მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გივი ამირხანაშვილის თქმით, მაშველებმა მდინარე არღუნის ნაპირზე სამი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, რომელიც ხევსურეთში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანთან ერთად დაიღუპა.
”სამწუხაროდ, ბავშვი გარდაცვლილია. მაშველები განაგრძობენ კიდევ ერთი ბავშვის - 4 თვის ჩვილის ძებნას. მდინარე არღუნი, რომლის ხეობაშიც ტრაგედია დატრიალდა, ჩეჩნეთში გადადის. ტრაგედიის ადგილიდან მდინარე, საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 2 კილომეტრიან მონაკვეთს გადის”, - განაცხადა ამირხანაშვილმა.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ეცნობა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურსაც. გივი ამირხანაშვილი იმედოვნებს, რომ თუკი მდინარე ბავშვს ჩეჩნეთში გამორიყავს, ამის შესახებ ქართულ მხარეს შეატყობინებენ.