ავტორი:

"მინდოდა, ბნელ ქვეყანაში ხალისი და პოზიტივი შემეტანა" - როგორ ცხოვრობს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია

"მინდოდა, ბნელ ქვეყანაში ხალისი და პოზიტივი შემეტანა" - როგორ ცხოვრობს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია

10 წლის განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის წამყვანი იყო. წაყვანის თავისებური და გამორჩეული სტილი ჰქონდა, მაყურებელს უყვარდა თეა გვასალიაც, მისი გადაცემაც და წლების განმავლობაში ერთგულად უყურებდა. მაგრამ ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს და "ამბობენიც" დასრულდა...

დღეს თეა გვასალია ტელევიზიიდან ძალიან შორს, საყვარელ საქმეში მთლიანად ჩაფლულია - პროფესიით ესპანური ენის სპეციალისტი ცოდნას ახალ თაობას უზიარებს, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ერთ დროს სუპერპოპულარულმა წამყვანმა AMBEBI.GE-სთან მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და პირველი, ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვცა:

- წლების განმავლობაში მიგყავდათ ერთ-ერთი რეიტინგული, საავტორო გადაცემა "ამბობენ". იმ თეადან დღევანდელ თეამდე ბევრი წელი გავიდა... ნოსტალგია არ გაქვთ?

- ტელევიზიის ნოსტალგია საერთოდ არ მაქვს. იქ მისვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ცხოვრების ეს ეტაპი ოდესმე დამთავრდებოდა. თითქმის 10 წელი გადიოდა „ამბობენ“ ეთერში. ძალიან მინდოდა, იმ ბნელ და გაყინულ ქვეყანაში ფერები, ხალისი და პოზიტივი შემეტანა. მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ევროპელი პრინცები და პრინცესები, რა ხდებოდა მოდის სამყაროში…

მსიამოვნებდა ამ გადაცემის კეთება და წაყვანა, მაგრამ ჩემი ძირითადი „სიყვარული“ ყოველთვის ესპანური ენა იყო. იმისთვის არ ვისწავლე ამდენი აქაც და ესპანეთშიც, რომ მარტო გასართობი გადაცემები მეკეთებინა.

16 წლიდან ვთარგმნიდი გაბრიელ გარსია მარკესს. მისი ოცამდე წიგნი მაქვს ნათარგმნი. ყოველთვის მინდოდა, საქართველოში ბევრს სცოდნოდა ესპანური. ბოლოს და ბოლოს, 20 ქვეყნის ოფიციალური ენაა, ნახევარი აშშ, ესპანურად ლაპარაკობს. ამიტომ, როცა ტელევიზიიდან წამოვედი, მცირე ხნით თავს უფლება მივეცი, დამესვენა, პრიორიტეტები გადამელაგებინა, არასატელევიზიო მომავალზე მეფიქრა და ცხოვრების ახალი ეტაპი დამეწყო...

დღეს ტელევიზიაზე მეტად მიყვარს ჩემი საქმე. მიყვარს ჩემი მოსწავლეები (მათი ასაკი 10-დან 55 წლამდეა), მახარებს მათი მიღწევები და წარმატებები. მათი დიდი ნაწილი უკვე ესპანეთში ან ამერიკაშია და იქიდან მწერს, როგორ გამოადგათ ჩემთან ნასწავლი ესპანური ენა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია!

- როგორც გავიგე, ბოლო დროს სახელმძღვანელოზეც გიმუშავიათ...

- სახელმძღვანელოც სწორედ იმიტომ დავწერე, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი გამეადვილებინა. ესაა მოკლედ და გასაგებად გადმოცემული ესპანური ენის გრამატიკის პრაქტიკული კურსი. გასული ზაფხული ამ საქმეს დავუთმე. წიგნი უკვე სტამბაშია ჩაშვებული და დღე-დღეზე გამოვა...

- ესპანური ენის ასეთ სიყვარულს, მის ცოდნას, სხვებისთვის ამ ენის სწავლებას - რა ემოციური დატვირთვა აქვს?

