ავტორი:

ინოვაცია და მეწარმეობა აგრო სექტორში - მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის კურსი BTU-ში ტარდება

ინოვაცია და მეწარმეობა აგრო სექტორში - მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის კურსი BTU-ში ტარდება

ჰოლანდიის მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერისტეტთან პარტნიორობით დღეს დაიწყო. კურსის ფარგლებში საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში მცხოვრები ბენეფიციარები გაეცნობიან მეწარმეობასა და ინოვაციებს აგრო სექტორში. კურსის მიზანია, გააცნოს მონაწილეებს აგროტურიზმის შესაძლებლობები და მისი კავშირი მეწარმეობასა და ინოვაციასთან.

როგორც ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი განმარტავს აგრო კულტურა ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ ქართველი ბენეფიციარებისთვის მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება.

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ასწავლის მეწარმეობას და ინოვაციებს აგროკულტურაში. აგროკულტურა კი ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულებაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ. მათ შორის არის საქართველოც, რადგან საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. პროგრამის მონაწილეები შეიძენენ ახალ უნარებსა და ცოდნას აგროსფეროში. ტექნოლოგიური განვითარებისა და ნოუჰაუს დანერგვა მათ განვითარების ახალ პერსპექტივას დაანახებს,“ - განაცხადა ელჩმა.

კურსი არის ინტერაქტიული და თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამის ფარგლებში სულ 10 შეხვედრა ჩატარდება. ტრენერები იქნებიან მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები. ბენეფიციარებს ერთი შეხვედრა ექნებათ ქართველ ტრენერთან, ნინო ზამბახიძესთან, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე და წარმატებული ფერმერია. რაც შეეხება მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლას, ეს არის ჰოლანდიის ყველაზე ძველი უნივერსიტეტი. როგორც მისი წარმომადგენელი პატრიკ მარტინსი განმარტავს, პროგრამა შექმნილია იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აგრარული მეწარმეობის მიმართულებით საქმიანობენ.

„პროგრამა სრულად არის დაფინანსებული ჰოლანდიური მხარის მიერ. პროექტის მთავარი მიზანი ამ მიმართულებით ინოვაციების დანერგვაა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს პროგრამა საქართველოშიც ტარდება. ამ ქვეყანაში აგრომიმართულებით სამეწარმეო ბაზა ძალიან დიდია. ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ ახალი სამეწარმეო უნარებისა და ინოვაციების დანერგვა მოხდეს. მომავალი 10 დღის განმავლობაში ჩვენ შევისწავლით ქართულ რეალობას და მონაწილეებს შევთავაზებთ იმ გადაწყვეტებს, რომლებიც მათი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის არის აუცილებელი. პროგრამა მოკლეა, მაგრამ საკმაოდ დინამიკურია. ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, ფოკუსირებას გავაკეთებთ აგროტურიზმზეც. საერთო ჯამში ჩვენი კურსი თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი იქნება,“ - განმარტა პატრიკ მარტინსმა.

ჰოლანდიის მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის ადგილობრივი პარტნიორი პროექტის ფარგლებში არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი, რომელიც 3 წლის წინ შეიქმნა, აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური ინოვაციების სხვადასხვა მიმართულებით დანერგვაზე. მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლასთან პარტიორობაც ამ სტრატეგიის ფარგლებში მოხდა. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, უნივერსიტეტი ცდილობს მოიცვას ქვეყნის ყველა ის ინდუსტრია, რომელშიც სამეწარმეო საქმიანობა აქტიურია.

„სილიკონ ველი თბილისში“ გუშინ დავაანონსეთ სამეწარმეო კალენდარი, რომელიც გულისხმობს მეწარმეობას მხარდაჭერას და ხელშეწყობას მთელი რიგი მიმართულებებით. მათ შორის არის აგრომიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის ტიპის პარტნიორი გვყავს აღნიშნულ პროექტში. ეს არის საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც ძალიან მაღალრეიტინგული პროგრამა აქვს. პროგრამა შეთავაზებულია არა მხოლოდ საქართველოს ტერიროტიაზე მცხოვრები, არამედ რეგიონალური ბენეფიციარებისთვის. 10 დღის განმავლობაში ისინი შეისწავლიან სფეროს უახლეს მიღწევებს, ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც მათ დაეხმარება, რომ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული ბიზნესი ჰქონდეთ. ჩვენ კი ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა ის ინდუსტრაია, რომელშიც ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობა აქტიურია. აგრარული მიმართულებაც სწორედ ამიტომ დავიწყეთ აქტივობა. ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია აგროკულტურაში ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

სასერტიფიკატო კურსი სფეროში მომუშავე ბენეფიციარებისთვის სრულად დაფინანსებულია.