ავტორი:

ქუთაისელი დების თავბრუდამხვევი ცხოვრება ქვეყანაში, სადაც გინება სირცხვილად ითვლება, პრეზიდენტზე ცუდად საუბარი კი - უზრდელობაა

ქუთაისელი დების თავბრუდამხვევი ცხოვრება ქვეყანაში, სადაც გინება სირცხვილად ითვლება, პრეზიდენტზე ცუდად საუბარი კი - უზრდელობაა

"Depressed Georgian in South Korea" (დეპრესიული ქართველი სამხრეთ კორეაში) - ასე ჰქვია "ფეისბუქზე" ძალიან პოპულარულ გვერდს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში და უკვე 100 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

ქართველი დები - სოფია და ანა კვინიკაძეები წარმოშობით ქუთაისიდან არიან და წლებია სამხრეთ კორეაში ცხოვრობენ და სწავლობენ.

გოგონების დედაც ემიგრანტია და მათი ბავშვობა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ დეპრესიიდან თავის დასაღწევად, უცხო და მათთვის საყვარელ ქვეყანაში იღებენ ვიდეოებს კორეულ ფილმებზე, სამზარეულოზე, კულტურასა და მუსიკაზე, რითაც ქართველ მაყურებელს ახალისებენ.

AMBEBI.GE ინტერვიუსთვის გოგონებს დაუკავშირდა. ვესაუბრეთ სოფიას, რომელმაც პირველმა გაჭრა გზა შორეული სამხრეთ კორეისკენ და შემდეგ თავისი და წაიყვანა.

- სამხრეთ კორეასა და ჩემი შეხვედრა ჯერ კიდევ მეათე კლასში მოხდა, როცა შემთხვევით ინტერნეტში ანიმე პერსონაჟების ძებნისას კორეული ფილმის რეალურ პერსონაჟებს გადავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა პროფილით ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, უნივერსიტეტში დავიწყე კორეული ენის სწავლა.

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება საკმაოდ რთული იყო, არადა მხოლოდ იქ ისწავლებოდა კორეული ენა, მეგონა, რომ ეს აუცილებლად მომცემდა შანსს, კორეაში წავსულიყავი. თუმცა, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მივხვდი, რომ ბრძოლა ახლა იწყებოდა, რადგან კორეა სამოგზაუროდაც კი რთული ქვეყანაა, სიძვირის გამო.

მესამე კურსზე ვიყავი, დავიწყე საბუთების შევსება გაცვლით პროგრამებზე, ბევრი სირთულე იყო გზად, ბევრი არ გამოსული წამოწყებებიც, მაგრამ მაინც ბოლომდე მჯეროდა, რომ აუცილებლად წავიდოდი ჩემი ოცნების ქვეყანაში. მართლაც, გამიმართლა და კორეულ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი ჩატარდა საქართველოში. კავკასიის რეგიონის ქვეყნის მონაწილეები იყვნენ მოწვეული და სწორედ აქ მიპოვა ჩემი ახლანდელი უნივერსიტეტის პრეზიდენტმაც. კონკურსში გამარჯვების შემდეგ კი მაგისტრატურაზე სრული დაფინანსება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სტუდენტ-თანამშრომლის პოზიცია მივიღე.

- მოგვიანებით შენი დაც ჩამოვიდა კორეაში საცხოვრებლად, ეს როგორ მოხდა?

- ჩემს დას კორეაში სწავლის გაგრძელებისა და ჩამოსვლის გეგმები არ ჰქონია. ქუთაისში სწავლობდა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. უბრალოდ ფაკულტეტი ბევრჯერ შეიცვალა, უკმაყოფილო იყო. კორეასთან რაც აკავშირებდა იყო ის, რომ მე რომ შემიყვარდა მეათე კლასში, ისეც ჩემთან ერთად მოვწამლე და დავპირდი - წავალ და აი, ნახე, წაგიყვანმეთქი.

- როგორ გაჩნდა გვერდის Depressed Georgian in South korea შექმნის იდეა?

