ავტორი:

"ოცნებები და ბავშვობა წამართვით, როგორ ბედავთ?!" - 16 წლის გოგოს გამოსვლა გაერო-ს სამიტზე ინტერნეტით ვირუსულად ვრცელდება

"ოცნებები და ბავშვობა წამართვით, როგორ ბედავთ?!" - 16 წლის გოგოს გამოსვლა გაერო-ს სამიტზე ინტერნეტით ვირუსულად ვრცელდება

16 წლის შვედ გოგონას თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს - გრეტა ტუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი სამუშაოსთვის, რომელსაც ის ეწევა ახალგაზრდებს შორის კლიმატის ცვლილებების საკითხზე.

გუშინ კი გოგონა კიდევ ერთხელ იქცა ინტერნეტვარსკვლავად - ის გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე ემოციური სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერები მკაცრად გააკრიტიკა. ტუნბერგმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა მას ბავშვობა „ცარიელი სიტყვებით“ მოჰპარეს.

„ახლა აქ არ უნდა ვიდგე, სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის გაღმა. როგორ ბედავთ? ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა ცარიელი სიტყვებით მომპარეთ,“ - მიმართა აუდიტორიას 16 წლის მოსწავლემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ლიდერების დაშვებით ნადგურდება ეკოსისტემები, პოლიტიკოსებს კი მხოლოდ „ფული ადარდებთ“ და ჰყვებიან „ზღაპრებს დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე“.

„ახალგაზრდები უკვე ხვდებიან, რომ გვიღალატეთ. მომავალი თაობები თქვენ შემოგცქერიან და თუ არ გაამართლებთ ჩვენს იმედებს, არასოდეს გაპატიებთ. მსოფლიო ნელ-ნელა იღვიძებს და ცვლილებები გარდაუვალია, მოგწონთ თუ არა ეს,“ - აღნიშნა გრეტამ.

მისი გამოსვლა მედიითა და სოციალური ქსელების საშუალებით ვირუსულად გავრცელდა. ასევე, ათასობით ადამიანმა გააზიარა ვიდეო, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დანახვისას ტუნბერგის რეაქცია ჩანს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">I felt that <a href="https://t.co/0uuYf94COb">pic.twitter.com/0uuYf94COb</a></p>&mdash; marv (@mrvndn) <a href="https://twitter.com/mrvndn/status/1176163478706384896?ref_src=twsrc%5Etfw">September 23, 2019</a></blockquote>

ტრამპი, რომელიც უამრავი მეცნიერის დასკვნის მიუხედავად აცხადებს, რომ არ ჰგონია, კლიმატის ცვლილებები ადამიანის ბრალი იყოს, დარბაზში შევიდა. ვიდეოში ჩანს, როგორი გაბრაზებული უყურებს მას შვედი გოგონა.

VIDEO: გრეტა თუნბერგის რეაქცია, როდესაც ჰორიზონტზე დონალდ ტრამპი გამოჩნდა

ჟურნალმა Time-მა გრეტა ტუნბერგი 2018 წლის ერთ-ერთ გავლენიან მოზარდად დაასახელა. ის გასულ წლებში სიტყვით გამოვიდა გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ "ლიდერები უნდა იქცეოდნენ ისე, თითქოს სახლში ხანძარია, რადგან ეს მართლაც ასეა".

გოგონა ერთი თვის განმავლობაში მართავდა ერთკაციან საპროტესტო აქციას შვედეთის პარლამენტის წინ მოთხოვნით, მეტი ძალისხმევა დაეთმოს კლიმატური ცვლილებების საკითხს.

გრეტა 2003 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. დაახლოებით 8 წლის ასაკში გაიგო პირველად კლიმატის ცვლილების პრობლემის შესახებ და მას შემდეგ თემით აქტიურად დაინტერესდა. მოგვიანებით გოგონას ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს - ეს არის განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.

TEDxStockholm-ზე გამოსვლისას თინეიჯერმა აქტივისტმა თავის დაავადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ის მხოლოდ მაშინ საუბრობს, როცა საჭიროა და ახლა სწორედ ის დროა, ილაპარაკოს".

ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

სერბეთის ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი კორონავირუსით დაიღუპა

"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად