ავტორი:

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

21-ე საუკუნის საქმიანი ქალისთვის შილაკი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენაა, რადგან ჩვეულებრივი ლაქისგან განსხვავებით, ფრჩხილები დიდი ხნით ინარჩუნებს ფორმას, მდგრადია და მოვლილად გამოიყურება.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს კომფორტული საშუალება სულაც არ არის უსაფრთხო. სამედიცინო სფეროში კამათის საკითხია შილაკის შრობის პროცესი, რომელიც სპეციალური ულტრაიისფერი (ზოგიერთ შემთხვევაში LED) ნათურით ხდება და შესაძლოა, ის ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ამერიკული ორგანიზაციის სპეციალისტები.

დაავადების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა სრულად მისი გამორიცხვა არ შეიძლება.

დერმატო-ვენეროლოგ სოფო ლილუაშვილს შილაკის საფრთხეებზე ვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს, გელ-ლაქის ხშირი კეთების გამო დაზიანებული ფრჩხილებით. მკურნალობა კი არც ისე მარტივია, საკმაოდ დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

- ფრჩხილს რომ აზიანებს, ფაქტია, იწვევს ონიქოდისტროფიას. ფრჩხილის ანატომიის დარღვევას და მექანიკურ დაზიანებას. ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ონიქოდისტროფია და შილაკის ფონზე დაზიანებული ფრჩხილები, ადვილად ჩნდება სოკოვანი დაავადებაც. ამ დროს ფრჩხილის ქსოვილი დაშლილია, არაერთგვაროვანია და მარტივად შეღწევადია სპორებისთვის.

- შილაკის კეთებისას ფრჩხილის ხარისხი ფუჭდება?

- დიახ, თხელდება, განშრევებულია ფრჩხილი და არ არის ერთგვაროვანი, სიგრძივი დაზოლვა აქვს, შემღვრეული შეფერილობა. მოგეხსენებათ, შილაკის შემადგენლობაში შედის ფორმალდეჰიდი, ამასთანავე მისი გაკეთების პროცესში ფრჩხილი მექანიკურადაც ზიანდება - ხდება ფრჩხილის დაქლიბვა, რაც ჯანმრთელი ფრჩხილის შემთხვევაში რეკომენდირებული არ არის.

ძალიან ხშირად მოგვმართავენ პაციენტები ამ პრობლემით და ონიქოდისტროფია ძალიან რთული სამკურნალოა. დიდ დროს, ძალისხმევას მოითხოვს და და ყველაფერთან ერთად ძვირიც ღირს. ამ დროს, უნდა ვაცადოთ ფრჩხილს ბოლომდე ამოსვლა, მთლიანად უნდა შეიცვალოს ფრჩხილის ფირფიტა და ეს მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა ნამდვილად არ არის.

- რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება, ისე რომ ფრჩხილი არ დაგვიზიანდეს?

- ჩვენთან როდესაც მოდის პაციენტი, უკვე დაზიანებული ფრჩხილებით, საერთოდ ვუკრძალავთ შილაკის გაკეთებას, რადგან ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და ყოველთვის შეიძლება თავიდან განვითარდეს დაავადება. რაც შეეხება სიხშირეს, თუ ფრჩხილი იტანს, შეიძლება 6 თვეში ერთხელ გაკეთდეს.

- ზოგადად ცნობილია, რომ ფეხის ფრჩხილი უფრო მაგარია, ამ შემთხვევაში როგორია შილაკით დაზიანების მომართვიანობა?

- ფეხის ფრჩხილის დაზიანებითაც ბევრი პაციენტი მოდის. ზოგადად, ფეხზე უფრო მაგარია ფრჩხილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ დაზიანდება.

- ჩვეულებრივი ლაქის წასმის შემთხვევაში თუ შეიძლება დაზიანდეს ფრჩხილები?

- ამ დროსაც ზიანდება თუ არასწორად იკეთებენ, მექანიკურად აზიანებენ, ამ შემთხვევაშიც შეიძლება მივიღოთ ცუდი შედეგი, მაგრამ პროცენტულად უფრო ნაკლები პაციენტი მოდის ლაქით დაზიანებული ფრჩხილებით, ვიდრე შილაკით.

- არსებობს მოსაზრება, რომ შილაკის კეთებისას გამოყენებული სპეციალური განათება დამაზიანებლად მოქმედებს და კიბოს რისკს ზრდის...

- სავარაუდოდ, ეს არის ულტრაიისფერი ნათება და ვეთანხმები, რომ აპროვოცირებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. თუმცა, ეს რამდენად შესაძლებელია ფრჩხილში, ვერ გეტყვით. თუ პრობლემა მანამდე არ არსებობდა, არა მგონია მხოლოდ ამან გამოიწვიოს. მაგრამ თუ საქმე გვაქვს ფრჩხილქვეშა საეჭვო წარმონაქმნთან, ამ შემთხვევაში ნამდვილად ვუკრძალავთ შილაკს.

შილაკმა გარდა იმისა, რომ შესაძლოა, ფრჩხილის სერიოზული დაავადების გამომწვევი გახდეს, აღმოჩნდა, რომ ოპერაციის გაკეთებისას მცირეოდენი დისკომფორტიც შექმნას.

ამ თემაზე კომენტარისთვის AMBEBI.GE-მ ქირურგ ოთარ კეპულაძეს მიმართა:

- ეს დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ ანესთეზიოლოგებს, როდესაც პაციენტებს სატურაციას უკეთებენ. ამ დროს თითზე ამაგრებენ სატურატორს, რომლის საშუალებითაც ზომავენ სისხლში ჟანგბადის მომარაგებას და პულსს. სასურველია ერთი თითი იყოს თავისუფალი და მედიცინაში, როდესაც რაღაც სასურველია, ის აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. გეგმიური ოპერაციების დროს, პაციენტს ყოველთვის ვაფრთხილებთ.

- გადაუდებელი შემთხვევის დროს რა ხდება, შილაკის მოცილება წამიერად, აცეტონით არ ხდება...

- ამ შემთხვევაში სხვა ადგილიდან ვსაზღვრავთ სატურაციას.