- გვერდი შევქმენი იმ ადამიანების გასახარებლად, ვისაც კორეა უყვარს. საქართველოში ბევრმა არ იცის „კორეული ტალღის“ ფენომენი რას ნიშნავს. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ჰოლივუდი, ბოლივუდის ანალოგ სიტყვად შეიძლება გაიგოთ. ანუ კორეული მუსიკა, ფილმები გახდა ძალიან პოპულარული და „ხალხს წამლავს“. ასე მოვიწამლე მეც თავის დროზე და ვიცი, რას ნიშნავს, როცა დაგცინიან სკოლაში, უნივერსიტეტში - "რამ გადაგრია ამ „ჩინელებზეო“.

მე მგონია, რომ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ჩემთვის სწავლასა და წარმატების გზაზე უდიდესი მოტივაცია იყო და გადავწყვიტე სწორედ ასე ჩემსავით კორეით მოწამლული ბავშვებისთვის გამეხსნა გვერდი და დავიწყე ვიდეოების დადება კორეის კულტურაზე, სწავლის გაგრძელებაზე კორეაში და ა.შ.

- სწავლის პარალელურად მუშაობ, როგორია ცხოვრება, ყოველდღიურობა ამ ქვეყანაში?

- სამხრეთ კორეას ეძახიან „სწრაფ“ ქვეყანას, რადგან აქ ხალხი არ დადის, დარბის. ყველა დაკავებულია და საქმიანობს, უსაქმური ადამიანი სამხრეთ კორეაში არ არსებობს. ძალიან მშრომელები არიან, ყველაზე მეტსაც მუშაობენ საათობრივი განაკვეთით მგონი მსოფლიოში.

მეც აქაური ქუდი დავიხურე, რადგან აქაურ სიჩქარეს ან ფეხი უნდა აუწყო, ან სახლში უნდა წახვიდე. თუ ფეხს აუწყობ, კარგად იცხოვრებ! ძალიან ბევრი უცხოელი 2-3 წელი რჩება და ვერ უძლებს, სახლში გარბის

კორეელების ტრადიციებს ჩამოსვლამდეც ვიცნობდი, მაგრამ რამდენიმე იყო ისეთი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. მაგალითად, ბუდიზმის, კონფუციონიზმის გამო, კორეელთა კულტურა საკმაოდ „ჩაკეტილი“ და „მკაცრია“, ამის გამო მეგონა, რომ უცხოელების მიმართ არც ისე თბილები იქნებოდნენ, განსაკუთრებით უფროსი თაობა. მაგრამ, ჩამოსვლის შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, მოფერების მეტს არაფერს აკეთებენ, არასდროს მინახავს უცხოელის მიმართ უზრდელი ან უხეში დამოკიდებულება, მიყრუებულ სოფლებშიც კი, სულ გიღიმიან.

რაც დრო გავიდა, აღმოვაჩინე, რომ ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებენ, რომ უცხოელები უყვართ, კულტურა აქვთ ასეთი, რომ გინება, უხეშობა, ძალადობრივი საქციელები სირცხვილად ითვლება.

- ცხოვრება რამდენად იაფია, სახლი, საკვები, ტანსაცმელი...

- ცხოვრება კორეაში ძალიან ძვირია. მაგალითად, დედაქალაქში სახლი რომ იქირაოთ დეპოზიტი (ჩვენებურ გირაოს ჰგავს) თანხა უნდა გადაიხადოთ 10 000 დოლარი დაახლოებით და პარალელურად თვიურად ბინის ფული 500 დოლარიდან იწყება. თან პატარა, მოცუცქნულ ოთახებზეა საუბარი, რომ განახათ, ვაიმეეე... დეპოზიტს უკან გიბრუნებენ შემდეგ.

- რას გვეტყვი კორეელ მამაკაცებზე?

- კორეელ მამაკაცებს ევროპული გარეგნობის გოგონები ძალიან მოსწონთ. ფლირტში, ძალიან რომანტიკულები არიან, ყოველთვის ცდილობენ ფილმიდან რაღაც სცენების გათამაშებას.

გამომდინარე იქიდან, რომ კორეაში კოცნა, ჩახუტება და ა.შ. საზოგადო ადგილებში არ არის მიღებული, ფლირტი ხდება თავაზიანობით, ლაპარაკით, ლამაზი მანერებით - კარების გაღებით, ჩანთის დაჭერით.

