ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომერი #10(106), რომელშიც წაიკითხავთ:

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, სავარაუდოდ, ბაკურ იბერიელის თაოსნობით არის დაარსებული

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში 1969-1973 წლებში გამოვლინდა არქეოლოგიური მასალა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ მონასტერი მისი პირველი ტაძრითურთ 395 წლის წინა, ახლო პერიოდში აშენდა. აღმოჩენის ავტორ ათანასიოს ეკონომოპულოსის შეფასებით, მონაცემები მეტყველებენ, რომ ჯვრის მონასტრის დაარსების სათავეებთან იმპერატორი კონსტანტინე დიდი იდგა. ბიზანტიური პერიოდის წერილობით წყაროებში კი ნახსენები არ არის ჯვრის სახელობის მონასტერი, თუმცა, ეკლესიას ამ სახელით უკვე IV საუკუნის 80-იანი წლებიდან იცნობენ.

პეტრე იბერის “ცხოვრების” ავტორ იოანე რუფუსის ცნობით, იერუსალიმთან მიახლოებულმა პეტრემ და მისმა თანმხლებმა იოანე ლაზმა ერთ-ერთი მაღლობიდან იხილეს “მაცხოვნებელი და სათაყვანებელი ჯვრის ეკლესია, წმინდა აღდგომის ეკლესია, ...სათაყვანებელი ამაღლების ეკლესია”. შემდეგ, როგორც იგივე მწერალი მოგვითხრობს, მათ იარეს მანამდე, “სანამ არ მიაღწიეს ქალაქის წმინდა გალავანს, თვით სათაყვანებელი ჯვრის (მე ვგულისხმობ წმინდა გოლგოთას) კვარცხლბეკს და წმინდა აღდგომის ეკლესიის საფუძველს არ მოეხვივნენ”.

ავტორის განმარტება, რომ “ჯვრის” სახელით ის წმინდა გოლგოთას გულისხმობს, იმ დროს (პეტრე და იოანე იერუსალიმში პირველად 437/438 წელს გამოჩნდნენ) მსგავსი სახელის მქონე სხვა საკულტო ადგილის არსებობაზე მეტყველებს. პეტრე იბერის წმინდა მიწაზე გამოჩენამდე, ქართველთაგან იქ უკვე საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე აიგო ბირ ელ-ქუტის მონასტერი. ცნობილია მისი სავარაუდო ქტიტორიც - პეტრე იბერიელის სახელგანთქმული პაპა ბაკურ იბერიელი. 382-394 წლებს შორის ბაკურ იბერიელი პალესტინაში მაღალი რანგის რომაული სამხედრო-სამოხელეო სტატუსით იმყოფებოდა...

მთიულთა მონაწილეობა სპარსეთზე გალაშქრებაში ქართული ფოლკლორის მიხედვით

ქართულ ხალხურ პოეზიაში ასახულია საყურადღებო ისტორიული ფაქტები, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები. ზოგიერთი ასეთი ტექსტი უნიკალურია, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია სხვა წყაროებში ან მკრთალად შემორჩა, ანდა საერთოდ არ შემოგვენახა.

ლომისობის დღესასწაულზე მთიულები ტრადიციულად მღერიან უძველეს სალაშქრო სიმღერას, ე.წ. ფერხისას. ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და ფოლკლორისტმა პეტრე უმიკაშვილმა სიმღერა 1876 წელს ხევში ჩაიწერა: “ხოროშან ლაშქარად ვიყვენით / ჩვენ ლომნი ლომისისანი...” იმავე სიმღერის სხვა ვარიანტი ჩაიწერა ცნობილმა ფოლკლორისტმა ელენე ვირსალაძემ მთიულეთში 1950 წელს.

მისი მთქმელის, შაქრო ბურდულის განმარტებით: “თათრები სცარცვავდნენ ხატებს. ლომისას ხატი წაუღიათ ხორასანში. ბურდულების მეთაურობით წამოუღიათ ხატი ხორასნიდგან. ამაზეა ლექსი”. ამას გარდა, ჩაწერილია სიმღერის კიდევ ორი ვერსია და ყველგან იხსენიება ხორასანი. საგულისხმოა, რომ ხორასანი ასევე იხსენიება მთიულეთის სალოცავთა დეკანოზების დამწყალობნების ტექსტებში.

XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოსა და ხორეზმის სახელმწიფოებს შორის მწვავე დაპირისპირება არსებობდა. ქართველმა სარდლებმა თამარ მეფეს სპარსეთში გალაშქრების ნებართვა სთხოვეს. საქართველოს ჯარმა დალაშქრა ჩრდილოეთ ირანის ქალაქები, იქიდან კი “უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი”. აქედან ქართველთა მხედრობა უკან გამობრუნდა...

მთიულურ საბრძოლო სიმღერაში კი ასახულია მთიულ მხედართა მონაწილეობა საქართველოს სამეფოს ჯარის მიერ სპარსეთში მოწყობილ ძლევამოსილ ლაშქრობაში, რომელიც 1210 წელს მოეწყო.

სპორტის აკრძალული სახეობები

ინგლისის მეფე ედუარდ II (1307-1327) ამტკიცებდა, რომ ფეხბურთი მის ჯარისკაცებს დროს ართმევდა და ნაცვლად იმისა, რომ სამხედრო საქმეში დახელოვნებულიყვნენ, ბურთს, უფრო სწორად, ღორის გაბერილ საშარდე ბუშტს დასდევენო. 1314 წელს ლონდონის მერმა ქალაქის მასშტაბით ფეხბურთი აკრძალა, თუმცა ეს არ ეხებოდა ჩელსისა და ფულჰემის დღევანდელი სტადიონების მიმდებარე ადგილებს...

