ავტორი:

"რა ძარცვა? ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს" - ბრალდებულების ადვოკატი და პროკურორი ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე

"რა ძარცვა? ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს" - ბრალდებულების ადვოკატი და პროკურორი ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებულების საქმის პროკურორი, ნათია ქომოშვილი ამბობს, რომ არსებობენ თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, როგორ განახორციელეს ბრალდებულებმა გარდაცვლილის ჯგუფური ძარცვა.

„მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარმადგინა, მათ შორის, პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს საქმეზე ბრალდებულ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენას.

არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ თვითმხილველები არიან თუ როგორ განახორციელეს საქმეზე ბრალდებულებმა ჯგუფურად ძარცვა

მტკიცებულებების შინაარსს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარის მიერ უშუალოდ, იმ დანაშაულთან დაკავშირებით იყო მოთხოვნილი, რაზეც დაკავებულებს ბრალი წარედგინათ, ეს არის ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის ფაქტი.

რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ მუხლით რომელიმე ბრალდებული პასუხისგებაში არ არის მიცემული“, - განაცხადა ქომოშვილმა.

თუმცა, ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი წიწილაშვილის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ირწმუნება, რომ ძარცვას ადგილი არ ჰქონია და გარდაცვლილმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ პირებს მობილური ტელეფონი ნებაყოფლობით გადასცა, რომელიც დაკავებულებმა ლომბარდში ჩააბარეს.

"შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უკან უნდა დაებრუნებინათ. რომელ ძარცვაზეა საუბარი?

ტელეფონი ნებითაა მიცემული, ჯგუფურად ძალადობრივად არ არის წართმეული. როცა ტელეფონს აბარებდნენ, იცოდნენ, რომ ვიდეოკამერის ქვეშ აბარებდნენ, ყველა ლომბარდშია ვიდეოკამერა. გარდა ამისა, ხელშეკრულებაც იდება. ტელეფონი ტაქსის მძღოლის სახელზეა დალომბარდებული“, - აცხადებს როსტიაშვილი.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, შესაბამისად, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.

„მოხარული ვიქნები, თუ იმ დონის გამოძიება იქნება, რომ შეძლოს დაადგინოს, სახურავზე რა მოხდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში თვითონ გამოცხადდა, მეც იქ ვიყავი, როცა პოლიციას უთხრა, მოვდივარო, რომელ მიმალვის საფრთხეზეა საუბარი?“ - აცხადებს ზურაბ როსტიაშვილი.

ცნობისთვის, ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს. მათგან ორი არასრულწლოვანია. დაკავებულებიდან 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს

"უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიერ ქმედების ჩადენა" - რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - "გამოძიება შეცდომაში არის შესული"