თუ საჭმელს ჭამთ ერთად, მაგალითად ხორცს, დაგიჭრიან ხორცს სანამ ჭამას დაიწყებთ. თუ წვიმს გაიქცევიან ქოლგას მოგიტანენ, გზაზე სიარულის დროს, მოტოციკლეტი თუ მოდის, აუცილებლად მხარს შეიცვლიან და შენ შიდა მხარეს დაგაყენებენ, რომ უსაფრთხო მხარეს იყო. სახლამდე აუცილებლად უნდა მიგაცილონ, ბოლოს არაფორმალურ, შინაურ საუბრის ფორმაზე რომ გადახვალთ, უნდა ელოდოთ, რომ გთხოვენ „შეყვარებულობას“...

- სოფია, შენი დედაც ემიგრანტია, ოჯახზე მოგვიყევი, რომელიც საქართველოში დატოვე...

- დედა ჯერ კიდევ მაშინ წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ, როცა მე შვიდი წლის ვიყავი... ეს ის პერიოდია, ხალხი წასვლას რომ იწყებდა საქართველოდან, სკაიპი და კომპიუტერი რა ხილი იყო, რომ არ ვიცოდით, მონატრებას დედა ჩვენს ტანსაცმელზე გაყოლებული სუნით იკლავდა... მე ბებომ გამზარდა, ძალიან პაწაწუნა ვიყავი, ბებომ რომ მიმიბარა და მიჩვეული ვიყავი დედის გარეშე ყოფნას, ჩემს დას ძალიან გაუჭირდა, სულ ტიროდა, დედის კალთას არ იყო მოშორებული...

პირველი წასვლის შემდეგ დედა რომ ჩამოვიდა, ჩემი და გადმოვიყვანეთ ქუთაისში და გვეგონა, რომ აი, ერთად ვართ, დედამ ბიზნესის წამოწყება სცადა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო, ისევ წასვლა მოუწია. წლები ისევ ასე ერთმანეთის გარეშე ვიყავით. აბიტურიენტი რომ გავხდი, ჩამოვიდა და ისევ წასვლა მოუწია, რადგან მე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ მოვინდომე ჩაბარება და სრული დაფინანსებისა და სტიპენდიის მიუხედავად, თბილისში გადასვლას მეტი სახსრები სჭირდებოდა.

მამა ამ დროს გვერდით არ გვედგა და სხვა რა გზა იყო, დედა ისევ წავიდა, ახლაც იქ არის. სანამ კორეაში წამოვიდოდი, დედამ საჩუქარი გაგვიკეთა წაგვიყვანა იტალიაში ორი კვირით, ვისიყვარულეთ და წამოვედი მე აქეთ, ჩემი ცხოვრების მოსაწყობად...

- სოფია, ინტერვიუს დასასრულს, ჩრდილო კორეაზე მოგვიყევი. რას ამბობენ სამხრეთ კორეაში, მეზობელ სახელმწიფოზე, რომლის მიმართაც მსოფლიოს ინტერესი ძალიან დიდია?

- იქაურ დიქტატურას თავდაღწეული ადამიანების ნახვა, არც ისე ადვილია, ძალიან ცოტანი არიან. სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეელებზე არ ლაპარაკობენ და ზოგადად, კორეელებს პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უყვართ. არასდროს ჩემს გარემოცვაში ამაზე ლაპარაკს არ შევსწრებივარ. თუმცა გარეთ, სხვა ქვეყნებს ჰგონიათ, რომ სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის შიშით ღამე კარგად არ სძინავთ, რაც ასე ნამდვილად არ არის. ხუმრობა და სიცილის მეტს არაფერს აკეთებენ, ანუ ამას სერიოზულად არ აღიქვამენ.

სამხრეთ კორეაში არიან ადამიანები, ვისაც გაერთიანება უნდათ და ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ გაერთიანება სამხრეთ კორეის ეკონომიკას ჩაძირავს. მაგალითად, ჩემი ლექტორი, ასაკიანი კაცია და რამდენჯერმე წამოსცდა, რომ ჩვენი პრეზიდენტი ვერ არის კარგად, გაერთიანება უნდა ჩრდილოეთ კორეასთან და ჩვენც უნდა გვაშიმშილოსო. მაგრამ აქ საინტერესო ფაქტი არის ის, რომ კორეაში ქვეყნის წამყვან პირზე ასე საუბარი უზრდელობად ითვლება და პრეზიდენტს ვერავინ რომ ვერ იტანდეს, ამას ყველა უზრდელობად თვლის...