700 წლის წინ ლონდონში 80 ათასი კაცი ცხოვრობდა. იმდროინდელი ქრონიკებიდან ირკვევა, რომ მაშინ ერთდროულად ათას კაცსაც კი უთამაშია ფეხბურთი ქუჩაში, ყოველგვარი წესების გარეშე. გაბერილი ბუშტის დევნისას ყველაფერს აზიანებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობის შეფასებით, ასეთი მატჩის შემდეგ ქალაქისთვის მიყენებული ზარალი - ჩამსხვრეული ფარნები, ფირნიშები, ფანჯრის მინები, გადათელილი დახლები - ისეთ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომ მისით საკმაოდ მრავალრიცხოვან სამხედრო რაზმს შეინახავდნენ.

ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუა საუკუნეების ფლორენციაში (აქ მას კალჩო ფიორენტინოს უწოდებდნენ), მატჩებს მართავდნენ უფლის გამოცხადების დღესასწაულზე და დიდმარხვის დასაწყისში. ერთი ასეთი შეხვედრა 1490 წელს გაიმართა და 50 წუთს გასტანა, თითოეულ გუნდში 27 ფეხბურთელი თამაშობდა, როგორც ფეხით, ისე ხელით. მატჩები ეწყობოდა ვენეციაშიც, სადაც ერთ-ერთ შეხვედრაში პოლონეთიდან გაძევებული მეფე ჰენრიკ ვალესა მონაწილეობდა, რომელსაც ფეხბურთზე უთქვამს: “ეს მატჩი მეტისმეტად პატარაა, რომ მას ომი ვუწოდოთ, მაგრამ მეტად საშინელია, რომ მხოლოდ თამაში ერქვას”.

სტრასბურის ტაძარი

სტრასბურის საკათედრო ტაძარი, იგივე სტრასბურის ნოტრ-დამი, მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყო 227 წლის განმავლობაში. ის ყველაზე მაღალია შუა საუკუნეებში დასრულებულ ნაგებობებს შორის, ტაძრებს შორის მეექვსეა სიმაღლით და ამასთან, ქვიშაქვით აგებული მსოფლიოს უდიდესი შენობაა. პირველად აქ ქრისტიანული ეკლესია ძველი რომაული ტაძრის ადგილას აშენდა. ის ხანძარმა იმსხვერპლა, ისევე როგორც მისი მემკვიდრე ნაგებობები.

1176 წელს გადაწყდა ეკლესიის აგება, რომელიც უფრო ლამაზი იქნებოდა, ვიდრე იმხანად ახლად დასრულებული ტაძარი ბაზელში... 1225 წელს უკვე აგებული ნავის ნაწილები დაშალეს, რათა მშენებლობა ახალდაბადებულ ე.წ. მაღალ გოტიკურ სტილში განეგრძოთ, რომელიც შარტრის ტაძარში მომუშავე ჯგუფმა შექმნა. შედეგად ტაძარში, ისევე როგორც მთელ სტრასბურში, ერთდროულად ჩანს ფრანგული და გერმანული კულტურული გავლენა.

ტაძრის საერთო სიგრძეა 112 მეტრი. ჩრდილოეთის კოშკის შპილის სიმაღლე - 142 მეტრი. გამორჩეულია ვიტრაჟები, სახელგანთქმული “იმპერატორთა ფანჯრები”, ნატურალური ზომის ქანდაკებების ჯგუფი “ქრისტე ელეონის მთაზე” (1498). ქალაქის საბჭომ 1524 წელს ტაძარი პროტესტანტებს გადასცა. 1539 წელს კათედრალში დაიდგა საშობაო ნაძვის ხე, რაც დოკუმენტურად დადასტურებული მსოფლიოში პირველი ნაძვის ხეა. 1681 წელს ლუდოვიკო XIV-მ შენობა კათოლიკეებს დაუბრუნა.

ევროპაში ერთ-ერთ ულამაზესად ითვლება სტრასბურის ტაძრის წინ ქალაქის მოედანიც, რომელზეც შვაბური არქიტექტურის 4-5-სართულიანი სახლები დგას. მათ შორის ყველაზე ცნობილია XV საუკუნეში აგებული კამერცელის სახლი.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ქვაში ნაკვეთი ინდოეთის ქალაქები
  • მოკლე ამბები. თეიმურაზ II-ის პორტრეტი ერეკლე მეფის სასახლეში
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - თამარ მეფის გვირგვინი
  • ქართველები და რუსეთის იმპერია. ქართველი კანვოელების უჩვეულო ისტორიები
  • სიახლე. “ქართველ მეფეთა” სერიას 12 ტომი, ანუ 12 მეფის ბიოგრაფია დაემატება
  • რეპორტაჟი ჯავახეთიდან. მოგზაურობა მშობლიურ მხარეში
  • პერსონა. თამარ გამსახურდია - შტრიხები პორტრეტისთვის
  • ძველი სამყარო. ჩინეთის პირველი იმპერატორის მარადიული ომი დროის წინააღმდეგ / ცინ შ’ ხუანგტის ტერაკოტის არმია 8000 ჯარისკაცს ითვლის
  • სამხედრო საქმე. “ბრძოლა ბრძოლაში” - შატო უგომონის დაცვა (1815 წლის 18 ივნისი) / ვატერლოოს საკვანძო დაპირისპირება
  • ცხოვრება. უბრალო, როგორც წყლის წვეთი...
  • ახალი ამბები. ქართულ-ბალტიური კავშირების მატიანე / ქართველი მეცნიერის წიგნის პრეზენტაციები ლატვიაში
  • სადაზვერვო თამაშები. შეყვარებული სპეცაგენტის თავგადასავალი (გაგრძელება)
  • ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს