ავტორი:

ფინეთის "საგანმათლებლო სასწაული" და მოსწავლეები უმაღლესი შედეგებით - რა უნდა გადმოვიღოთ ფინური სკოლებიდან?

ფინეთის "საგანმათლებლო სასწაული" და მოსწავლეები უმაღლესი შედეგებით - რა უნდა გადმოვიღოთ ფინური სკოლებიდან?

ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა რეიტინგის სათავეში ბოლო 40 წელია, იკავებს პოზიციებს. ეს, რა თქმა უნდა, განათლების ძირეული რეფორმების შედეგია, რაც მრავალ ქვეყანაში ახლა ინერგება. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, სკოლები თუ უნივერსიტეტები სამოთხეს რომ წარმოადგენენ როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც.

როგორ ახერხებენ ფინელი ახალგაზრდები, რომ სკოლაში ცოტა დროს ატარებენ, სახლში ნაკლები დავალება აქვთ და მაინც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს აღწევენ?

ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებთ იმ იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მეტი უნდა იმეცადინონ სკოლასა თუ სახლში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ამბობენ, რომ მართლაც საოცარია, თუ როგორ ახერხებენ ასეთი წარმატების მიღწევას ფინელი ახალგაზრდები, რომლებიც ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების (OECD 35 ქვეყანას აერთიანებს) მოსწავლეებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებ დროს ატარებენ სკოლებში.

ფინეთში საზაფხულო არდადეგები უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოსწავლეები შუა ივლისამდე სწავლობენ, ფინეთში დასვენება 10-11 კვირა გრძელდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფინელი ბავშვები სკოლაში სწავლას 7 წლის ასაკში იწყებენ. ეს საკმაოდ რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან ითვლება, რომ ბავშვმა 7 წლამდე პერიოდი მშობლებთან და სხვა ახლობელ ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროს. შედეგად, Programme for International Student Assessment-ის შეფასებით, ფინეთი კითხვის დონის მაჩვენებლით მე-6 ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი - კი 23-ზე. მათემატიკის რეიტინგში ფინეთი მე-12 პოზიციას იკავებს, დიდი ბრიტანეთი - 26-ს.

"ბიბისი" ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს ავრცელებს:

მასწავლებლების პატივისცემა

ფინელი მასწავლებლების განცხადებით, მთავარი მარეგულირებელი არის ნდობა. მშობლები ენდობიან სკოლას, რომ ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ბავშვებს სკოლაში ყოფნის პერიოდში საკმარის განათლებას მიაწვდის. ნდობის გარანტი მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმია. ფინეთში მასწავლებლობა ძალიან პრესტიჟულია.

მასწავლებლები მხოლოდ 4 საათს ატარებენ სასწავლო ოთახებში და პირადი განვითარებისთვის სახელმწიფო უფინანსებთ დამატებით 2 საათს კვირაში. ამავდროულად, ფინეთში იმდენივე მასწავლებელია, რამდენიც ნიუ-იორკში, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების რაოდენობა 2-ჯერ ჩამოუვარდება მეგაპოლისის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, მასწავლებლების საშუალო ხელფასი ფინეთში 2008 წლის მონაცემებით, 29 000 დოლარს შეადგენს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი - 36,000 დოლარს.

მასწავლებლები ისეთივე ავტორიტეტით სარგებლობენ, როგორც ექიმები ან იურისტები. სავალდებულო 5 წლიანი მაგისტრის დიპლომით განათლების სფეროში და სამშობლოსადმი გაღებული უდიდესი ღვაწლისთვის, ისინი ძალიან პატივსაცემ ადამიანებად ითვლებიან.

გრძელვადიანი დაგეგმარება

ფინეთში ცვლილებები საგანმანათლებლო სისტემაში 1970-იან წლებში დაიწყო. სისტემა კვლავაც იმ მიმართულებით მუშაობს, რაც მაშინ დაიწყო. შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში მუდმივად იცვლება განათლების სისტემის მიდგომები და მეთოდოლოგია.

ფინეთი ხარჯავს 30%-ით ნაკლებს თითოეულ მოსწავლეზე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. მოსწავლეების 66% უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. ამავდროულად, მათი 93% განათლების მიღებას ამთავრებს, რაც აშშ-სთან შედარებით 17.5%-ით მეტია.

ფინეთის სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობას სახელმწიფო აფინანსებს. მათ სამთავრობო ორგანიზაციების აგენტები მართავენ და არა ბიზნესმენები, სამხედრო თუ კარიერისტი ლიდერები.