- ემოციურადაც და სხვა ყველა ასპექტშიც ესპანური ჩემთვის ყველაფერია! ესპანურად ვფიქრობ, ყოველდღიური კავშირი მაქვს ესპანეთთან. ყველაფერი ვიცი, რაც მის პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურულ ცხოვრებაში ხდება. ჩემი ესპანური მიკროსამყარო მაქვს შექმნილი და არანაირი სხვა სამსახური, თუნდაც ტელევიზია, აღარ მაინტერესებს...

- მკაცრი პედაგოგი ხართ?

- მკაცრი მასწავლებელი ნამდვილად არ ვარ, რადგან ჩემთან ვინც მოდის, ყველას გულით უნდა ამ ენის სწავლა, ყველა მონდომებული და მოტივირებულია და რაზე უნდა გავუბრაზდე? როგორც წესი, მე და ჩემი მოსწავლეების უმეტესობა, საბოლოოდ მეგობრები ვხდებით ხოლმე.

წელს ჩემს მოსწავლეებს მომავალი ექიმები დაემატნენ. სამედიცინო სფეროში ჩახედულებმა იციან, რომ ჩვენს სამედიცინო უნივერსიტეტში ამერიკული, ემორის უნივერსიტეტის პროგრამა ფუნქციონირებს, სადაც სტუდენტებს ინგლისურ ენაზე, ამერიკული პროგრამით ასწავლიან. მათი უმეტესობა ალბათ ამერიკაში წავა სამუშაოდ, იქ კი ესპანური მეორე კი არა, ლამის პირველი ენაა. ამიტომ პროგრამის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს მომავალ ექიმებს ესპანურიც ასწავლონ და ლექციების წასაკითხად მიმიწვიეს.

- საქართველოში ბევრს მოსწონს ეს ენა და მისი შესწავლაც უნდა. როგორც ესპანური ენის სპეციალისტი, რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ?

- მარტო ესპანურის კი არა, ნებისმიერი ენის შემსწავლელებს ვურჩევ, ყოველდღე, თუნდაც ნახევარი საათი დაუთმონ მეცადინეობას და რაც შეიძლება ბევრი ისმინონ ამ ენაზე - სიმღერები, ფილმები, გადაცემები, ფეხბურთის ტრანსლაციები, საინფორმაციო გამოშვებები. თვითონ გაოცდებით, რა იოლად „შემოგესწავლებათ“ ენა.

- მოგვიყევით შვილებზე, სამი შვილი გყავთ, მკაცრად ზრდით მათ?

- სამი შვილი მყავს: 16 წლის ელენე და 12 წლის ტყუპი - სანდრო და მელანო. სამივე ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართულ სკოლაში დადის, სადაც გაძლიერებულ ფრანგულ ენას ასწავლიან. თუმცა, მათ ინგლისური უფრო უყვართ და კარგადაც იციან. ესპანურის სიყვარული არც ერთს არ გადაეცა მემკვიდრეობით.

მკაცრი დედა არ ვარ, რადგან არ მაძლევენ სიმკაცრისთვის საბაბს. ძალიან კარგად სწავლობენ, მიჯერებენ და რაც მთავარია, ხედავენ და აფასებენ ყველაფერს, რასაც მათთვის ვაკეთებ.

- ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ მომავალში მათ განათლება უცხოეთში მიიღონ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, არც ერთის გაშვებას არ ვაპირებ საზღვარგარეთ სასწავლებლად. აქ ჩააბარონ, კარგად გაერკვნენ რა უნდათ, ცოტა დამოუკიდებლობასაც მიეჩვიონ და მერე მაგისტრატურაში გააგრძელონ სწავლა, სადაც მოუნდებათ და სადაც შეძლებენ.

არც ის მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ჩემგან შორს, საზღვარგარეთ იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში უამრავი რამაა გამოსასწორებელი და შესაცვლელი, მაგრამ არსად გაქცევის მომხრე არ ვარ.

მე რომ ესპანეთი მიყვარს, არ მგონია, ვინმეს ისე უყვარდეს რომელიმე ქვეყანა, მაგრამ ჩემი ფესვები აქაა, დედაჩემის საფლავია აქ, გაქცევის ნაცვლად ყველამ ჩვენი წილი შესაცვლელი რომ შევცვალოთ და ჩვენი წილი გამოსასწორებელი გამოვასწოროთ, ეს უფრო სწორი საქციელი მგონია!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი