ავტორი:

შსს განმარტავს, რატომ დააკავეს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დედა-შვილი

შსს განმარტავს, რატომ დააკავეს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დედა-შვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს (ნაირა ოტიაშვილი) 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა.

კერძოდ, ბრალდებულებმა - ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა - ნ.ო. (ნაირა ოტიაშვილი).

გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოტიაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ნაირა ოტიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი. ოტიაშვილის განცხადებები მოკლული ანა ნაცვლიშვილის მისამართით კრიტიკის საგანი გახდა. მოკლული გოგონას მამა, მამუკა ნაცვლიშვილი ამბობდა, რომ მისი შვილის მისამართით გაკეთებული არაეთიკური განცხადებების გამო, ადვოკატთა ასოციაციიდან ოტიაშვილს გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

კრიტიკული განცხადება ოტიაშვილის მისამართით მაშინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ბრალდებულის ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის მხრიდან თემქაზე მოკლული გოგონას პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია.

მოკლული გოგონას მამა მამუკა ნაცვლიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მზად არის, სასამართლოში ადვოკატის წინააღმდეგ ჩვენებაც კი მისცეს.

„არავის ციხეში ჩასმას და არავის სიკვდილს ქრისტიანი ადამიანი არ ისურვებს, მაგრამ ეს ქალი ციხიდან გამოსაშვები არ არის. სულ მცირე, მას საადვოკატო ლიცენზია უნდა ჩამოერთვას. მან ჩემ შვილზე ისეთ რაღაც ილაპარაკა, რაც არც კანონით და არც ეთიკითაა გამართლებული.

„ეს არ არის ისეთი ადამიანი, ვის გამოც შეიძლება გამოხვიდე, გაამართლო და მხარი დაუჭირო. ეს შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრმა გააკეთოს და მისი ციხეში ჩასმა არ მოისურვოს. მივმართავ ადვოკატებს, რომლებიც მას იცავენ და გულშემატკივრობენ, გადახედეთ ნაირა ოტიაშვილის საქმიანობას. თუნდაც, ჩემი შვილის საქმეში მის როლს.

ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, ჩირქი რომ მოსცხო. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს. თუ საჭირო იქნება, სასამართლოშიც წარვსდგები ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ - შსს

ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს