავაძეს აწვდიდა იმდროინდელი ცნობილი პედაგოგი ილია ოქრომჭედლიშვილი. ხელნაწერი 1922 წელს დაბრუნდა საქართველოში" - უყვება AMBEBI.GE-ს თამარ აბულაძე.

სიძველეთა დაცვის სპეციალისტის თქმით, გადაწერის პროცესში შოთა რუსთაველის ორიგინალური ტექსტი სახეცვლილებას განიცდიდა. გადამწერები ცდილობდნენ, რუსთაველს "დახმარებოდნენ" და საკუთარი წვლილიც წარმოეჩინათ:

"გადამწერები ცდილობდნენ, თავად შეემატებინათ გარკვეული ეპიზოდები. არსებობს, მაგალითად, ზაზა ფანასკერტელისეული ხელნაწერი, რომელშიც ჩამატებულია ვინმე ნანუჩას და სააკაძის მიერ ათეულობით სტროფი, როგორც ძირითად თხრობაში, ასევე ეპილოგში. სადაც ამატებდნენ სტროფებს, ყველგან მიაწერდნენ საკუთარ ინიციალებს, რომ მკითხველს სცოდნოდა - ისინი რუსთაველს „დაეხმარნენ“.

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ინდო-ხატაელთა ამბავი არ არის რუსთაველის და მიმატებულია, თუმცა „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის კომისიამ დაადგინა, რომ ეს თავიდანვე იყო და მხოლოდ გარკვეული ნაწილია მასში ინტერპოლაცია. დადგენილია, რომ დამატებულია ეპილოგი მთლიანად და ასევე ხვარაზმელთა ამბავი. ერთ-ერთ ხელნაწერში დამატებული იყო ტარიელისა და ნესტანის ქორწილიც კი. წესით, ორიგინალი ვეფხისტყაოსანი მთავრდებოდა ავთანდილის ქორწილით..." - ამბობს თამარ აბულაძე.

ექსპერტის თქმით, 1988 წელს გამოცემული ტექსტი ამ პოემის ყველაზე "სანდო" ვერსიაა და ის ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამ გამოსცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი