ავტორი:

გულშემატკივარის წერილი "ბორჯღალოსნებს" ურუგვაისთან თამაშის წინ - "ტელევიზორის წინ, მეც თქვენთან ერთად შევერკინები მეტოქეს!"

გულშემატკივარის წერილი "ბორჯღალოსნებს" ურუგვაისთან თამაშის წინ - "ტელევიზორის წინ, მეც თქვენთან ერთად შევერკინები მეტოქეს!"

ლადო გოგოლაძის ბლოგი

იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი, ქართველებისთვის 23 სექტემბერს დაიწყო. უელსის უძლიერეს ნაკრებთან, ჩვენი გუნდი დამარცხდა. რაგბი ისეთი სპორტია, სადაც მოულოდნელობები ძალიან იშვიათად ხდება. სამწუხაროდ 23 სექტემბერს ეს მოულოდნელობა არ მოხდა და წავაგეთ.

რაგბი ისეთი სპორტიცაა სადაც თავს ვერ დაზოგავ, რაც უფრო დაზოგავ თავს, მით უფრო დიდი შანსია რომ სერიოზულად დაიზიანო თავი. რაგბის ხიბლი ბოლომდე ბრძოლაა, თავდაუზოგავი და ხშირად საკუთარ თავზე გადახტომაც რომ გიწევს, ეგეთიც. რაგბი ძალისმიერი ჭადრაკია, სადაც თხუთეტივე ფიგურას მკაცრად გაწერილი სამოძრაო ადგილი აქვს, უბრალოდ იმ ნამდვილი ჭადრაკისაგან განსხვავებით, აქ თხუთმეტიდან, თხუთმეტივე პაიკია და თან, თხუთმეტივე მეფეა.

რაგბს მარტო ვერ მოიგებ, ეგაა ზუსტად ამ თამაშის უმთავრესი ხიბლი - გუნდი, რომელიც ერთ ხორცადაა შეკრული ერთად იგებს და თუ აგებს, მაშინაც ერთად აგებს.

ქართველებს ხშირად გვითქვამს რომ რაგბი ჩვენი თამაშია, მაგრამ ჩვენი თამაში სხვისი კრიტიკა უფროა. უელსთან წაგების გამო, ბევრმა ძალიან მწარედ გააკრიტიკა "ბორჯღალოსნები" (ჯანსაღ კრიტიკაზე არაა აქ საუბარი, თორემ ჯანსაღი კრიტიკა, აუცილებელიც კია) თითქოს უელსთან კი არა, გერმანიის ან ბელგიის ნაკრებთან წაეგოთ და თითქოს მათზე მეტად ვინმეს უნდოდა მოედნიდან გამარჯვებული გამოსვლა.

ბიჭებო, თქვენ მაინც გამარჯვებული გამოხვედით და ყოველთვის ასე იქნება! დარწმუნებული ვარ, მოგებებთან ერთად, მომავალში დამარცხებაც მოგვიწევს, მაგრამ ვიცი, რომ ყველა თამაშში იქნება ომი, რომელსაც ეყოლება გამარჯვებული, თუმცა არ ეყოლება დამარცხებული. არასოდეს იქნება შერცხვენილი "ბორჯღალოსანი", ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და მომავალშიც ასე იქნება.

თქვენ ის ქართველები ხართ, ვინც გვჭირდება, სამშობლოს სჭირდება! ჩვენ ყველაფრის ექსპერტებად ვიქეცით, თქვენზე უკეთ ვიცით, სად და რა დროს უნდა მივცეთ პასი, ხაზის გაჭრაშიც ბევრად მაგრები ვართ ვიდრე თქვენ, შერკინებაში ცოტათი ვჭიდაობთ, ხანდახან გვჯობნით, მაგრამ უფრო ხშირად ჩვენ ვიმარჯვებთ, გარდასახვებში ბადალი არ გვყავს, უბარლოდ ჩვენ შორის ერთი სხვაობაა - ჩვენ ტელევიზორის ეკრანის წინ ვსხედვართ და თქვენ იბრძვით, რათა ჩვენ, გაგვახაროთ და გამოგდით კიდეც!

29 სექტემბერს მორიგი თამაშია. ურუგვაის ნაკრებთან უნდა დაამტკიცოთ თქვენი სიძლიერე. ურუგვაიმ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯერჯერობით ერთადერთი სენსაცია გამოაცხო - ფიჯის ნაკრები დაამარცხა და ამან იმხელა გული მისცა, ახლა ჩვენზეც იწევენ და იქადნებიან.

ვიცი, 29-ში მოედანზე გასვლის წამიდან, ყველაფერს იზამთ რომ წლევანდელ მსოფლიოზე, პირველი გამარჯვება მოიპოვოთ, ურუგვაის კარგ გუნდს და მართლაც მაგარ ბიჭებს, მიუჩენთ თავის ადგილს და აჩვენებთ რომ ბრძოლაში ბედნიერები ხართ. არავის ეგონოს, რომ თქვენი ბრძოლა მხოლოდ 80 წუთი გრძელდება, თქვენი კარიერა სულ ბრძოლაა. მომზადება მთავარი ბრძოლისთვის და ამის დასრულების მერე, ისევ ახალი მზადება და ასე დაუსრულებლად.

კვირას, ტელევიზორის წინ დავჯდები, თქვენთან ერთად ვიმღერებ ჰიმნს, ღმერთს ვეტყვი, ამ მაგარ ბიჭებს მიეცი ჩემი ჯანი, იქნებ რამეში გამოგადგეთ და თქვენთან ერთად მეც შევერკინები მეტოქეს, მეც ის მეტკინება რაც თქვენ და მეც ის "ლელო" გამახარებს, რომელიც თქვენ! თქვენთან ერთად მეც დავიღლები და მეც ვიქნები ბრძოლაში ბედნიერი, რადგან - რაგბი ჩვენი თამაშია!!!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

ფოტო: TAMUNAPHOTO

რა ფოტოები გადაიღო მარსმავალმა პლანეტაზე 7 წლის განმავლობაში? - ყველაზე საინტერესო კადრები NASA-სგან

დასაუთოვებელი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი მოდაში შემოდის - გლობალური დათბობის გავლენა მოდის ტენდენციებზე

როგორები იქნებოდნენ იულისიუს კეისარი, ნეფერტიტი, ნაპოლეონი თანამედროვე ეპოქაში -18 გათანამედროვებული პორტრეტი