სტუდენტების საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო პროგრამის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ფინეთის მოსახლეობა მეხუთეა მსოფლიოში. ქულები, რომლებიც ამ ქვეყანამ აიღო, არის 531 მეცნიერებაში, 526 კითხვაში და 511 მათემატიკაში.

ფინური განათლების სისტემის წარმატების მთავარი გასაღები თითოეულ სტუდენტზე მორგებული განათლებაა, რომელიც ყველა სტუდენტის ჩართულობასა და თანასწორობას უზრუნველყოფს. სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუდენტების მიმართვიანობა და მათზე რეაგირება ისე ხდება, რომ სხვა სტუდენტებმა ამის შესახებ არაფერი იციან და აღნიშნულით არც ფერხდებიან. მასწავლებელთან ერთად, თითოეულ მოსწავლესთან ურთიერთობაში ჩართული არიან ფსიქოლოგები, სპეციალური განათლების პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია. ეს ყველაფერი კი მშობლების მონაწილეობითა და თანხმობით ხდება.

საშინაო დავალებები

ეს არის ყველაზე რთული კითხვა, რომელსაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგანმანათლებლო საკითხების დირექტორი ანდრეას შლეიჩერი ამბობს, რომ სწავლაში გატარებული ყოველი დამატებითი საათი წარმატების გარანტია. ფინეთში კი საწინააღმდეგოს ამბობენ: ნაკლებ დროში მიღებული განათლება მეტ წარმატებას მოგიტანთ. ეს არის ხარისხისა და რაოდენობის ბალანსის საკითხი.

2017 წლის აგვისტოში წარადგინეს ახალი ხედვა, რომელიც სასკოლო სისტემის კიდევ უფრო დახვეწას გულისხმობს. ის მოიცავს: მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ინოვაციებისა და ექსპერიმენტების მიმართულებით გააქტიურებას, მასწავლებლებისთვის მენტორების აყვანას, რომელიც მათ ციფრულ და ახალ პედაგოგიურ მიღწევებს შეასწავლიან. ხაზგასმულია ფიზიკური აქტივობის საკითხიც. მოსწავლეებმა ფიზიკურ ვარჯიშს დღეში 1 საათი მაინც უნდა დაუთმონ.

ფინეთში ბავშვს დაბადებიდანვე აძლევენ პასპორტს და უყურებენ, როგორც ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეს.

მშობლებს არ აქვთ უფლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვს უყვირონ - ეს მას ამცირებს. ბავშვის ცემა კი სოლიდური ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ფინეთში არ არიან მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს.

საბავშვო ბაღში სწავლის უფლება ყველა ბავშვს 10 თვის ასაკიდან აქვს. ბავშვთა კვება ბაღებში უფასოა.

ჩვეულებრივ ბაღებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც დადიან. ისინი ცდილობენ არ ჩამორჩნენ თანატოლებს, რისი წყალობითაც ბევრი მათგანი უკვე ადრეულ ასაკში ახერხებს ფუნქციების აღდგენას.

6 წლის ასაკიდან ბავშვს თამაშით აწვდიან აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, რომელიც მას პირველ ეტაპზე, სასკოლო პროგრამის ასათვისებლად დასჭირდება.

ფინეთში სჯერათ, რომ ბავშვები იმდენად ნიჭიერები არიან, რომ სკოლამდელ ასაკში ბუნებრივად უნდა აითვისონ ორი ენა.

სასკოლო განათლების პრინციპები:

- ყველა ბავშვი თანაბარია

- კომერციას სკოლაში ადგილი არ აქვს

- სასკოლო წიგნები და ნივთები უფასოა

- სასკოლო სადილი უფასოა

- მოსწავლეთა სატრანსპორტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი ფარავს

- მასწავლებლებს ყველა ენდობა

- ბიუროკრატია მინიმუმამდეა დაყვანილი

- ფინეთში 9-წლიან სკოლაში არ არსებობს არანაირი სელექცია

- 1990-იანი წლებში, ფინელებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მოსწავლეების შესაძლებლობებისა და კარიერული უპირატესობების მიხედვით ჯგუფებად განაწილებაზე მოსწავლეს შეუძლია გამოცდაზე მოიტანოს ნებისმიერი სახელმძღვანელო, წიგნი, მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტში. მნიშვნელოვანია არა დაზეპირებული ტექსტების რაოდენობა, არამედ ის, თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს სახელმძღვანელოს ან ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და არსებული პრობლემის გადასაჭრელად ყველა აუცილებელი რესურსის ათვისება.

მეტი საჭირო ცოდნა! - უკვე სკოლაში ფინელ ბავშვებს ასწავლიან იმას, თუ რა არის გადასახადები, ბანკები, ცნობები. მაგალითად, სკოლაში ბავშვებს ასწავლიან, რომ თუკი ბებია, დედა ან დეიდა მემკვიდრეობას დაუტოვებს, მას მოუწევს სხვადასხვა გადასახადების გადახდა.

კლასში ჩარჩენა სამარცხვინოდ არ ითვლება, იმიტომ რომ სკოლის შემდგომი ცხოვრებისთვის საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო.

ყველა ფინურ სკოლაში არის პედაგოგი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი მომავლის განსაზღვრაში. ის ბავშვის შესაძლებლობებს იკვლევს, მათი გემოვნების შესაბამისად უმაღლესი სასწავლებლის არჩევაში ეხმარება და თითოეული მოსწავლის მომავლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

მოსწავლეები თავად მიდიან ასეთ პედაგოგთან, ისევე როგორც ფსიქოლოგთან. ეს ნებაყოფლობითია, და არა სავალდებულო.

ფინურ სკოლებში გაკვეთილის დროს მოსწავლეს შეუძლია არ მოუსმინოს მასწავლებელს და დაკავდეს თავისი საქმით. მაგალითად, თუ ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი აჩვენებს სასწავლო ფილმს, მაგრამ მოსწავლეს არ სურს ფილმის ყურება, მას შეუძლია აიღოს ნებისმიერი წიგნი და წაიკითხოს. მთავარია, ხელს არ უშლიდეს სხვებს.

მასწავლებლების აზრით, "მთავარია მოტივირება და არა სწავლის დაძალება"

ყოველთვიურად კურატორი მშობლებს მოსწავლის მოსწრების ფურცელს უგზავნის. დღიურები მოსწავლეებს არ აქვთ. გამოსაშვები გამოცდები სავალდებულო არაა. საკონტროლო და შუალედური გამოცდების დანიშვნა უშუალოდ მასწავლებლის პრეროგატივაა.

ფინეთში სამომავლოდ სკოლის სასწავლო პროგრამიდან საგნების ამოღებას გეგმავენ. ჰელსინკის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიო კილონენის განცხადებით, სწავლების მეთოდი, რომელიც ამჟამად გამოიყენება არის მოძველებული და იგი სარგებლის მომტანი მხოლოდ 1900-იან წლებში იყო. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მოსწავლეებთან მოდერნიზებული სწავლების მეთოდები უნდა დაინერგოს. მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ადამიანების საჭიროებები იცვლება და საჭიროა სწავლების ახალი მეთოდების შემოღება, რათა მოსწავლეებს აზროვნების და განვითარების საშუალება მიეცეთ.

ამ მიზნით იგეგმება სასწავლო პროგრამიდან ყველა საგნის ამოღება, რომლებიც ჩანაცვლდება სწავლების ინდივიდუალურ მეთოდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს აღარ ჩაუტარდებათ მათემატიკის, გეოგრაფიის ან ისტორიის გაკვეთილები. მათი გაკვეთილების შინაარსი მაგალითად შეიძლება იყოს მეორე მსოფლიო ომი, მათემატიკის პერსპექტივები და ა.შ. ასევე მაგალითად გაკვეთილი "კაფეში მუშაობა", რომელიც სტუდენტებს ინგლისური ენის, ეკონომიკისა და კომუნიკაციის უნარების დახვეწაში დაეხმარება.

ახალი სისტემა, რომელიც 2020 წლისთვის ამოქმედდება, 16 წლის მოსწავლეებზე იქნება გათვლილი, რის შემდეგაც მოზარდს ექნება ჩამოყალიბებული ინტერესები და ამის მიხედვით აირჩევს პროფესიას.

ინიციატორები აცხადებენ, რომ ახალი კონცეფციის ამოქმედების შემდეგ მოსწავლეები ცალკეული საგნის გაკვეთილებზე აღარ ისხდებიან უინტერესოდ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლემ იცის რომ ფიზიკა მას მომავლის პროფესიაში არ სჭირდება, ამ საგანზე დროს ტყუილად ხარჯავს. ამის ნაცვლად, მათ საშუალება ექნებათ გამოიმუშავონ სხვადასხვა უნარი და გამოკვეთონ საკუთარი ინტერესები, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებენ.

ფინეთის განათლების სისტემა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს გუნდურ მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მოსწავლეები პროექტებზე ცალკე არ მუშაობენ, ისინი მცირე ჯგუფებში სწავლობენ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას.

ჰელსინკის მასწავლებელთა 70%-მა ახალი სისტემისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისის ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

"გელათის მხატვრობის განადგურება ჩემი ბრალი ყოფილა" - "ფეისბუქში" გავრცელებული ვიდეო და საპასუხო ბრალდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს - რა გახდა ამის მიზეზი?